ჰოლივუდი

სპორტული ჰოლივუდი

Hoosiers, The Natural, Field of Dreams, Rudy, Rocky, Raging Bull, Bull Durham, The Pride of the Yankees – ამ ფილმებში სპორტული თემა გაიშალა და ეს უკვე კლასიკაა. სლაი სტალონეს, ბობ დე ნიროს და კევინ კოსტნერის ძველი კლასიკა. ჰოლივუდში სპორტული ისტორიები ბოლო 20 წლის განმავლობაშიც გაიხსენეს და ჩვენც რამდენიმე გამორჩეული ფილმი გამოვყავით.

Miracle (2004)

1980 წლის ოლიმპიადა, ამერიკელი ჰოკეისტების სასწაული. დიდი, ცივი და არაპოპულარული საბჭოთა კავშირის ნაკრები ფინალში ამერიკელ სტუდენტებს და მოყვარულებს ხვდება. ვლადისლავ ტრეტიაკის ლეგენდა, რუსების არარეალური ტექნიკა და გამოცდილება – საბჭოთა კავშირი ოლიმპიადის ფინალის ფავორიტია. ტურნირის დაწყებამდე ამერიკელებმა რუსები მედისონ სკვერ გარდენში დაპატიჟეს. ამერიკა 10:3 დაშალეს და რუსებმა ძირითადის 6 კაცი დაასვენეს.

რეჟისორმა გევინ ო’კონორმა ის ამბები გაიხსენა და ამერიკელების ლეგენდარული მწვრთნელის, ჰერბ ბრუქსის როლი კურტ რასელს მისცეს. ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკა ნორვეგიას ხვდება, სამი პერიოდი 3:3 დამთავრდა და მისტერ ბრუქსმა ბიჭები დიდ წრეზე გაუშვა. წრე, რომელიც რამდენიმე კილომეტრში იფარებოდა და რომელსაც ჰერბიმ სიცოცხლის წრე დაარქვა. ბიჭები ბრუნდებიან სასტუმროში და ნაკრების ლიდერი, ფორვარდი მაიკ ერუძიონე ჰერბის მადლობას უხდის. ის ბრუქსს ამ სიტყვებით ემშვიდობება – I play for the United States of America. მისია შესრულებულია, ჰერბიმ გუნდი შეცვალა. ის ფინალი ამერიკამ 4:3 მოიგო. მარკ ჯონსონმა ჯერ ტრეტიაკს, მერე ვლადიმირ მიშკინს გაუტანა და ამერიკამ გაძლო.

კურტ რასელის ერთ-ერთი საუკეთესო როლი.

Tin Cup (1996)

რონ შელტონი სპორტის და ჰოლივუდის გემრიელ კოქტეილებს ამზადებს. ამერიკული ოცნებით და ამერიკული საუნდტრეკებით. Tin Cup შელტონის კლასიკაა.

ფილმი როი Tin Cup მაკევოიზე, რომელიც ზარმაცი, ვისკიში ჩაწოლილი მეგოლფეა. კიდევ ერთ უსაქმურთან, რომეო პოსართან ერთად ლოთობის შემდეგ მოდის თავის ტკივილი, ამნეზია და ერთფეროვნება. მაკევოის ცვლის ექიმი მოლი გრისუოლდი. ფსიქოლოგი, რომელსაც გოლფის გაკვეთილების აღება უნდა. შელტონმა როის როლში კევინ კოსტნერი შეიყვანა და ფსიქოლოგი რენე რუსო იყო. როგორც ყოველთვის, იუმორი შემოაქვს ჩიჩ მარინს, ამ ფილმში კოსტნერის გმირის ძმაკაცს. შელტონის რომანტიკაში ერთჯერადი დონ ჯონსონიც ბევრჯერადია.

