ჩოგბურთი

დიადი მაესტროს დაბრუნება

ვიკიპედიაში ვკითხულობთ:
„ჩოგბურთში მიღწეული წარმატებებისთვის ის ზედიზედ ოთხჯერ – 2005-2008 წლებში – დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად. მას ხშირად უწოდებენ შვეიცარიელ მაესტროს ან, უბრალოდ მაესტროს. 2011 წელს ჟურნალმა ფორბსმა ის მსოფლიოს 100 ყველაზე პოპულარულ ადამიანს შორის 25-ე ადგილზე დაასახელა”.
იქვე შავით თეთრზე წერია, რომ არაერთი მიმომხილველი და ვეტერანი მოთამაშე ფედერერს ყველა დროის უძლიერეს ჩოგბურთელად მიიჩნევს.
ძნელია ჟურნალისტების და ვარსკვლავების აზრს არ დაეთანხმო: შვეიცარიელმა დიდი მუზარადის ყველაზე მეტი, 16 ტურნირი მოიგო, ზედიზედ 237, სულ კი 285 კვირა ლიდერობდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგს და, არც მეტი, არც ნაკლები, 100 საკარიერო ფინალიდან 70-ჯერ მთავარი პრიზი აღმართა!
შვეიცარიელი მაესტრო როჯერ ფედერერია – დღესდღეობით მსოფლიოს მესამე ჩოგბურთელი და წლის შემაჯამებელი ტურნირის, ATP-ის მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის ტრიუმფატორი.
2011 წელი მისთვის კარგად დაიწყო – იანვარში ყატარის ღია ჩემპიონატში იმარჯვა. სეზონის დასასრული უკეთესი გამოუვიდა: ჯერ მშობლიურ ბაზელში აჯობა ყველას, მერე მეზობელ საფრანგეთში ჩავიდა და პირველად მოიგო პარიზის მასტერსი. ნოემბრის მიწურულს კი ლონდონში ტურის ფინალში გაიმარჯვა.
მაგრამ კარგ დასაწყისსა და ჩინებულ დასასრულს შორის იყო ათი თვე, როცა ცოცხალი ლეგენდა პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდეგ ყველასთან დამარცხდა და რის გამოც 30 წლის ასაკში ნაადრევად ჩამოწერეს.
ამ ათ თვეში ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაჩრდილა – სერბმა სადაც ითამაშა, ყველგან მოიგო. თან ბრწყინვალედ.
ამ ათ თვეში შვეიცარიელის კრიზისზე მეტად – თითქოს მოსახდენი ხდებაო – ესპანელი რაფა ნადალის გაუთავებელ ტრავმებზე საუბრობდნენ.
ამ ათ თვეში როჯერმა პირველად დატოვა კლასიფიკაციის პირველი სამეული – სერბის და ესპანელის შემდეგ რეიტინგში ბრიტანელი ენდი მარი აღზევდა.
და თითქოს ბრწყინვალე კარიერის დასასრულიც დადგა, მაგრამ...
ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალის შემდეგ, სადაც ორი სეტით დაწინაურებული როჯერ ფედერერი მაინც დამარცხდა ჯოკოვიჩთან, შვეიცარიელმა თვენახევრიანი შვებულება აიღო.
„მომხდარის გასაანალიზებლად დრო მჭირდებოდა. ცონგასთან (უიმბლდონის მეოთხედფინალში) და ჯოკოვიჩთან ერთნაირად წაგება (2:0-ის შემდეგ) ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა: სამი კვირა მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი, მერე კი ნელ-ნელა მიზეზებსაც მივაგენი. მიხარია, რომ ორივე მარცხიდან მართებული დასკვნა გამოვიტანე. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბოლო თამაშების შემდეგ ამის თქმის უფლება ნამდვილად მაქვს”, – როჯერ ფედერერმა ეს სიტყვები ლონდონში, ტურის ფინალში გამარჯვების შემდეგ წარმოსთქვა.
წლის შემაჯამებელ ტურნირში შვეიცარიელმა მაესტრომ დიდებულად იასპარეზა და თავისსავე უამრავ რეკორდს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა შემატა: გახდა პირველი, რომელმაც ATP-ის მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო. აქამდე ის ხუთი ტიტულით ივან ლენდლთან და პიტ სამპრასთან იყოფდა პირველ ადგილს.
თუმცა მხოლოდ ციფრები ხომ არაა გადამწყვეტი? ლონდონში ფედერერმა შესანიშნავი თამაში აჩვენა – მარტო რაფა ნადალთან ერთ საათში 6:3, 6:0 მოგება რად ღირს.
