კინო

უცნობი გმირები

„კარგმა რეჟისორმა, როცა გადასაღებ მოედანზე ხვდება, არ უნდა იცოდეს, რისი გაკეთება სურს”, – ეს ელია კაზანის სადავო ფრაზაა, თუმცა წყალი არ გაუვა – რეჟისორს უნდა ჰყავდეს კარგი გუნდი, რომელმაც ზუსტად იცის რა, როდის უნდა გააკეთოს.

კარგი მხატვრული ფილმი დამდგმელი რეჟისორისთვის დიდებას, მსახიობებისთვის, სცენარისტისა და ოპერატორისთვის – სახელს ნიშნავს. მათ გარდა კი არის ხალხი, რომელთა სახელები ერთეულებმა იციან, თუმცა მათი წვლილი ფილმის შექმნაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისინი არიან „უსახელო გმირები”, რომლებსაც დაუვიწყარ კინომოვლენებს უნდა ვუმადლოდეთ.

იუენ ჰეპინი – ეს სახელი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ. საბრძოლო ხელოვნების ეს ჩინელი ოსტატი არაერთი ქორეოგრაფიული შედევრის უკან დგას. ფილმში „მატრიცა” ხელჩართული ბრძოლის ყველა სცენა სწორედ ჰეპინის დადგმულია, ნეოს, მორფეუსისა და აგენტი სმიტის საკულტო სცენებიც მისი შემოქმედებაა. იუენ ჰეპინის კარიერა ჰონგკონგში დაიწყო. ჯეკი ჩანის წარმატება ამ ადამიანს უკავშირდება, ისაა აზიელი ვარსკვლავის მთავარი ფილმების ქორეოგრაფი.

ჰეპინის შემოქმედებით ძმები ვაჩოვსკები მოიხიბლნენ და სწორედ მას ანდეს „მატრიცას” ქორეოგრაფია. „მატრიცას” მოჰყვა „ჩასაფრებული ვეფხვი, უჩინარი დრაკონი” და „მოკალი ბილი”. თუ ამ ფილმებს გაიხსენებთ, მიხვდებით ამ ადამიანის უდიდეს როლს ზემოხსენებული ნამუშევრების წარმატებაში. იუენ ჰეპინი ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ტარანტინოს თუ ენგ ლის ნამუშევრებში, როგორიც ბენ ბარტი ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავურ ომებში”.

ბენ ბარტი ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა იყო, რომელიც ისტორიით, ფიზიკით, ბიოლოგიით, ინგლისური ენით და კინოთი ერთნაირად გატაცებული გახლდათ. ის განსხვავებული ხმების მიქსით ახალი, უნიკალური ჟღერადობის ძიებაში იყო და ამ ხმებს ყველგან და ყველაფერში ეძებდა. სწორედ ამ ენთუზიასტს ენდო ჯორჯ ლუკასი, როცა Lucasarts-ში სამუშაოდ აიყვანა, შედეგად კი ბენ ბარტი ყველა იმ მნიშვნელოვანი ხმის ეფექტის ავტორია, რომლის გახსენებასაც „ვარსკვლავური ომებიდან” შეძლებთ.

დარტ ვეიდერის ხმა, აკვალანგის რეგულატორში მისი სუნთქვაა. მისი გახმოვანებული და გამოგონებულია R2D2 აუდიო ველი. სწორედ ისაა ავტორი ჯედაის ხმლის ხმის, რომელსაც „ვარსკვლავური ომების” ნებისმიერი ფანი მილიონ ხმაში გამოარჩევს. ბენ ბარტი დღემდე აქტიურად მუშაობს, ბოლო წლებში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი იმ რობოტ WALL – E-ს ხმა იყო, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მილიონობით ადამიანი მოხიბლა და კომპანია პიქსარს მორიგი ოსკარი მოუტანა.

სტენ უინსტონს 4 ოსკარი აქვს. ეს ადამიანი ლეგენდაა, რომელსაც სახელით და გვარით ცოტა თუ იცნობს, საქმით კი, პირიქით, ნებისმიერმა თავმოყვარე კინომოყვარულმა იცის. უინსტონი სპეცეფექტებისა და გრიმის გენიოსი იყო, მისი ნამუშევარი არაფრით ჩამოუვარდებოდა დღევანდელ, კომპიუტერით შექმნილ ეფექტებს და ამის ნათელი მაგალითი „იურული პერიოდის პარკია”. სტივენ სპილბერგის ფილმში სწორედ მისი შექმნილია დინოზავრები, რომლებიც შეიძლება კომპიუტერის ქმნილება გეგონათ. სტენ უინსტონია პასუხისმგებელი ედუარდ ხელმაკრატელას ხელებზე, მტაცებლის გარეგნობასა და ჯეიმს ქემერონის ფილმში, „უცხოები”, უცხოების დედოფლის შემზარავ ჰაბიტუსზე.

სანამ იუენ ჰეპინი საოცარ ბრძოლის სცენებს დგამს, ბენ ბარტი ხმის ეფექტებს ადებს, სტენ უინსტონი ნამუშევარს ვიზუალურ მომხიბვლელობას ჰმატებს, დრიუ სტრუზენი კი ამ ყველაფერს აკვირდება და ხატავს. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს, უნდა შექმნას პოსტერი, რომელიც მილიონობით ადამიანს კინოში მიიყვანს. დრიუ სტრუზანს ცოტა თუ გაეჯიბრება პოსტერების შექმნაში, ის კინოს პიკასო, მონე, რემბრანდტი, ვან გოგია. სწორედ მისია „სამართებელზე მორბენალის” ყველაზე ცნობილი პოსტერი. ასევე „ინდიანა ჯონსის”, „ვარსკვლავური ომების”, „უკან მომავალში” – ფრენჩაიზების პოსტერების უდიდესი ნაწილი. მისი შექმნილია როგორც ჰარი პოტერის პირველი, მთავარი პოსტერი, ასევე სპილბერგის „უცხოპლანეტელის” ყველაზე ცნობილი პლაკატი.

ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი ქმნის სამყაროს, რომელსაც ნიჭიერი რეჟისორი კარგად ფუთავს და მაყურებელს აწვდის. მაყურებელს, რომელმაც ხშირად არც კი იცის „თავისი გმირების” სახელები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს მისი საყვარელი ფილმების შექმნაში.

კომენტარები