Moneyball (2011)

ამერიკელები ბეისბოლით ცხოვრობენ. ნიუ იორკ იანკისი ძირითადი ამერიკა და ბევრი ჰოთდოგია. ბოსტონ რედ სოქსი დანარჩენი ამერიკა და ცოტა ჰოთდოგი. ოკლენდ ატლეტიქსი ბეისბოლის პერიფერია, გარეუბანი, არაპოპულარული თემაა. და ოკლენდი იგებს. ოკლენდი სულ იგებდა და იანკისისგან განსხვავებით, ამას საკუთარი სკოლის, აკადემიის პატარა ბიჭებით აკეთებდა. თქვენ წინაშეა ოკლენდის ტრადიცია, რომელიც რეჟისორმა ბენეტ მილერმა ეკრანზე გადმოიტანა.

ფილმი ოკლენდის 2002 წლის სეზონზეა. ლეგენდარული მენეჯერი ბილი ბინი (ბრედ პიტი) და მისი ასისტენტი პიტერ ბრენდი (ჯონა ჰილი) ლიდერებს ვერ იტოვებენ. გუნდიდან მიდიან ვარსკვლავები ჯონი დეიმონი, ჯეისონ გიამბი და ჯეისონ ისრინგჰაუზენი. ბინი პატარა ბიჭებით იწყებს სეზონს, რომელშიც ოკლენდმა ამერიკული ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა (ზედიზედ 20 მატჩში გამარჯვება). გუნდმა ვერ მოიგო სუპერფინალი, ფლეი-ოფის პირველ წრეში გავარდა მინესოტასთან და ბინი თავის გუნდთან ერთად ისტორიაში შევიდა. იმ სეზონში მთელი ოკლენდის სახელფასო ბიუჯეტი 23 მილიონი დოლარი იყო. ჰაშიშზე შეყვარებული პიტჩერი ჩედ ბრედფორდი 200 000 დოლარად თამაშობს და იანკისის კაპიტანი, დერეკ ჯიტერი იმ სეზონში 21 მილიონს იღებს. ოკლენდმა და იანკისმა სეზონი მოგებების იდენტური რაოდენობით (103) დახურეს. ბინი ლეგენდაა.

ოსკარის 6 ნომინაცია.

Ali (2001)

მაიკლ მენის ბიოგრაფიული ფილმი დიდ მუჰამედზე. რომელიც იყო ალი. რომელიც მანამდე კასიუს კლეი იყო. რომელიც კრივის მარლონ ბრანდო გახდა.

უილ სმიტი კარგი ალია. ფილმში მოკრივეების სამყაროზე უფრო, პირადი თემაა გაშლილი. როგორ წაართვა ალიმ ჩემპიონობა მაფიოზების ფავორიტს, სონი ლისტონს. როგორ გააკრიტიკა ყველა, ვინც ვიეტნამის ომით იხეირა. როგორ ჩამოაშორეს კრივს და როგორ დაბრუნდა ჯო ფრეზერთან ეპოქალური გარჩევით. როგორ დააგდო ჯორჯ ფორმენი იმ, არარეალურად გაპიარებულ ჩხუბში, Rumble in The Jungle. როგორ გახდა ბევრი ამერიკელის მეგობარი და მისაბაძი პიროვნება. სმიტი კარგია. ფრეზერის როლი რეალურ მოკრივეს, ჯეიმს თოუნის მისცეს და მაიკლ მენმა ჟურნალისტის, ჰოვარდ კოუსელის როლი ჯონ ვოიტს დაუგორა. მისტერ ვოიტის სერიოზული ნამუშევარი.

მუჰამედ ალიმ ფილმის პრემიერის შემდეგ დაურეკა ჯორჯ ფორმენს და თუ რამე გაწყენინე, მაპატიეო, უთხრა. დაურეკა უილ სმიტს და როლში კარგად შესვლისთვის მადლობა გადაუხადა. დაურეკა ჯო ფრეზერს და მოიკითხა კაცი, რომელსაც ხმას არ სცემდა (ადრე ბიჭებმა ერთი გოგო ვერ გაიყვეს). ალი ბედნიერი იყო. ალის უილ სმიტის ალი მოეწონა. ყველას მოსწონს.

White Men Can’t Jump (1992)

ბილი ჰოილის (ვუდი ჰარელსონი) და სიდნი დინის (უესლი სნაიფსი) ისტორია. ქუჩის კალათბურთის ქუჩური ამბები და უბნის დიალოგები რონ შელტონის კლასიკაში.

