სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტები გლდანის N8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს.
„პრაქტიკულად გახსნის დღიდან აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რის თაობაზეც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში დეტალურადაა საუბარი. არაერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა დღემდე ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა.“ - აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომელთა სახელები მოხსენებულია სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. ომბუდსმენის ცნობით, არასათანადო მოპყრობის ფაქტები გარდა გლდანის N8 დაწესებულებისა, ფიქსირდება ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში.
შეგახსენებთ, რომ პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათი თანამშრომელი დააკავეს. სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ კი პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვების თაობაზე მიმართა.




