პარლამენტი

გივი თარგამაძე: ოპოზიციის და მარიონეტული ხელისუფლების პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

სააგენტო ”პირველის” ცნობით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ  გივი თარგამაძემ პროვოკაციული უწოდა დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ  ”უკანონო ფორმირებების” შექმნის თაობაზე ირაკლი ალასანიას ცნობილ ბრალდებას.   ამავე ცნობით,  პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ კომენტარში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა: "ოპოზიციისა და მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები ერთმანეთს ისე დაემთხვა და ერთმანეთში ისე აირივნენ, რომ მათ შორის ზღვარიც კი გაქრა."

ირაკლი ალასანია მის მიმართ გამოთქმულ მსგავს შეფასებებს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გამოეხმაურა. გადაცემაში ”სუბიექტური აზრი” მან კატეგორიულად უარყო შეხედულება, რომ სამეგრელოში” არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების” შექმნაში სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულებით, ნებსით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებებს.

როგორც ცნობილია აფხაზეთის სეპარსტიტულმა ხელისუფლებამ აფხაზეთში ”არასასურველ პირად” გამოაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიცი, მათ შორის იმ საბაბით, რომ მან ”უყურადღებოდ დატოვა კონფლიქტის ზონის სიახლოვეს არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის პროცესი.” ამასთან, 24 აპრილს გალში ჩაიშალა შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რის გამოც დღეს შეშფოთება გამოხატა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, ფილიპ ლეფორმა. მან აღნიშნა, რომ სოხუმის გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი.

ალასანიას თქმით კი ჟენევის მოლაპარაკებებიდან და ასევე გალის შეხვედრებიდან საქართველოს დელეგაციას ”არანაირი შედეგები არ წამოუღია” და ამის შემდეგ ” ხელმოცარული მოხელეები ცდილობენ საკუთარი ხელმოცარული პოლიტიკა სხვას გადააბრალონ.”

 

კომენტარები