გიგი უგულავა

გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილს თავდებში უდგება

თბილისის მერი გიგი უგულავა თავის მოადგილეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს თავდებში უდგება.

„დღეს, როგორც ჩანს, პროკურატურამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი და დაკავებულია ჩემი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მისი ბრალდება მერიაში საქმიანობის პერიოდს არ ეხება, მე ვუდგები მას თავდებში, რადგან ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ იგი პროფესიონალი, ერთგული და პატიოსანი ადამიანია. მზად ვარ ჩავერთო და განვახორციელო ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება, რაც ჩემი მხრიდან შესაძლებელია, რადგან ვთვლი, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, არჩევნებიდან თვე-ნახევრის თავზე საქართველოში დიქტატურის გაფორმება დაიწყო. მისი განცხადებით, ქვეყანა ძალიან მძაფრ დაპირისპირებაში გადადის, რადგან პრემიერმინისტრმა ყველა იმ ინსტიტუტზე შეტევა გადაწყვიტა, რომელიც მისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ არ არის.

„საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა. მაგრამ მან გაიმარჯვა 54%-ით და უნდა მართოს ქვეყანა იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც კანონით და კონსტიტუციით გააჩნია ცენტრალურ მთავრობას. როგორც ჩანს, მას აქვს სურვილი, დაიქვემდებაროს მთელი აღმასრულებელი ვერტიკალი, მიიტანოს შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, პრეზიდენტის დაცვის სამსახურზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, თბილისის მერიაზე, ეროვნულ ბანკზე, კონტროლის პალატაზე, სასამართლოზე და ყველა იმ ინსტიტუტზე, რაც მთავრობის კომპეტენციაში არ შედის. ამ ადამიანს ვერ წარმოუდგენია საქართველოში განსხვავებული აზრის არსებობა. ჩვენ შევდივართ ძალიან მძიმე დაპირისპირებაში. ამიტომ მინდა, პირადად გავაფრთხილო ის და მთელი მისი მსტოვრები, რომლებიც დაგეშილები არიან და იმასაც კი აღარ კადრულობენ, საზოგადოებას გააცნონ ამა თუ იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს რა ბრალდებას უყენებენ - ეს დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ ზარალს მოიტანს. ეს კარგად ესმის საერთაშორისო საზოგადოებას და ეს კარგად გვესმის ჩვენ. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და გადავწყვიტოთ პრობლემები ისე, როგორც შეეფერება ცივილიზებულ ერს, მაგრამ თუ მთავრობა გადაწყვეტს პოლიტიკური შანტაჟით სიარულს, თუ არჩეული აქვს რევანშის გზა, ეს არის ის ბუმერანგი, რომელიც რაც არ უნდა ცხრა მთას იქით ისროლო და სადაც არ უნდა გაიქცე, უკან მაინც დაგეწევა და ცხვირში მოგხვდება. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანმა, ვინც ჩართულია ამ ბინძურ და მავნებლურ რევანშისტულ საქმიანობაში“, - განაცხადა უგულავამ.

მთავარმა პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლების მიმართ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცხრა ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

კომენტარები