ფოკუსი

გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა

ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე ბექაური საქართველოს წინააღმდეგ – პროცესი საქართველოს გამართლებით დასრულდა. ეს ფაქტი ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩებოდა, რომ არა ერთი გარემოება – 8-გვერდიანი გადაწყვეტილების ტექსტი საქმესთან დაკავშირებული ფაქტების კვლევას თითქმის არ ეთმობა. მასში სტრასბურგის სასამართლო ძირითადად ქართველი ადვოკატების ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას და მას „გამაოგნებელი უპასუხისმგებლობის გამოხატულებად” აფასებს.

ფრიდონ ბექაურმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2002 წელს მიმართა, მას შემდეგ, რაც პოლიციელის მკვლელობისთვის ქართულმა მართლმსაჯულებამ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბექაური და მისი ინტერესების დამცველები დავობდნენ, რომ სამუდამო პატიმრობა წამების ტოლფასია და, აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება. სტრასბურგის სასამართლომ საქმე 2010 წელს დასაშვებად ცნო. თუმცა, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის გარემოებები, რის საფუძველზეც სასამართლომ ამ საქმის განხილვა დაიწყო, 2007 წელს შეიცვალა – საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბექაურს სამუდამო პატიმრობა 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. მაგრამ, ვალდებულების მიუხედავად, ამ ფაქტის შესახებ ბექაურის დამცველებს სტრასბურგის სასამართლოსთვის არ უცნობებიათ.

გადაწყვეტილების ტექსტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბექაურის თავდაპირველი წარმომადგენლის – ელისო ბუთხუზის ქცევას „სამარცხვინოს” უწოდებს. „გარდა იმისა, რომ მან ვერ წარმოადგინა მოსაზრებები საქმის დასაშვებობისა და არსებითი მხარის შესახებ, მიუხედავად ამისათვის დადგენილი ვადის გახანგრძლივებისა, დამცველმა ორჯერ დაკარგა საქმის მასალები,

ვერ ითანამშრომლა მოსარჩელის სხვა წარმომადგენლებთან და მოსარჩელის ოჯახს არ აცნობა საქმის მიმდინარეობის შესახებ... მისი ზერელე დამოკიდებულება იქამდე მივიდა, რომ მან სასამართლოს დაუმალა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომჩივანს უვადო პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ფიქსირებული ვადით შეეცვალა, მაშინ როდესაც ეს ფაქტი მომჩივანის საქმის არსებით ნაწილს უკავშირდებოდა”.

რაც შეეხება ბექაურის ახალ წარმომადგენლებს, ლია მუხაშავრიასა და ვახტანგ ვახტანგაძეს – “სასამართლოს მიუღებლად მიაჩნია, რომ იურისტებმა, რომლებიც საქმეში 2006 წლის ივლისში ჩაერთვნენ, 2010 წლის მაისის ბოლომდე ვერ შეიტყვეს, რომ მათ კლიენტს უვადო პატიმრობა თავისუფლების აღკვეთის ფიქსირებული ვადით ჯერ კიდევ 2007 წლის მარტში შეეცვალა. ნებისმიერ შემთხვევაში... ორივეს – მომჩივანსაც და მის წარმომადგენელსაც, უნდა ეცნობებინათ სასამართლოსთვის საქმეში ამ უმნიშვნელოვანესი ცვლილების შესახებ... სასამართლო ამ მნიშვნელოვან გარემოებას გაითვალისწინებდა საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესწავლის დროს. სამწუხაროდ, მათ ეს არ გააკეთეს და არც დამაჯერებელი განმარტება წარმოუდგენიათ ამ სერიოზულ პროცედურულ დარღვევაზე”, – ნათქვამია გადაწყვეტილების ტექსტში.

