ბრაზილია

მერყევი ეკონომიკა

დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ბრაზილია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სახელმწიფოდ მიიჩნევა – მსოფლიო კრიზისის ფონზე, მისი ეკონომიკური მაჩვენებლები არათუ შენარჩუნდა, არამედ, ხშირ შემთხვევაში, გაუმჯობესდა კიდეც. მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსთა ნაწილი ამგვარი ტენდენციის გაგრძელებას ნაკლებად ელის. მათი თქმით, ფუნდამენტური რეფორმების გარეშე ბრაზილია კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

სიდიდით დღეს ბრაზილია მსოფლიოში მეექვსე, ლათინურ ამერიკაში კი პირველი ეკონომიკაა. ამ მაჩვენებლით ის უკვე დიდ ბრიტანეთსაც სჯობნის და თან, რეგიონის მთლიანი მშპ-ის 40%-ის მფლობელია – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს უდრის. ამგვარად, ღარიბი და მდიდარი მოქალაქეების შემოსავლებს შორის არსებული ნაპრალი თანდათან მცირდება და ეს საშუალო კლასის მოძლიერებაზე მიუთითებს – მათი რაოდენობა 95 მილიონამდე გაიზარდა.

დღეს ბრაზილია გაეროში მუდმივი წევრობის მიღებას ითხოვს. ასევე სურს, თანაბარი პარტნიორის სტატუსი დაიმკვიდროს ისეთ დიდ მოთამაშესთან ურთიერთობისას, როგორიც აშშ-ია. ამაზე მეტყველებს ბრაზილიის ლიდერის, დილმა რუსეფის ვაშინგტონში ვიზიტი ბარაკ ობამასთან (თვის პირველ ნახევარში). რუსეფმა ამერიკელ კოლეგას, ფაქტობრივად, პირდაპირ უთხრა, რომ უკმაყოფილოა დაბალგანაკვეთიანი მონეტარული პოლიტიკის გამო. ეს სტრატეგია, რომელსაც ამერიკა და ევროპული ქვეყნები დღეს მიმართავენ, ვალუტის მაღალი კურსის პირობებში, ბრაზილიის ექსპორტირებულ საქონელს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.

ეკონომისტების ნაწილი პრობლემას არა გარე ძალების მონეტარულ პოლიტიკაში, არამედ თავად ბრაზილიის ეკონომიკურ თავისებურებაში ხედავს. კერძოდ, ისინი მთავარ გამოწვევად მის რეგულატორულ პოლიტიკას და რეფორმებისადმი ნაკლებ ინტერესს ასახელებენ. როგორც ცნობილია, ბრაზილია ეკონომიკაში პროტექციონულ პოლიტიკას ამჯობენებს, ეს კი ვალუტის მაღალ კურსს განაპირობებს და, შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ბრაზილიური პროდუქცია ძვირდება.

მთავრობა ამგვარ პოლიტიკას საკუთარი პროდუქციის დაცვის მიზეზით ამართლებს. თავის დროზე, მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ბრაზილია მიმზიდველი ქვეყანა აღმოჩნდა ინვესტორებისთვის, რამაც ბოლო წლების განმავლობაში კაპიტალის დიდი რაოდენობის შედინებას შეუწყო ხელი. თუმცა ადგილობრივმა პროდუქციამ სათანადო კონკურენციის გაწევა ვერ შეძლო, ხელისუფლებამ კი საკუთარი წარმოების ეფექტურობის გაზრდის ნაცვლად, საგარეო გაცვლით ბაზარზე ჩარევა და უცხოური კაპიტალისთვის გადასახადების გაზრდა ამჯობინა.

ბრაზილიისთვის კიდევ ერთი თავსატეხია ბუნებრივ რესურსებსა (მაგალითად, რკინის მადანი) და მათი ექსპორტიდან შემოსულ თანხებზე მაღალი დამოკიდებულება. შედეგად, დიდია სხვადასხვა პროდუქციაზე მსოფლიო ფასის გავლენა, რაც ეკონომიკის ზრდის ტემპს ხელს უშლის. მართლაც, თუ 2010 წელს ეკონომიკამ 7,5%-იანი ნამატი აჩვენა, მომდევნო წლისთვის ეს კოეფიციენტი 2,7%-მდე დავიდა. ეკონომისტთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა ქვეყნის განვითარების ტემპი შენელდეს.

ამ გამოწვევის დასაძლევად ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო, რაც ქვეყნის ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. დღეს, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, ბრაზილია 183 სახელმწიფოდან 126-ე ადგილზეა. ამ ვითარების გამოსასწორებლად სერიოზული რეფორმებია საჭირო: საგადასახადო სტრუქტურების გამარტივება, დანახარჯების შემცირება, შრომითი რეგულაციების შერბილება. ასევე უმნიშვნელოვანესია განათლების, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების როლიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას მიღწეული წარმატებების შენარჩუნებაც კი გაუჭირდება.

კომენტარები