კომუნალური გადასახადები

საქმე: ხალხი კომუნალური გადასახადების წინააღმდეგ

„ქმედება იწვევს უკუქმედებას”

ისააკ ნიუტონი

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე დღევანდელ გარემოში, როდესაც მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებაც კი არ არის შესაძლებელი ამ უკანასკნელის გარეშე. წარმოიდგინეთ მეათე სართულზე ლიფტის გარეშე სიარული, ყოველდღე, დღეში 4-ჯერ და ტექნიკური ხარვეზების გამო გვირაბში გაჭედილი მეტროს ვაგონი. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სიტუაცია დღესდღეობით თითქმის ფანტაზიის სფეროა, თუმცა იყო დრო, როდესაც ეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ის ყოველდღიურობას წარმოადგენდა.

მათ, ვისაც ახსოვს ბნელი 90-იანები, კარგად ემახსოვრება ელექტროენერგიის არქონის პოპულარული მიზეზებიც: „მეცხრე ბლოკი გაითიშა”, „ტრანსფორმატორი გადაიწვა”, „გადამცემი ხაზი დაზიანდა”, „მეცხრე ბლოკი ისევ გაითიშა”. ეს ყველაფერი კი განპირობებული იყო გადამცემი ინფრასტრუქტურის გაუმართაობით. ანუ, ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის გადანაწილება ვერ ხდებოდა ოპტიმალურად.

ელექტროენერგიის ელექტროსადგურიდან თქვენს მაცივრამდე გასავლელი გზა რამდენიმე საფეხურისაგან შედგება:

• პირველ რიგში, ხდება ელექტროენერგიის გენერაცია ჰიდრო ან თბოელექტროსადგურების მიერ

• გენერირებული ელექტროენერგიის გადაცემა

• და ბოლოს, ნაწილდება მომხმარებლებს შორის

ქსელი საკმაოდ კომპლექსურია და გარდა საოპერაციო ხარჯებისა, ასოცირდება პირველად ინვესტიციებთან, რომელიც საბოლოო ტარიფის 75-80%-ს შეადგენს.

დღესდღეობით 1 კვტ/სთ ელექტროენერგია 16 თეთრი ღირს. ფასის წარმოება კი სამი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ხდება:

ელექტროენერგიის წარმოების ფასი (საშუალო შეწონილი ტარიფი) 4.65 თეთრი / კვსთ

ელექტროენერგიის გადაცემის / დისპეტჩერიზაციის ფასი 0.83 თეთრი / კვსთ

ელექტროენერგიის გადანაწილების ფასი (თბილისი) 8.08 თეთრი / კვსთ

ჯამი 13.56 თეთრი / კვსთ

დღგ (18%) 2.44 თეთრი / კვსთ

ელექტროენერგიის ტარიფი 16 თეთრი / კვსთ

იმისათვის რომ სისტემა ფუნქციონალური იყოს, აუცილებელია სამივე საფეხურზე არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა.

ელექტროენერგიის გენერაციისათვის აუცილებელი ელექტროსადგურების უმეტესობა აშენდა საბჭოთა დროს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკაც და მოსახლეობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, გენერაციაში ახალი კაპიტალის ინვესტირება დიდი ხნის მანძილზე დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა. ამან განაპირობა ის, რომ წარმოების ფასი ბევრად ნაკლებია (4.65 თეთრი), ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გენერაციაში იმავე მოცულობით ინვესტიცია იქნებოდა განსახორციელებელი – როგორც ეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ დისტრიბუციაში იყო საჭირო.

90-იანი წლების სიბნელის მთავარი მიზეზი იყო არა ის, რომ საქართველოს ენერგოსისტემა საკმარისი ოდენობის დენის გენერირებას ვერ ახერხებდა, არამედ ის, რომ წარმოებული დენის გაყიდვას და მოხმარებული დენის საფასურის ამოღებას ვერ ახერხებდა. ამ ვითარებისათვის რომ თავი დაგვეღწია, აუცილებელი იყო ელექტროენერგიის სადისტრიბუციო სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ტარიფის 50% ელექტროენერგიის გადანაწილების ხარჯებია. 8 თეთრი/კვსთ მოიცავს პირველადი ინვესტიციების (სესხის დაფარვა, დივიდენდები) ხარჯს, საოპერაციო ხარჯებს და დამატებით ფინანსურ/ადმინისტრაციულ ხარჯებს.

დღეს არსებული ტარიფები მარეგულირებელმა კომისიამ (სახელმწიფო ორგანო, რომელიც აკონტროლებს ტარიფების შესაბამისობას ელექტროენერგიის რეალურ ღირებულებასთან) 2006 წელს დაამტკიცა და დადგენილებით 2015 წლამდე არ შეიცვლება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზრდება, აუცილებელია აშენდეს ახალი ელექტროსადგურები, მოხდეს არსებულის მოდერნიზაცია. ეს ყველაფერი ახალ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს. ამ ინვესტიციების მოზიდვას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუკი პოპულისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ტარიფების შემცირება არ მოხდება და ინვესტორს ჩადებული ფულის ამოღების შესაძლებლობა ექნება.

მოსახლეობას პერიოდულად მაინც უჩნდება პროტესტი ენერგოსექტორის მიმართ, იქნება ეს დროებითი შეფერხებები თუ გაზრდილი ტარიფები. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემაა. საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ ელექტროენერგია, რომელსაც ისინი მოიხმარენ, გაუმართლებლად ძვირად არის შეფასებული და რომ მისი, როგორც მინიმუმ, განახევრება უნდა მოხდეს.

იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ ხელოვნურად მოხდება ტარიფის შემცირება, ენერგიის მოხმარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვესტიციების განხორციელება არ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ელექტროენერგიის ბიზნესი წაგებიანი გახდება – რადგან ტარიფი ვერ დაფარავს გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ამჟამად საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანაა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე, რომელიც, თავის მხრივ, ზრდის მთლიან შიდა პროდუქტს და აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. იმპორტული ელექტროენერგიის გამოყენება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს და შიდა ბაზარზე წარმოებული პროდუქტი მოთხოვნას ვეღარ აკმაყოფილებს. შესაბამისად, თუ ელექტროენერგიის ტარიფი ხელოვნურად შემცირდება, კიდევ უფრო გაიზრდება მოხმარება, რაც იმპორტულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას გაზრდის. ეს თავისთავად ქმნის დამატებითი მაგისტრალების მშენებლობის აუცილებლობას. დაბალი ტარიფის პირობებში ინვესტორისთვის საქართველოს ბაზარი უინტერესო ხდება და საბოლოოდ, ელექტროენერგიის მასობრივ დეფიციტს მივიღებთ.

 

კომენტარები