საზოგადოება

პარტია

სოციალიზმის საძირკვლის ჩაყრა,
აი, რა იყო ხუთწლედის ხაზი.
ამ გენერალურ ხაზზე იბრძოდა
პარტია – მტკიცე და ბუმბერაზი.

“პარტია” – ეს სიტყვა დღემდე ცოტა გვაშინებს. სამართლიანად.

70 წელი პარტია იყო ავტორიტარიზმის სიმბოლო; მონსტრი, რომელიც ეხმარებოდა კონფორმისტებს და ჩაგრავდა მათ, ვინც მონსტრის მიმართ ყალბ სიმპათიებს არ გამოხატავდა.

ერთადერთი, უალტერნატივო, ყოვლისმომცველი და ყოვლისშემძლე – მისი როლი საბჭოთა ცნობიერებაში შეიძლება შევადაროთ სასტიკ დამპყრობელს ან დაუმარცხებელ ურჩხულს, რომელიც ზღაპრულ ქალაქს დაეპატრონა. პარტიასთან არ ითანამშრომლებ – საცოდავი იქნები; ითანამშრომლებ – საზიზღარი. მესამე გზა არ არსებობს.

პარტიულობას ბნელი ელფერი 20 წლის შემდეგაც რომ შეუნარჩუნდა, გასაკვირი არაა. ქრისტიანულ სამყაროს დღემდე აშინებს ორი ათასი წლის “მხეცის რიცხვი”, რომელიც, მკვლევრებს თუ დავუჯერებთ, იმპერატორ ნერონის სახელის შიფრია. სიმბოლოების ძალა და სიცოცხლისუნარიანობა დიდია.

“არცერთი პარტიის წევრი არ გავხდები” – ამის თქმა გვჭირდება, რომ გავაგებინოთ ახლობლებს: საკუთარ მორალზე გადაბიჯებას არ ვაპირებთ. ერთგვარი სამოქალაქო ჰიპოკრატეს ფიცი ან ბიბლიაზე ხელის დადებაა. პარტიულობას უარვყოფთ არა იმიტომ, რომ პოლიტიკური პოზიცია არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ სახელს ვუფრთხილდებით.

რას ნიშნავს ასეთი პოზიცია დემოკრატიული პროცესისთვის? თუ ვამბობთ, რომ პარტიაში ყოფნა „ტეხავს”, პოლიტიკა ბინძურია, და “პატიოსანი კაცი” მასში ჩართვას უნდა მოერიდოს, ამით დემოკრატიას ვეხმარებით თუ ხელს ვუშლით?

პასუხი ცალსახაა: პარტიოფობიით თავსაც ვიბრკოლებთ და ვქმნით საზოგადოებრივ წნეხსაც, რომელმაც, შესაძლოა, საკუთარ რეპუტაციაზე მზრუნველ ადამიანს პოლიტიკაში ყოფნა გადააფიქრებინოს. სამაგიეროდ, გასაქანს ვაძლევთ მათ, ვისთვისაც პოლიტიკა უშრომელად ფულის შოვნის საშუალებაა და მათ, ვინც ნებისმიერ ფასად ისწრაფვის ძალაუფლებისკენ. შედეგად, მცირდება პარტიების პასუხისმგებლობის ხარისხი და მათი კავშირი „რიგითი მოქალაქეების” პრობლემებთან.

ასეთ ვითარებას პოსტსაბჭოთა მოვლენებიც უწყობს ხელს: დღემდე ყველა ხელისუფლება ეყრდნობოდა ზეპარტიული პრეტენზიების მქონე გაერთიანებებს, რომლებიც იქმნებოდა წინასაარჩევნოდ და იშლებოდა, ან მკვეთრად სუსტდებოდა პირველივე მარცხის შემდეგ. შესაბამისად, შენარჩუნდა ტოლობის ნიშანი პარტიასა და ამწუთიერ ძალაუფლებას შორის, რაც იწვევს პარტიულობის მედროვეობასთან, “კარიერისტობასთან” ასოცირებას.

ამ მხრივ ბოლო არჩევნებმა დადებითი პრეცედენტი შექმნა. ნაციონალური მოძრაობის სახით პირველად გვაქვს მეტ-ნაკლებად მსხვილი პარტია, რომელიც ვერ ასოცირდება მოქმედ ხელისუფლებასთან. წინა ათწლეულების ტიპური ქართული ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ის არ არის “ერთი მსახიობის თეატრი”, ვიწრო ნიშის შემავსებელი “სახელისუფლებო პროექტი”, ან რამდენიმე კაცის კლუბი, რეალური პოლიტიკური წარსულისა და მომავლის გარეშე.

თუმცა გამარჯვებული ქართული ოცნების სტრუქტურა, პარტიული კულტურის თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯია. ნაციონალური მოძრაობა, მართალია, ხელისუფლებაში მოვიდა როგორც ბლოკი, მაგრამ ამ ბლოკში მკვეთრად იყო მოხაზული წამყვანი ძალის კონტურები. უკვე არსებობდა პარტია, რომელიც ჩრდილავდა გაერთიანების სხვა სუბიექტებს.

