საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით ალდამოვის ქმედება რუსეთის სპეცსასმახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული აქციაა.
,,ბატონი ალდამოვის განცხადება, რომ ის არ დაბრუნდება საქართველოში, სანამ საქართველოს პრეზიდენტი არის მიხეილ სააკაშვილი, შემთხვევითი განცხადება არ არის და მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვის მიერ არის განხორციელებული მისი ჩეჩნეთში ჩაყვანა და ვის მიერ არის დაწერილი ის განცხადება, რომელიც მან გააჟღერა კადიროვთან შეხვედრის დროს.’’-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ ხიზრი ალდამოვზე ზეწოლა მოეხდინათ, რადგან მისგან, როგორც ,,კავკასიაში რუსული პოლიტიკის მიმართ შეურიგებელი ადამიანისგან,'' მსგავსი პიროვნული გადაწყვეტილების მიღება ნაკლებად სავარაუდოა.
ხიზრი ალდამოვის ჩენჩნეთში დაბრუნების ფაქტს, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ალდამოვი სჭირდებათ, რადგან მან ,,90-იანი წლების ქართული რეალობის, განსაკუთრებით კი პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე ბევრი იცის’’.
..არ ვიცი რას მოყვება ხიზრი ალდამოვი, მაგრამ მისი მონათხრობის საფუძველზე რუსებმა შესაძლოა, ქართულ მხარეს სერიოზული დისკომფორტი შეუქმნან.’’-აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ყოფილი წარმომადგენელი ხიზრი ალდამოვი ჩეჩნეთში დაბრუნდა და ხელისუფლებისგან პატიება ითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს.