ადვოკატთა არაკვალიფიციურობა და უპასუხისმგებლობა ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი პრობლემაა ქართულ მართლმსაჯულებაში. დროთა განმავლობაში ეს თემა უფრო მწვავედ იჩენს თავს. საქმე ისაა, რომ საქართველო, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიღებით, შეჯიბრებით მოდელზე გადავიდა. ამ სისტემაში უზრუნველყოფილია მხარეთა სრული თანასწორუფლებიანობა. ამას ემატება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეტაპობრივი დანერგვა სისხლის სამართლის საქმეებზე. წლების განმავლობაში კრიტიკის საგანს სწორედ სისხლის სამართლის სფეროში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრობლემა წარმოადგენდა. ამ რეფორმებმა უნდა შექმნას ყველა წინაპირობა, იმისთვის რომ მართლმსაჯულების ხარისხი მნიშვნელოვნად

გაუმჯობესდეს. მაგრამ ერთია შესაძლებლობის შექმნა და მეორე – მისი გამოყენება.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი სისტემა მხარეების – ადვოკატებისა და პროკურორების – მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა სრული შემადგენლობის გადამზადება ახალი საპროცესო კანონმდებლობის მიღებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. სასამართლო უნარ-ჩვევებში დახელოვნების გარდა, პროკურორები თანამიმდევრულობით ეცნობოდნენ საპროცესო კანონმდებლობის ნოვაციებს. ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ბრალდება უფრო მომზადებული შეხვდა ცვლილებებს.

2009 წელს რეფორმა ჩატარდა უფასო იურიდიული დახმარების სისტემაში, რომელიც მთლიანად ახალი ადვოკატებით შეივსო. როგორც ევროკავშირის მხარდაჭერით 2010-2011 წლებში TERRA–Media-ს მიერ განხორციელებული კვლევა მოწმობს, საზოგადოებრივი დამცველების მომსახურებით, კლიენტთა 71% კმაყოფილია.

ტრენინგების თვალსაზრისით, არც კერძო ადვოკატებს მოკლებიათ ყურადღება. ამაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავდა და ზრუნავს. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ისარგებლეს და გამოადგათ მათ ეს დახმარება.

ადვოკატი თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლად ითვლება. თუმცა, რეალურად იურიდიული მომსახურება, როგორც წესი, ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, სახელმწიფოს მიერ რეგულირდება. ადვოკატისთვის სავალდებულო ნორმებს კანონი აწესებს – საქართველოში დამცველი ვერ გახდები, თუ არ მიგიღია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული იურიდიული განათლება, სტაჟირება, არ ჩაგიბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ ხარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. თავის მხრივ, ეს ორგანიზაცია თავისი ეთიკის კომისიის მეშვეობით ზედამხედველობს მოქმედი ადვოკატების მიერ კანონისა და პროფესიული ეთიკის მოთხოვნათა დაცვას.

ადვოკატთა ასოციაციის თემა არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა სასამართლოში დავის საგანი. იყო შემთხვევა, როდესაც ეჭვქვეშ დადგა ასოციაციის სავალდებულო წევრობის ზოგადი პრინციპი და მისი შესაბამისობა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურ ნორმასთან. ამას გარდა, დაპირისპირება გაჩნდა ადვოკატთა წრეშიც. დავამ ამ ორგანიზაციის შექმნა 2006 წლამდე გააჭიანურა. დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დაახლოებით 3700 პირია.

რეალურად, საადვოკატო საქმიანობა ჩვეულებრივი სერვისია, რომელშიც მომხმარებელი ფულს იხდის. მოქალაქეს საშუალება აქვს დაიქირაოს დამოუკიდებელი ადვოკატი, რომლის მომსახურებაც, ერთ ინსტანციაში, 200-დან 500-ლარამდე მერყეობს. შეუძლია იურიდიულ კომპანიას მიმართოს, სადაც თითო ინსტანციაში წარმომადგენლობის საშუალო ფასი 1000-1500 ლარია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, კლიენტს არა წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული თანხის, არამედ საათობრივი ანაზღაურების გაღება უწევს – საშუალო ფასი 50 დოლარიდან იწყება და 350 დოლარამდე ადის.