ოცნების შემთხვევაში, ჯერაც არ ვიცით, გაერთიანებაში შემავალ რომელ სუბიექტს რა წონა აქვს და რა მომავალი ექნება დამოუკიდებლად. ბლოკის ლიდერის – ივანიშვილის – პარტია, როგორც კოალიციის შესაძლო ბირთვი, გარე დაკვირვებით, ჯერ ვერ შედგა. არ ჩანს სხვა სუბიექტების ერთ პარტიად გაერთიანების ნიშნებიც.

თავად გაერთიანების სახელი, ისევე როგორც თავის დროზე ტელეკომპანია იმედის, დროებით, ერთჯერად პროექტთან ასოცირდება. ფსიქოლოგიურად, “ოცნება” შეეფერება ბნელი გვირაბიდან გამოსვლას, გარკვეული ეტაპის დაძლევას, მაგრამ არა გრძელვადიან დემოკრატიულ პროცესს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოში. მართალია, ის იმეორებს ბარაკ ობამას 2008 წლის კამპანიის სლოგანს (გავიხსენოთ ცნობილი პოსტერი “Hope”), მაგრამ ეს სწორედ სლოგანი იყო, რომელიც ირიბად უკავშირდებოდა პირველი შავკანიანი პრეზიდენტის არჩევის აპრიორი ერთჯერად აქტს. და არა პარტიის სახელწოდება. ოცნება დიდხანს ვერ დარჩება ცენტრალურ იდეად ქვეყანაში, სადაც ძირითადი პრობლემები მოგვარებული იქნება.

ამავდროულად, ჩანს საშიშროება, რომ ქართული ოცნება გაიმეორებს ნაციონალური მოძრაობის შეცდომას და, ფართო მხარდაჭერის ტალღაზე, ვერ დაიცავს ზღვარს მმართველ ძალასა და სახელმწიფოს შორის. როდესაც გასართობ ტელევიზიასაც კი პოლიტიკური ბრენდი უკავშირდება (GDS ანუ ქართული ოცნების სტუდია), გასაკვირი არ იქნება ამ ბრენდის სხვა შეუსაბამო სფეროებში შეღწევაც. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ სახელმწიფო უწყებები არ იქცეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის კანტორებად, რისი აშკარა ნიშნებიც არსებობდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას. სახელმწიფო სტრუქტურების გარეთაც, პოლიტიკური ძალა არ უნდა გახდეს “საერთო სახალხო პროექტი”, როგორც ეს ავტორიტარულ სახელმწიფოებს ახასიათებთ.

პარადოქსია, მაგრამ წარსულის ლანდებთან ერთად, სწორედ ამ წარსულისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული ცნობიერება გვიშლის ხელს. საზოგადოება ჯერაც ვერ შეეგუა, რომ კარგი, ნაღდი, ნამდვილი ქართველისთვის არსებით საკითხში შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი არჩევანი არსებობდეს. პლურალიზმისთვის რეალური მზადყოფნა არ გვაქვს არც ტრადიციებთან მიმართებაში, არც რელიგიაში და არც პოლიტიკაში. ამის პირდაპირი გამოხატულებაა შიში, რომ პოლიტიკურ ძალასთან, ისევე როგორც რელიგიურ უმცირესობასთან ღია ასოცირებით, შეიძლება დაკარგო ახლობლები ან შეგექმნას კარიერული პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ გამოირჩევა იდეოლოგიურ ან რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის სიმრავლით, საზოგადოებრივი წნეხი იმდენად დიდია, რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ უარს ამბობს საკუთარ არჩევანზე ან არჩევანს მალავს. მრავალფეროვნება და არჩევანის თავისუფლება ითრგუნება ჯერ კიდევ გამოხატვამდე. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ძალადობის სიმცირე გამოხატვის თავისუფლებაზე მეტყველებს.

თუკი საუკეთესო რელიგიური არჩევანია ღიად მიეკუთვნო ერთადერთ მისაღებ, ძირითად ეკლესიას, პოლიტიკაში საქმე უფრო რთულადაა. „წინდახედულმა” ადამიანმა იცის, რომ გამარჯვებული ძალის „საყოველთაო” მხარდაჭერაც კი დროებითია და ურჩევნია საერთოდ მოერიდოს პარტიებთან ასოცირებას. თუ პოლიტიკური სიმპათიები მაინც გამჟღავნდა, სიტუაცია უნდა განიმუხტოს გულგრილობის გამომხატველი ფრაზით – „ერთი მაგათი ყველასი”.

სწორედ პლურალიზმის, განსხვავებული არჩევანის მიუღებლობაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში არა საგნობრივი კამათი, არამედ აგრესია ჭარბობს. არასასურველ პოზიციას ადამიანები უპირისპირდებიან ფიზიკური ანგარიშსწორების, „გაძევების”, „ამოშლის”, „გაქრობის” ან თუნდაც „ჩარეცხვის” იდეით.

ადრე თუ გვიან, საზოგადოებას მოუწევს გადალახოს ეტაპი, როდესაც ყველა პირადი სიმპათია და განსხვავება ზედაპირზე გამოჩნდება, რასაც შეიძლება ძალადობის დიდი ტალღაც მოჰყვეს. რაც უფრო მკვეთრად მოახერხებენ ადამიანები საკუთარი განსხვავებული პოზიციების გამოხატვას და დაცვას დღეს, მით უფრო მცირე იქნება შოკის ეფექტი მომავალში. მკვეთრი პოზიციის ერთ-ერთი გამოხატულება კი სწორედ რომელიმე პარტიასთან ასოცირებაა.

კომენტარები