დევნილები

დევნილები და სოციალურად დაუცველები სხვადასხვა ობიექტებს იკავებენ

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, სხვადასხვა ობიექტებს, რომლებიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრებას წარმოადგენენ, სულ უფრო მზარდი რაოდენობით იკავებენ როგორც დევნილები, ასევე სოციალურად დაუცველები. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებასა და საცხოვრებელი ადგილების გადაცემას ითხოვენ. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ობიექტებში ამ ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად სხვებიც იჭრებიან. ამჟამად მიმდინარეობს ამ ადამიანების აღრიცხვა და მათი საჭიროებების გარკვევა.

საკითხის გამოკვლევის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს პრემიერმინისტრი. „ეს ძალიან საინტერესო საკითხია. იცით, როგორც ვითარდება ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ არაშემთხვევით, ძალიან ბევრი შეჭრა ხდება დევნილების მიერ. ეს ფაქტი ძალიან ჰგავს ორგანიზებულს რაღაც ჯგუფების მიერ და ამას გამოძიება სჭირდება“, - განაცხადა 31 ოქტომბერს ივანიშვილმა.

როგორც დევნილთა ახალმა მინისტრმა დავით დარახველიძემ თქვა იმავე დღეს, შექმნილი მდგომარეობით თვითონ დევნილებიც არიან შეწუხებული. მისი ინფორმაციით, მათ გარდა, ვისაც საცხოვრებელი არ აქვს, არიან თაღლითები, რომლებიც ცდილობენ, სიტუაციით ხელი მოითბონ და ხელმეორედ მიიღონ საცხოვრებელი, მისი შემდგომი გაყიდვის ან გაქირავების მიზნით. დარახველიძემ ასევე განაცხადა: „მინდა მივმართო დევნილებს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არ არის გამოსავალი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მატარებელი ქმედება. ეს პრობლემები მყისიერად ვერ მოგვარდება, ამიტომ მინდა ვთხოვო, ნუ გააგრძელებენ შენობების დაკავებას. ვცდილობთ, მაქსიმალურად ცივილური ურთიერთობა გვქონდეს მათთან, მაგრამ როდესაც დანაშაულის ნიშნები გაცდება ყოველგვარ ზღვარს, მაშინ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იძულებული იქნება, დაიცვას დანარჩენი დევნილების, დანარჩენი მოსახლეობის ინტერესები“.

სამინისტროს ინფორმაციით, დარახველიძე აპირებს, გააგრძელოს განსახლება სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით და კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა საკითხის გადასაჭრელად ახალ მიდგომებს შეიმუშავებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რას წარმოადგენს ახალი მიდგომა. მნიშვნელოვან წილს ამჟამად დაკავებულ შენობებში სწორედ კერძო სექტორის დევნილები წარმოადგენენ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა სოციალურად დაუცველების საკითხზე. მისი თქმით, სოციალური აგენტები უკვე აგროვებენ ინფორმაციას შეჭრილ ადამიანებზე, მათ შორის, ავსებინებენ კითხვარებს. ფიქრობენ, რომ მომავალი კვირის მეორე ნაწილისთვის შეძლებენ ყველაზე გაჭირვებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. ასევე აპირებენ, მათთვის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას და უახლოეს მომავალში იმათ დასაქმებას, ვისაც შრომის უნარი აქვს.

დედაქალაქსა და რეგიონებში ამჟამად დევნილებისა და სხვა ჯგუფების მიერ დაკავებულია 50-მდე შენობა: საჯარო სკოლები და სხვა სასწავლებლები, მიუსაფარ ბავშვთა სახლი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, ასევე სხვადასხვა საჯარო და კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. პოლიციას საკუთრებიდან დევნილების პირდაპირ გამოსახლების უფლება არ აქვს. მან ნებართვა დევნილთა სამინისტროსგან უნდა მიიღოს, რისთვისაც სპეციალური პროცედურებია შექმნილი. საკითხს სპეციალური საბჭო მეთვალყურეობს, სადაც შედიან არა მხოლოდ სამინისტროს, ასევე  სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.  

სიტუაციის შესწავლაში ჩართული იყო დევნილთა მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე ვალერი კოპალეიშვილი. მისი თქმით, დაკავებული ობიექტებიდან ზოგი დანგრეულია და შეუძლებელია იქ გაჩერება და ასეთები უფრო ყურადღებისთვის აქვთ მოკავებული. ერთ-ერთი კი, მაგალითად, გარემონტებული იყო უკვე დევნილებისთვის, თუმცა იქ სხვა დევნილები შევიდნენ და არა ისინი, რომელთათვისაც იყო გათვლილი.

კოპალეიშვილის თქმით, აქ იმყოფებიან სხვადასხვა კატეგორიის დევნილები, მათ შორის კერძო სექტორიდან, რომელთაც არასოდეს მიუღიათ დახმარება. არიან, მაგალითად, რეგიონებიდან ჩამოსულებიც, რომელთაც თბილისში სურთ ცხოვრება.

კოპალეიშვილი ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ დარჩენილია დაახლოებით 55 000 ოჯახი, რომელსაც უნდა დაეხმაროს სახელმწიფო სხვადასხვა სახით. ეს დახმარება მაინცდამაინც სახლის აშენებას არ გულისხმობს, თუმცა მიზანი მათი გრძელვადიანი განსახლების უზრუნველყოფაა სხვადასხვა სახით. ამ უკანასკნელისთვის სამოქმედო გეგმა არსებობს, რომლის ორი ეტაპიც დასრულებულია - მესამე ნაწილი კი გათვლილია სწორედ ე.წ. კერძო სექტორის დევნილებზე, რომელთა მხოლოდ მინიმალური ნაწილია დაკმაყოფილებული. სამინისტროს განსახლების პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. თუმცა, კოპალეიშვილის თქმით, პროცესის დაჩქარება რესურსებზეა დამოკიდებული და დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია საჭირო, რომ 30 ათასი ოჯახი მაინც დაკმაყოფილდეს - რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, სოფო ბენაშვილი, რომელიც მონიტორინგშია ჩართული, აცხადებს, რომ დღევანდელი სიტუაცია დიდწილად თავის დროზე არაეფექტიანად გატარებულმა ღონისძიებებმა გამოიწვია. მაგალითად, კერძო სექტორის დევნილები, დაახლოებით 20 წელია, საცხოვრებელ ადგილს ეძებენ და დღემდე დაპირებებს ისმენენ. გარდა ამისა, შეჭრილებს შორის არიან ორი წლის წინ გამოსახლებული დევნილები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო უარი თქვეს რეგიონებში წასვლაზე და კერძო სექტორში გადავიდნენ.

ბენაშვილი მიიჩნევს, რომ გარდა შეზღუდული რესურსებისა და ნელი ტემპისა, პრიორიტეტებიც არასწორად დალაგდა. „კერძო სექტორის დევნილები არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში“, აცხადებს ის და ამატებს: „სამინისტრომ მოქმედებები უნდა მოარგოს არა სტატუსს, არამედ საჭიროებებს“.

 

კომენტარები