საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევი: რუსეთი დიალოგისთვის მზადაა, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით

რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრი, დმიტრი მედვედევი გაზეთ კომერსანტისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობის შესახებაც საუბრობს. 

მედვედევის თქმით, რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, ''არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით'', სადაც  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილებაც იგულისხმება.

"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავჯდები, მიხეილ სააკაშვილია. მან დაიწყო ომი და ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის და სხვა ერების წინაშე, რომელთა მოქალაქეების სიკვდილშიც მას მიუძღვის ბრალი. მოქმედი პრემიერმინისტრი სხვა თაობის პოლიტიკოსია და მის რეალურ ქმედებებს დავაკვირდებით. მოდის გარკვეული სიგნალები, რომ კარგი იქნებოდა კონტაქტების დალაგება, მაგრამ ჯერ დიპლომატიურ დონეზე საუბარი არ არის. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არა რუსეთმა, არამედ საქართველომ გაწყვიტა. ჩვენ ამ სიგნალებს ყურადღებით მოვეკიდებით. ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავები პირდაპირ რეისებს ასრულებენ. ღვთის წყალობით, ხალხთა შორის კონტაქტები გრძელდება, კულტურული კავშირები შენარჩუნდა და შესაძლოა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობაც აღდგეს. ეს არც ისე მარტივი გზაა. რუსეთი ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ არსებული გეოპოლიტიკური რეალიებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილების გათვალისწინებით", - განაცხადა დმიტრი მედვედევმა. 

კომენტარები