ბილი თეთრკანიანია და იდეაში, კალათბურთს აფროამერიკელების დონეზე ვერ უნდა თამაშობდეს. ბილი გადის უბანში და შავ ბიჭებს ჯიბის ფულს უგებს. ბილი გადის სხვა უბანში და შავ ბიჭებს იქაც ჯიბის ფულს უგებს. მერე მოდის სიდნი დინი და ერთი-ერთზე ამბები იწყება. რეპით, ჩაჩაჩული შორტებით, დაკუჭული დოლარებით.

ქუჩის კალათბურთიც კალათბურთია და იქ უფრო უნდა მოინდომო. კონტაქტური საუბარი დაკუნთულ ტიპებთან, რომლებიც ქუჩაში ჩაგდებული სამიანებით ოჯახებს არჩენენ. მეგობარი საუკეთესო მეგობარს აგდებს, საუკეთესო მეგობრის მეგობარი გოგონაც გადამგდებია და მთელი ეს ამბები 300, 400 დოლარის ასაღებად მიდის.

White Men Can’t Jump პირველ უქმეებზე 14 711 124 დოლარს იღებს. მერე, ფილმმა 90 753 806 დოლარი აიღო. სერიოზული თანხა გასართობი, არაკომერციული თემისთვის.

გადაღებებზე სნაიფსის და ჰარელსონის მწვრთნელი იყო ლეგენდარული ბობ ლენიე. დეტროიტის და მილუოკის ყოფილი ვარსკვლავი, დიდების დარბაზის წევრი. მისტერ ლენიემ შელტონისგან 75 000 დოლარი მიიღო.

ერთ-ერთ ეპიზოდში უბანში შემოდის გარი პეიტონი. მაშინ გარი უკვე სერიოზული მოთამაშეა. ოთხი წლის შემდეგ, პეიტონის და შონ კემპის სიეტლი დიდ ფინალში გავა და იქ ბულზთან სერიას 2:4 წააგებს.

White Men Can’t Jump ყველა ვარიანტში სანახავია. მეგობრების, მეგობრობის და ქუჩის ისტორიები კალათბურთის ფონით.

და როგორც ფილმის მერე ვუდი ჰარელსონმა თქვა, White Men Can Jump.

The Wrestler (2008)

რესტლინგი ამერიკელების თეატრია. არარეალური ჩხუბით, რეალური კუნთებით, ბევრი ანაბოლიკით და ვინს ნილის, ოზი ოზბორნის, სებასტიან ბახის, ანგუს იანგის და ქიდ როქის საუნდტრეკებით. რესტლინგის ვარსკვლავები ჰალკ ჰოგანი, შონ მაიკლსი, ბრეტ ჰარტი, გოლდბერგი, სტივ ოსტინი და The Undertaker ამერიკელი თინეიჯერებისთვის შიშველ პამელა ანდერსონზე სასურველი პერსონები იყვნენ.

დარენ არონოვსკის და რობერტ დი სიგელის ფილმი უფრო ერთი კაცის ტკივილის გადაშლაა, ვიდრე რესტლინგის სამზარეულოში შესვლა. რენდი რობინსონი ამერიკელია. ახდენილი და დანგრეული ამერიკული ოცნებით. მიკი რურკიც ამერიკელია. ახდენილი და დანგრეული ამერიკული ოცნებით. რურკი მილიონების და პოდიუმების უბანში ამ ფილმმა დააბრუნა. რურკმა მოიგო BAFTA, Golden Globe, Independent Spirit Award. იყო ოსკარის ნომინანტი.

რესტლერის პატარა სამყაროში ძირითადად ტკივილი და წაშლილი მოგონებებია. რესტლერმა უნდა დაისვენოს და რესტლერი ადის კანაფებზე. რენდი რობინსონის ბოლო ნახტომით ჩერდება რენდის გული და არონოვსკიმ ფარდა ჩამოაფარა. სეანსი დაიხურა.

შედევრი.

 

 

კომენტარები