ლიბერთი ბანკი

ლადო გურგენიძე სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელებისთვის მოლაპარაკების შეთავაზებას უარყოფს

ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის ყოფილი მფლობელების მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადებების შესახებ კომენტარი გააკეთა. გურგენიძის თქმით, სახალხო ბანკის ერთ-ერთი ყოფილი აქციონერის გიორგი გოგუაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მას ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობა ეროვნულ ბანკთან ერთად დაუკავშირდა და პრობლემების მოგვარება მოლაპარაკების გზით შესთავაზა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„პირიქით, გიორგი გოგუაძემ დამირეკა პარასკევს, მას შემდეგ, რაც ეთერით გავიდა მისი განცხადება. მე მასთან არ დამირეკავს და არც ვაპირებ დარეკვას ერთი მარტივი მიზეზით - არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომელიც მოლაპარაკების გზით გადაჭრას საჭიროებს და არარსებულ პრობლემაზე საუბარი საჭირო არ არის“, - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ლადო გურგენიძის თქმით, ბანკის ამჟამინდელმა მფლობელებმა აქციების 91% 2009 წლის სექტემბერში 15 მილიონ დოლარად შეიძინეს. მისივე თქმით, ბანკის იმდროინდელი ფასი 16, 4 მილიონი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სახალხო ბანკის ყოფილი აქციონერები ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებდნენ. მათი განმარტებით, განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათ ლიბერთი ბანკის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.

 

კომენტარები