საბერძნეთი

ევრო გადარჩა, ჯერჯერობით

ND-ის ლიდერი ანტონის სამარასი

ND-ის ლიდერი ანტონის სამარასი
ივნისს, ბოლო ორი თვის განმავლობაში მეორედ, საბერძნეთმა ახალი პარლამენტი აირჩია. არჩევნების განმეორებით ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 6 მაისის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა კოალიციის შექმნა და მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს.

ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პროევროპულმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ND-მ (ახალი დემოკრატია) მაისის შედეგი დაახლოებით 11%-ით გააუმჯობესა და საბოლოოდ პარლამენტში 129 ადგილი მიიღო. 10%-ით გააუმჯობესა წინა შედეგი რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია სირიზამ – 26.9% (71 ადგილი). 8 მანდატით ნაკლები შეხვდა ახალ პარლამენტში სოციალისტურ მოძრაობას PASOK – 33. მაისის არჩევნებთან შედარებით, შემცირდა ფაშისტური (ახალი განთიადი – 18 მანდატი) და კომუნისტური (საბერძნეთის კომუნისტური პარტია – 12 მანდატი) პარტიების მხარდაჭერა. პარლამენტში ასევე მოხვდნენ სოციალ დემოკრატები – 17 მანდატი (მემარცხენე დემოკრატები) და მემარჯვენე დამოუკიდებელი ბერძნები – 20 მანდატი.

ანტიევროპული ბლოკის მთავარი გამაერთიანებელი ქამრების შემოჭერის პოლიტიკისადმი წინააღმდეგობაა. თუმცა, მიუხედავად ND-ის და PASOK-ის დეკლარირებული პროევროპული პოზიციისა, ამ პოლიტიკის მიმართ მათი დამოკიდებულება დიდად არ განსხვავდება სხვა პარტიების პოზიციისგან. თუ გადავხედავთ წინასაარჩევნო დაპირებებს, ვნახავთ, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები, საბოლოო ჯამში, ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ. ის, რითაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, სწორედ წინააღმდეგობის ხარისხია. სამი ლიბერალური პარტიის კოალიცია, რომელიც რეალურად უჭერდა მხარს ქამრების შემოჭერის იდეას, პარლამენტში ვერ მოხვდა.

არჩევნების შედეგები უკვე შეაფასეს, როგორც საბერძნეთის პროევროპული კურსის გამარჯვება. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 4 დღეში, ND და PASOK კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიციურ მთავრობაში შევიდნენ მემარცხენე დემოკრატებიც. 300-ადგილიან პარლამენტში კოალიციურ მთავრობას 179 მანდატი ექნება. შეთანხმების მიხედვით, მთავრობას ND-ის ლიდერი ანტონის სამარასი უხელმძღვანელებს.

კოალიციურ მთავრობას წინ „ტროიკასთან” (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ურთიერთობის რთული პერიოდი ელის. მოკლე ვადაში საბერძნეთს მათი რამდენიმე ძირითადი მოთხოვნის შესრულება მოუწევს. კერძოდ, 2015 წლამდე საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 150 ათასით უნდა შემცირდეს, აქედან 15 ათასით – 2012 წლის ბოლომდე. საპენსიო დანახარჯები 2012 წელს უნდა შემცირდეს 300 მილიონი ევროთი. აგრეთვე მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ხარჯები ჯანდაცვისა და თავდაცვის სფეროში. უნდა გამარტივდეს კანონმდებლობა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და სახელფასო მინიმუმი შემცირდეს 22%-ით.

არჩევნების შედეგად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, ამ მოთხოვნების შესრულება არარეალისტურია. ზემოხსენებული მოთხოვნების შესრულებამ კრიზისიდან გამოყვანის ნაცვლად, შესაძლოა, საბერძნეთში

PASOK-ის ლიდერი ევანგელოს ვენიზელოსი
ქაოსი გამოიწვიოს, რასაც, საბოლოო ჯამში, ევროზონის დატოვება მოჰყვება.

საბერძნეთში კრიზისი ND-სა და PASOK-ის კოალიციის მმართველობის დროს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში უკვე დახმარების მეხუთე პაკეტი მიიღო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საჯარო დანახარჯები უმნიშვნელოდ შემცირდა: 2009 წლის მშპ-ის 53.8%-დან 2011 წელს 50.3%-მდე. ეს მაშინ, როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მშპ 16%-ით შემცირდა. ქვეყანაში უმუშევრობის დონე 22%-ს აღემატება.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, ძნელი სავარაუდოა, რომ ხელისუფლებაში ახალი ვადით ყოფნის დროს ძველმა პარტნიორებმა ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გასატარებლად რაიმე ქმედითი რეფორმა გაატარონ.

აღნიშნული პოლიტიკის წინააღმდეგია ბერძენი ამომრჩევლების უმრავლესობაც – დაახლოებით 60%-მა ღიად გამოხატა, რომ ფისკალურ შეზღუდვებს მხარს არ უჭერს. ის, რომ პროევროპულმა პარტიებმა ივნისის არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება შეძლეს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ბერძნებს ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლის ეშინიათ.

საბერძნეთში კრიზისის მომდევნო ტალღას პოლიტიკური მიმომხილველები სექტემბერსა და დეკემბერში ვარაუდობენ, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულებას შეაფასებს.

 

კომენტარები