მიუხედავად იმისა, თუ რა ფასს იხდის მომხმარებელი ადვოკატის მომსახურებაში, დამცველის პროფესიული ვალია, რომ ყველაფერი იღონოს კლიენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მისი გამოისობით დაცვის ქვეშ მყოფს დამატებითი ზიანი არ მიადგეს. სტრასბურგის სასამართლოს ზემოხსენებული საქმე იმითაცაა საყურადღებო, რომ დამცველებმა კლიენტიც ფრუსტრირებული დატოვეს – გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ბექაურის მამა სასამართლოს შეეხმიანა და იჩივლა, რომ მისი შვილის წარმომადგენლებმა ის საინფორმაციო ვაკუუმში მოაქციეს და საქმის დეტალების შესახებ არაფერი იცოდა.

კლიენტის უფლებების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ მას ადვოკატის უხარისხო მომსახურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება შეეძლოს. ბევრ ქვეყანაში ადვოკატის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა გავრცელებული სერვისია. საქართველოში ეს პრაქტიკა ფეხს ნელა, მაგრამ მაინც იკიდებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, რამდენიმე იურიდიული ფირმა დაეზღვია. თუმცა, ამას გამონაკლისის სახე უფრო აქვს, ვიდრე წესის. გარდა ამისა, თავად ეს დაზღვევაც ჯერჯერობით სიმბოლურ ხასიათს ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით ადვოკატის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების პრეცედენტი პრაქტიკულად არ არსებობს.

უკმაყოფილო კლიენტთა ნაწილი, ვინც მიიჩნევს, რომ ადვოკატის ქმედებით მათი უფლებები ან ინტერესები დაირღვა, როგორც წესი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართავს. 2010-დან 2012 წლის თებერვლის ჩათვლით ეთიკის კომისიაში სულ 249 საჩივარი შევიდა. ეს ორგანო ადვოკატების დისციპლინურ დევნას ახორციელებს. მაგრამ, მოქმედი წესდების მიხედვით, კომისია ვერ აიძულებს ადვოკატს, კლიენტს გადახდილი ჰონორარი დაუბრუნოს ან მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს.

კანონით დადგენილია დისციპლინური სახდელების სხვადასხვა სახე: გაფრთხილება, საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით ან ასოციაციის წევრობის შეწყვეტა. გარდა ამისა, კომისიას შეუძლია კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს ადვოკატს. ბოლო 2 წლის მანძილზე, მხოლოდ 12 შემთხვევაში მიეცათ ადვოკატებს გაფრთხილება, ხოლო საქმიანობის უფლება 3 ადვოკატს შეუწყდა.

შესაძლოა, ადვოკატების დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის შემთხვევათა სიმცირე იმითაც აიხსნება, რომ კომისიის 15 წევრიდან, მხოლოდ ერთია არაიურისტი. კოლეგები კი, ერთმანეთის მიმართ, როგორც წესი, უფრო ლმობიერები არიან.

თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადვოკატის უხარისხო მომსახურების გამო, კლიენტები სასამართლოს მიმართავენ. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო საქმეში მოქალაქე დავობდა, რომ ადვოკატს მომსახურების საფასური გადაუხადა, თუმცა მისი ინტერესების დამცველმა უმოქმედობა არჩია და საერთოდ არ შეიტანა საქმე სასამართლოში. ზიანის ანაზღაურება ამ შემთხვევაში სიმბოლური იყო (დაახლოებით 150 ლარი ანუ ის თანხა, რაც კლიენტმა მომსახურებაში გადაიხადა). სამწუხაროდ, ქართული სასამართლოების პრაქტიკა ამ მხრივ მდიდარი არაა. მოქალაქეებმა არ იციან რა მექანიზმებით დაიცვან თავი უვარგისი ადვოკატებისგან.

ნიშანდობლივია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში ადვოკატთა უსაქციელობის საილუსტრაციოდ სულ ექვს პრეცედენტს მოიხსენიებს. აქედან ოთხი ქართულია. სტრასბურგის სასამართლო ადვოკატებს აფრთხილებს, რომ თუ მსგავს უპასუხისმგებლობას კვლავაც ექნა ადგილი ამ ადვოკატების მხრიდან, სასამართლოს რეგლამენტი საშუალებას იძლევა, მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოღვაწეობა აეკრძალოთ.

 

კომენტარები