
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, 31 ოქტომბერს მსოფლიოს მოსახლეობამ 7 მილიარდი შეადგინა. თარიღი, რა თქმა უნდა, სიმბოლურია. დედამიწის ბინადართა ზუსტი რიცხვის დადგენა უწყვეტი შობადობა-გარდაცვალებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს პლანეტაზე ამდენ ადამიანს ერთდროულად არასოდეს უცხოვრია.
გაეროს განცხადებამ ტომას მალთუსის მიმდევრები გაააქტიურა და ანტიპოპულაციონისტური გამოსვლების ახალი ტალღა გამოიწვია. ბრიტანელი მეცნიერი XIX საუკუნის დასაწყისში ამტკიცებდა, რომ დედამიწას არ შეუძლია გამოკვებოს გაზრდილი მოსახლეობა. შესაბამისად, თუ კაცობრიობამ გამრავლების ტემპი არ შეამცირა, ეს მასობრივი შიმშილის, ეპიდემიების და ომების ხარჯზე მოხდება.
მალთუსიანიზმი რომ ეკონომიკური აბსურდია, მცირე ისტორიული ანალიზიც ამტკიცებს. საინტერესო ის უფროა, რომ ამ ანტიჰუმანურ თეორიას ჯერ კიდევ მრავალი მომხრე ჰყავს. ისინი შიშობენ, რომ დედამიწაზე 2050 წლისთვის – 9, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის – 10 მილიარდი მოსახლეობის გამოსაკვებად რესურსები არ მოიპოვება. შეშფოთება აზრსმოკლებული არ იქნებოდა, რომ არა ერთი მარტივი ჭეშმარიტება – ეკონომიკურ დოვლათს ადამიანები ქმნიან.

1927 წელს, როდესაც ერთა ლიგამ მონობის ყველა ფორმა საბოლოოდ გაუქმებულად გამოაცხადა, „თავისუფალმა” ადამიანებმა მეორე მილიარდს მიაღწიეს. ამ პერიოდში, მალთუსიანიზმი ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა 1960-იან წლებში პოლ ერლიხის „მოსახლეობის ბომბმა” თეორიას პოპულარობა დაუბრუნა.
ამერიკელი ბიოლოგი 1968 წელს გამოქვეყნებულ წიგნში ამტკიცებდა, რომ გადაჭარბებული მოსახლეობა 20 წელიწადში მსოფლიო შიმშილობამდე მიგვიყვანდა. შესაბამისად, საჭირო იყო სასწრაფო ზომების მიღება. ერლიხის გავლენით, თუ მის გარეშე, ფაქტია, რომ 60-იანი წლებიდან მოყოლებული, მართლაც მკვეთრად გაიზარდა შობადობის კონტროლი. იმდენადაც კი, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ვეღარ ახერხებს მოსახლეობის ჩანაცვლებას. მაგალითად, იაპონიასა და ევროპაში, შობადობის საშუალო მაჩვენებელი ერთ ქალზე 1.5-ს უდრის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ერის დაბერებას და ეკონომიკურ დაღმავლობას უწყობს ხელს. შემცირებულ შობადობას, და უფრო მეტიც, ნებაყოფლობითი უშვილობის მასობრივ გავრცელებას, საზოგადოებაში ქალის როლის შეცვლით, ასევე მაღალი ურბანიზაციით ხსნიან. ზოგ შემთხვევაში, ამას ემატება მთავრობის უხეში ჩარევაც. ჩინეთის „ერთი შვილის” პოლიტიკა, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ეხმარება, მომავალში დასაქმებულთა და პენსიონერთა აბსოლუტურ შეუსაბამობას წარმოქმნის და უმწვავეს პრობლემად გადაიქცევა.

ჩნდება კითხვა, რა უფრო საშიშია: აზრსმოკლებული მალთუსიანური „წინასწარმეტყველება” თუ ახალდაბადებულთა არათანაბარი გადანაწილება და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაბერება? პრობლემა არასაკმარისი ბავშვებია. სტატისტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მეტნი ვართ, ეკონომიკური აქტივობაც მაღალია და ცხოვრების პირობებიც მუდმივად უმჯობესდება.
სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ დაბადების ბედნიერება სულ 108 მილიარდს ხვდა წილად, მათ შორის – ჩვენც. დღესდღეობით მათი 6.5% ანუ ყოველი მე-15 ადამიანია ცოცხალი. სამწუხაროდ, ბევრი დროს ანტიჰუმანური თეორიების პოპულარიზაციაში კარგავს. უფრო გონიერები კი საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ, შრომობენ და მომავალს ქმნიან.





