16 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია ქართული ოცნების წევრები დააკავა. დაკავებულებს მერაბ კაჭიხიძეს, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილს ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ კოალციია ქართულმა ოცნებამ პარტიულ ანგარიშებზე თანხის მობილიზების დანაშაულებრვი სქემა შეიმუშავა, რაც გულისხმობდა, კოალიციის ხელთ არსებული ფულის ათეულობით ფიზიკურ პირზე გადანაწილებას, რომლებიც საკუთარი სახელით შეძლებდნენ პარტიისთვის შემოწირულობის განხორციელებას.
,, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალი კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7 ათასი ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა; აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.
ამასთან, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იმავე სქემა გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებაში შემავალმა ეროვნულმა ფორუმმა. კერძოდ, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, ეროვნული ფორუმის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით.’’-ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ წელიწადში 1200 ლარის შეტანა, ხოლო მოქალაქეს პარტიის სასრაგებლოდ წელიწადში 60 ათასი ლარის შეტანა შეუძლია. ამავე კანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ან შემოწირულობის განხორციელება.
ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წევრების დაკავებას მათ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, კოალიცია ამ ადამიანებს ბოლომდე დაიცავს.




