ვეფხისტყოსანი

2012 "ვეფხისტყაოსნის" წელი

'ვეფხისტყაოსნის' პირველ ბეჭდურ გამოცემას წლეულს სამასი წელი შეუსრულდა. პოემა, ნაბეჭდი სახით, პირველად 1712 წელს გამოიცა თბილისში, ვახტანგ მეექვსეს მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში (საკრალური და სახარებისეული წიგნების კვალდაკვალ). გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – იუნესკომ, ეს ისტორიული მოვლენა 2012 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის საიუბილეო თარიღების ნუსხაში შეიტანა.

დღეს რუსთაველი მსოფლიოს 37 ქვეყანაში 47 ენაზეა თარგმნილი. „ვეფხისტყაოსნის” გამოცემების ყველაზე სრული კოლექცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. აქ ინახება წიგნის ოთხასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის, კავკასიურ ენებზე ნათარგმნი: აზერბაიჯანულად, აფხაზურად, ოსურად, ჩეჩნურად, ადიღეურად, მეგრულად.

თითოეულ გამოცემას თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, ბიბლიოთეკაში დაცული რუსთაველის ჩეჩნური თარგმანი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩეჩნეთში ომს თითქმის ვერცერთი დიდი წიგნსაცავი ვერ გადაურჩა. მეგრულ ენაზე პოემა სოხუმში დაიბეჭდა არძინბას ინიციატივით, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად პოლიტიკური სარჩული დაუდო. ჩილეში ესპანურად გამოცემული რუსთაველი, სამშობლოში პირველად 1962 წელს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა მიშა მესხმა და იოსებ ნონეშვილმა ჩამოიტანეს. აქვეა ზვიად გამსახურდიას მიერ მკაცრად გაკრიტიკებული ქეთრინ ვივიანის ინგლისური თარგმანიც. პოემა თარგმნილია იაპონურად, ჩინურად და ესპერანტოზეც კი. დღემდე არ არსებობს „ვეფხისტყაოსნის” ბერძნული გამოცემა, მაგრამ სამაგიეროდ, საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება ბერძნულ ენაზე შესრულებული თარგმანი, რომელიც საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი.

ეროვნულ ბიბლიოთეკაშივეა დაცული უძველესი, ვახტანგისეული გამოცემებიც. ბიბლიოთეკის ფონდების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან თაქთაქიშვილის თქმით, მათი კოლექცია იმდენად მდიდარია, რომ დღეს ეს წიგნები ფასდება არა მხოლოდ სიძველით, არამედ იმითაც, თუ ვისი ნაქონია ესა თუ ის ეგზემპლარი: „დღემდე შემორჩენილია მეთვრამეტე საუკუნეში დაბეჭდილი ოცი „ვეფხისტყაოსანი”. მათგან არცერთი წიგნი არ არის სრული და ერთმანეთს ავსებენ. ერთ-ერთი ყველაზე უკეთ დაცული ეგზემპლარია ილია ჭავჭავაძის ნაქონი „ვეფხისტყაოსანი”, რომელზეც ილიასავე მინაწერებია დართული”. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, სწორედ ამ ვახტანგისეული ეგზემპლარის გამოცემას აპირებს ქვეყნის მთავარი წიგნსაცავი „ვეფხისტყაოსნის” სამასწლიან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

პოემის პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო წლებში საქართველოში და მის გარეთ მრავალი ღონისძიება გატარდა: დაიბეჭდა „ვეფხისტყაოსნის” ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცემები, თბილისის საკრებულოს დაფინანსებით, 2011 წელს დაარსდა ელექტრონული პორტალი www.rustaveli.net, რომელზეც დღემდე მიმდინარეობს პოემასთან და მის ავტორთან დაკავშირებული ყოველგვარი მასალის თავმოყრა. იგეგმება „ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა ილუსტრაციების გაციფრულებაც. 2010 წელს იტალიის დედაქალაქში, ვილა ბორგეზეში, ჰომეროსის ქუჩაზე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მიერ 1946 წელს ბრინჯაოში ჩამოსხმული რუსთაველის ბიუსტი დაიდგა. რომის მერიის გადაწყვეტილებით, ეს არის უკანასკნელი ექსპონატი, რომელიც განთავსდა პარკში, სადაც მსოფლიოს უდიდესი მწერლების ძეგლებია თავმოყრილი.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოში დღემდე პრობლემად რჩება რუსთაველის ცნობადობის საკითხი. 2010 წლის ნოემბერში, თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა ინტელექტუალმა, უმბერტო ეკომ, იტალიურ ჟურნალ ესპრესოში გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსთაველი, ეს ვინღა იყო?”. იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ცუდად იცნობენ დასავლეთში სხვა ტრადიციების მქონე უდიდეს ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ეკოს რუსთაველის მაგალითი მოჰყავს: „შესაძლებელია თუ არა, გლობალური სამყაროსთვის მისაღებ განათლებაზე საუბარი, როდესაც განათლებული ევროპელების 99 პროცენტი არ იცნობს ნაწარმოებს – რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს” – რომელსაც ქართველები ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს პოემად მიიჩნევენ. და ეს მაშინ, როდესაც იმაზეც კი ვერ შევთანხმდით, ჩვენთვის უცხო ანბანის მქონე ენაზე სინამდვილეში რის ტყავზე იყო საუბარი: პანტერის, ვეფხვის თუ ლეოპარდის?”.

ლეოპარდი ჩვენგან შორს, ვეფხი და ვეფხვი კი ჩვენც დღემდე გვერევა ერთმანეთში. რაც შეეხება ევროპას – წლეულს, საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო „ვეფხისტყაოსნის” ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოცემას აპირებს. წიგნების პრეზენტაცია კი, დასავლეთისთვის ჩვენი მესხი მელექსისა და ქართული კულტურის უდიდესი ლიტერატურული შედევრის – „ვეფხისტყაოსნის” უკეთ გასაცნობად, გაეროს შტაბბინაში იგეგმება.

 

კომენტარები