საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. 35 ათას მაყურებელზე გათვლილი მოედანი წელიწად-ნახევარში აშენდება.
პრეზიდენტმა სტადიონის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, მომავალში ბათუმმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლოს.
”ადრე თუ გვიან საქართველო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებსაც გამართავს. ბათუმს ამდენი ხანი არ ჰქონდა სტადიონი და ბათუმლებსაც ჭირდებათ ყველაფერი. აქვე იქნება ახალი წყალსადენი და ყველა სახლში წამოვა წყალი, ზღვაშიც აღარ ჩავა კანალიზაცია. ბათუმელებს სჭირდებათ დასაქმება, მაგრამ ამისთვის ბათუმი უნდა გაიზარდოს. ბათუმის წინა ბულვარი, რომელიც ზოგიერთებს ენატრება, სულ კილომეტრ-ნახევრიანი იყო, სულ მალე კი 18 კილომეტრიანი გახდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო მოედანი ადლიის სანაპიროზე, ზღვიდან, დაახლოებით, ასი მეტრის დაშორებით აშენდება. პროექტის მიხედვით, მთლიანად მოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, სტადიონის გარშემო წყლის აუზი გაკეთდება, რომელზეც საფეხმავლო ხიდები იქნება გადებული.სტადიონის პროექტი ქართველ არქიტექტორს დავით გოგიჩაიშვილის ეკუთვნის, ხოლო მშენებლობას კომპანია “ზიმო” აწარმოებს. საფეხბურთო მოედანი პირველ თამაშს, სიმბოლურად, წელიწად-ნახევარში უმასპინძლებს.





