NATO და საქართველო

NATO: საქართველომ ტესტი ჩააბარა

საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის და ამ ტესტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაბარებულია, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ, გასულ კვირას თბილისში ვიზიტისას. NATO-ს წარმომადგენლებმა არჩევნებამდეც თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიისთვის ერთგვარ გამოცდად განიხილავდნენ. მას შემდეგ კი, რაც ეს არჩევნები NATO-ს მხრიდან წარმატებად და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ისტორიულ მომენტად შეფასდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს გაწევრიანების გზაზე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. შესაძლო დროდ დეკემბერი მოინიშნა.

„დეკემბერში არის NATO-ს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი იქნება, მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და ახლა, როგორც არასდროს (და მე ამის შესახებ ვუთხარი ასევე პრემიერმინისტრობის კანდიდატს), ჩვენ გვმართებს ერთად მუშაობა, მათ შორის არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან, რომ წავიწიოთ NATO-ში ინტეგრაციის კუთხით წინ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ ახალ ხელისუფლებასთან, თუმცა საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება და გამყარება ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საკითხებს შორის, რომელშიც მასთან თანამშრომლობას აპირებენ. ქართული ოცნება დეკლარირებულად მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიისას უფრო მეტ აქცენტს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებდნენ.

არჩევნების შემდგომ ამ მიმართულებით რიტორიკა შერბილდა - კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ აპირებენ. გარდა ამისა, პირველი ვიზიტი ივანიშვილმა ჯერ აშშ-ში დაგეგმა, შემდეგ კი გადაიფიქრა და დანიშნულების ადგილად ევროპა აირჩია.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ახალ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, განსხვავებული ხედვა აქვს, NATO-ს ავღანეთის მისიაში საქართველოს მონაწილეობაა. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში მსახურებას 2014 წლამდე გააგრძელებენ. „2014 წლისთვის იწყება და იგეგმება პრაქტიკულად საერთაშორისო ძალების გამოსვლა ავღანეთიდან, სწორედ მას მერე ჩვენ დავიწყებთ უკვე ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე“, - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ საქართველომ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს NATO-ს მისიაში 2014 წლის შემდგომაც.

თავის მხრივ, ჯეიმს აპატურაიმაც განაცხადა, რომ შეეცდება, გაარკვიოს მომავალი პრემიერმინისტრის პოზიცია მისიის 2014 წლის შემდეგ გაგრძელებაზე. მისი თქმით, საქართველო უკვე გათვალისწინებულია დაგეგმარებაში. „საქართველო ჩვენთვის მთავარი პარტნიორია და არც გვინდა, გეგმები საქართველოს გარეშე დავსახოთ. ისინი ჩართულები არიან. ამ დაგეგმარების ნაწილს ქვეყნების მცირე ჯგუფი წარმოადგენს”, - თქვა აპატურაიმ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს მისიის გაგრძელების საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, უშუალოდ NATO-ს თაობაზე კი აღნიშნა: „ახლა მათ (NATO-მ) უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან, მათი მხრიდან რაც შესაძლებელია, რომ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში მოხერხდეს უახლოეს მომავალში“.

რამდენად მოსალოდნელია საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში, რთული სათქმელია. თუმცა ის, რომ ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, აპატურაიმაც დაადასტურა თბილისში. მან განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის მიმდინარე პროცესი აჩვენებს, რომ საქართველო ნორმალური ქვეყანა ხდება, რაც საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა განაპირობა.

აპატურაის თქმით, მოკავშირეებს ჯერ არ განუხილავთ, თუ რა იქნება შემდეგ. თუმცა, აღნიშნა, რომ მათ ენდომებათ ამის აღიარება და ჩვენ დავინახავთ, რა ნაბიჯები დაისახება და გადაიდგმება ურთიერთობაში. ამ პროცესებს კი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ისიც, თუ NATO-ს ავღანეთის ახალ მისიაში მონაწილეობას საქართველო 2014 წლის შემდგომაც გააგრძელებს.

 

კომენტარები