ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პირველად რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად, დემოკრატიულად გადაცემა ხდება.
"ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ჩვენ ქართველი ხალხის არჩევანს ვცემთ პატივს. ქართველი ხალხი არის ის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანაში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მოხდეს ისე, როგორც არასდროს მომხდარა საქართველოს ისტორიაში.” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების შეცვლის პროცესი უნდა მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესების და პოლიტიკური პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოებში შენარჩუნების სრული გათვალისწინებით, თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რათა დემოკრატია ქვეყანაში გაძლიერდეს.
”ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნას დაცული. ეს იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა მომავალ თვეებში, მომავალ წლებში, ჩემს და ყველა ჩემი თანამებრძოლის მოღვაწეობაში. ყველაფერს უნდა დრო, რომ დაინახო და გაანალიზო, მაგრამ ახლა ყველანი უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი მომავალზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. მინდა ჩვენ ხალხს ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის პოლიტიკოსები.” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





