კვლევითმა ორგანიზაცია ACT-იმ თბილისის მოსახლეობაში სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რა მიაჩნიათ გონივრულ ვადად მთავრობის პროგრამის შესასრულებლად. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) მიიჩნევს, რომ ეს ვადა მაქსიმუმ ერთი წელია. მათი დიდი ნაწილი 26% კი ელის, რომ მთავრობა პროგრამას სრულად, ან მის ნაწილს, 6 თვეში შეასრულებს. მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ მთავრობა დაპირებებს საერთოდ ვერ შეასრულებს.
ACT-იმ ასევე გამოიკვლია, ელიან თუ არა თბილისელები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების შექმნას. სამუშაო ადგილები სწორედ ის საკითხია, რომლის მოგვარებასაც თბილისის მოსახლეობა პირველ რიგში ვარაუდობდა, ამავე ორგანიზაციის ოქტომბრის გამოკითხვის მიხედვით. მომდევნო წელს ოპტიმისტურად უყურებს მოსახლეობის 73%. 21% კი თვლის, რომ მომავალ წელს სამუშაო ადგილები არ შეიქმნება. ოპტიმისტურად განწყობილები სამუშაო ადგილების შექმნას სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სფეროში ელიან. დიდ ნაწილს (38%) ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. 
აღსანიშნავია, რომ ACT-იმ ეს გამოკითხვა მანამ ჩაატარა, სანამ საქართველოს პრემიერმინისტრი პრესკონფერენციას გამართავდა, სადაც მან დაპირებებზეც ისაუბრა. მაგალითად, ტარიფებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ განახევრება ”არ გამოვა”.
ACT-იმ რეპრეზენტატული შერჩევის საფუძველზე, სატელეფონო ინტერვიურებით თბილისის 426 სრულწლოვანი მცხოვრები გამოჰკითხა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.8% -ს.





