საქართველოს სახალხო დამცველი შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, გლდანის მე-8 საპყრობილის რამდენიმე თანამშრომელი წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორცილებდა. სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღინისძიებების გატარების მოთხოვნით მიმართავს.
”სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა სამწუხაროდ ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ. არაერთი რეკომენდაცია, რომელიც შესაძლო ანგარიშსწორებისაგან პატიმართა დაცვის მიზნით მათ სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეხებოდა დეპარტამენტის მიერ არ სრულდებოდა.” - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრეთვე, მოუწოდებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ ზემდგომ თანამდებობაზე მყოფ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომანტისათვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სისტემაში მუშაობას.
”ხშირია შემთხვევები, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები ესაუბრებიან გლდანის N8 საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც პატიმრები მოითხოვენ ფაქტების გასაჯაროებისგან თავის შეკავებას.
ჯერ კიდევ 2010 საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გლდანის N8 დაწესებულების კარანტინში არსებული მდგომარეობა შეფასდა როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გლდანის დაწესებულებაში დასჯის მიზნით პატიმრებს ხშირად განათავსებენ კარანტინში, ამავდროულად დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და შესაბამისად უკანონოა.” - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.




