კახეთის რეგიონი სტიქიამ ისევ დააზარალა. გუშინ ისევ ძლიერი წვიმა მოვიდა. მას თან ქარიშხალიც დაერთო. შედეგად, ყვარელსა და ლაგოდეხში ათეულობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა , ხოლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ქარმა საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დატოვა.
კახეთის გუბერნატორის, გიორგი ღვიანიაშვილის თქმით, სტიქიას 19 ივლისის მასშტაბები არ ქონია, თუმცა რიგ სოფლებს სერიოზული ზიანი მიადგათ. ამის გამო, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამიდან მოყოლებული საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბატალიონი სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს, მობილიზებულია საჭირო ტექნიკაც. სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას.
კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოსგან კომპენსაცია უკვე 14 ათასმა კახელმა მიიღო.




