მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს თბილისის დროით 8:40 წუთზე აღმოსავლეთ საქართველო მიწისქვეშა ბიძგებმა შეარყია. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში დაფიქსირდა.

მიწისქვეშა რყევების  სიმძლავრემ ეპიცენტრში 5.7, ხოლო საქართველოში 4.5  მაგნიტუდა შეადგინა. აზერბაიჯანული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნგრევა გამოიწვია, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ამ დროისათვის უცნობია მოჰყვა თუ არა აღნიშნულ მიწისძვრას ნგრევა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში 7 მაისით სამი მიწისძვრაა დათარიღებული. 1989 წელს 5.6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ჩინეთში, 1986 წელს ალიასკაში 7.9 სიმძლავრის, ხოლო 1984 წელს იტალიაში 6.0 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

კავკასიის მასშტაბით ბოლო ოცი წლის მანძილზე მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრები საქართველოსა და სომხეთშია დაფიქსირებული. 1988 წლის 7 დეკემბერს 6.9 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სომხეთის ქალაქ სპიტაკში. 1991 წლის 29 აპრილს კი 7.2 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა რაჭაში აღინიშნა.

http://seismo.iliauni.edu.ge/eqs/eqs.php

http://earthquake.usgs.gov/earthquakes/eventpage/usb0009jh5

კომენტარები