„ასე ძლიერად ტური ჯერ არ დამისრულებია. რაც მოხდა, ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში მეტს მივაღწევ. მოვიგებ თუ არა დიდი მუზარადის ტურნირს? როგორ გითხრათ, საამისოდ ყველაფერს ვიღონებ!” – 2011 წელი როჯერ ფედერერმა ზედიზედ 17 მოგებით დაასრულა.
ოთხი კვირაც და ახალი სეზონი დაიწყება.
შვეიცარიელი 2012 წელს ყატარის ღია ჩემპიონატით იწყებს – დიადმა ალპელმა დოჰაში ტიტული უნდა დაიცვას.
შვეიცარიული  მწვერვალები
ფედერერმა დიდი მუზარადის ყველაზე მეტი, 16 ტურნირი მოიგო: ავსტრალია (2004, 2006, 2007, 2010), როლან გარო (2009), უიმბლდონი (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009), აშშ (2004, 2005, 2006, 2007, 2008).
ფედერერი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი მუზარადის ორ სხვადასხვა ტურნირზე შეძლო ტიტულის ზედიზედ ოთხჯერ
დაცვა: უიმბლდონი (2003, 2004, 2005, 2006) და აშშ (2004, 2005, 2006, 2007).
ფედერერი ერთადერთია, რომელმაც ორჯერ მოახერხა დიდი მუზარადის ზედიზედ სამი ტურნირის მოგება: უიმბლდონი 2005 – აშშ 2005 – ავსტრალია 2006 და უიმბლდონი 2006 – აშშ 2006 – ავსტრალია 2007.
ფედერერმა მოქმედ ჩოგბურთელთაგან ყველაზე მეტი, 70 ტურნირი მოიგო. ეს ყველა დროის საუკეთესო მეოთხე შედეგია ჯიმი კონორსის (109), ივან ლენდლის (94) და ჯონ მაკინროის (77) შემდეგ.
ფედერერი ერთადერთია, რომელმაც დიდი მუზარადის ოთხივე ტურნირის ფინალში 5-ჯერ და მეტჯერ იასპარეზა: ავსტრალია (5), როლან გარო (5), უიმბლდონი (7), აშშ (6).
ფედერერი ერთადერთია, ვინც სამჯერ შეძლო ერთ კალენდარულ წელიწადში დიდი მუზარადის ოთხივე ტურნირის ფინალში გასვლა: 2006, 2007 და 2009.
ფედერერმა დიდი მუზარადის ტურნირებში ზედიზედ 23-ჯერ ითამაშა ნახევარფინალში: უიმბლდონი 2004 – ავსტრალია 2010. ეს რეკორდია.
ფედერერი ერთადერთია, ვინც ზედიზედ შვიდჯერ გავიდა დიდი მუზარადის სამი ტურნირის ნახევარფინალში: ავსტრალია 2004-2011, უიმბლდონი 2003-2009, აშშ 2004-2011.
ფედერერმა დიდი მუზარადის ოთხივე ტურნირზე მინიმუმ 6-6-ჯერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა. ეს რეკორდია.
ფედერერი ერთადერთია, რომელმაც დიდი მუზარადის ორ ტურნირზე მოახერხა ზედიზედ 40 დაპირისპირების მოგება: უიმბლდონი 2003-2008 და აშშ 2004-2009.
ფედერერი ზედიზედ 18-ჯერ იყო დიდი მუზარადის ტურნირების პირველი ნომერი: როლან გარო 2004 – უიმბლდონი 2008.
ფედერერმა ზედიზედ 8-ჯერ – 2004-2011 წლებში შეძლო დიდი მუზარადის ტურნირებზე 20 და მეტი პაექრობის მოგება. ეს რეკორდია.
ფედერერმა წლის შემაჯამებელი ტურნირი 6-ჯერ მოიგო: 2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011 – ეს რეკორდია. ხუთჯერ – 2003, 2004, 2006, 2010, 2011 – მან დაუმარცხებლად იმარჯვა – ესეც რეკორდია.
ფედერერმა მასტერსის სერიის ტურნირების ფინალებში 30-ჯერ იასპარეზა. ეს რეკორდია.
ფედერერი პირველი და ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელიც ზედიზედ 200 (და მეტი) კვირის განმავლობაში ლიდერობდა ATP-ის რეიტინგს.
ფედერერმა 2003-2008 წლებში ზედიზედ 65 პაექრობა მოიგო ბალახის კორტებზე. ეს რეკორდია.
ფედერერმა 2005-2006 წლებში ზედიზედ 56 დაპირისპირება მოიგო ჰარდზე. ესეც რეკორდია.
ფედერერმა 2003 წლის ოქტომბრიდან (ვენა) 2005 წლის სექტემბრის (ბანგკოკი) ჩათვლით 24-ჯერ იასპარეზა ფინალში და ყველა შემთხვევაში იმარჯვა. ეს რეკორდია.
ფედერერი ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო წელიწადში 10 და მეტი ტურნირის მოგება: 2004 (11), 2005 (11), 2006 (12).
ფედერერი ერთადერთია, რომელმაც 5-ჯერ და მეტჯერ მოიგო 5 სხვადასხვა ტურნირი: ჯერი ვებერი (ჰალე), შვეიცარიის პირველობა (ბაზელი), აშშ-ის ღია პირველობა, უიმბლდონი (6-ჯერ) და წლის შემაჯამებელი ტურნირი (6-ჯერ). 

კომენტარები