სამხრეთ ოსეთი

არჩევნები რუსული სქემით

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციონერმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ თავი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა და მოქმედ რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა, მისი გამარჯვების აღიარების მოთხოვნით.

ამ კვირაში ადგილობრივი „უზენაესი სასამართლო” ალა ჯიოევას სარჩელს განიხილავს. კანდიდატი ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც 27 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო – ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დაშვებული დარღვევების საბაბით. გასულ კვირაში ადგილობრივმა პარლამენტმა განმეორებითი არჩევნების მომავალი წლის 25 მარტისთვის დანიშვნაც მოასწრო. ალა ჯიოევას მასში მონაწილეობა აეკრძალა. მომავალ არჩევნებამდე „პრეზიდენტის” მოვალეობა კვლავ ედუარდ კოკოითიმ უნდა შეასრულოს.

ჯიოევამ ეს გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა და მხარდამჭერებს საკუთარი არჩევანის დაცვისკენ მოუწოდა. მან მოქმედი რეჟიმი ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და „სახელმწიფო საბჭოს” ფორმირებას შეუდგა. ამოცანად ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება განისაზღვრა. 29 ნოემბრიდან ცხინვალში ჯიოევას მომხრეების მრავალათასიანი აქციები დაიწყო.

ჯიოევას მოწინააღმდეგე, მმართველი პარტია ედინსტვოს კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვის ღია მხარდაჭერით სარგებლობდა. პირველი ტურის წინ წერილი ბიბილოვს პირადად ვლადიმირ პუტინმა გაუგზავნა. მეორე ტურის დაწყებამდე ვლადიკავკაზში მას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეხვდა და საჯაროდ მხარდაჭერა აღუთქვა. ალა ჯიოევას უკან კოკოითის რეჟიმის ცნობილი ოპონენტები – თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი და „უშიშროების საბჭოს” ყოფილი მდივანი, გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი იდგნენ.

საბოლოოდ, სახელისუფლებო კანდიდატმა მეორე ტური წააგო. როგორც ალა ჯიოევა ამტკიცებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო ოქმის თანახმად, მან ხმების 56 პროცენტზე მეტი მოიპოვა.

გამარჯვებულ კანდიდატს დიდი იმედი არ აქვს, რომ სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს. იგი დანებებას არ აპირებს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ედუარდ კოკოითის ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავს, ჯიოევამ დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართა. იგი სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. ელჩსაც შეხვდა.

თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ „პატივი უნდა სცეს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებას”. ამან ოპოზიციას იმედები გადაუწურა. ნათელი გახდა, რომ მოსკოვი არჩევნების შედეგების გაუქმებას მიესალმება. „გულწრფელად გეტყვით, ცოტათი ნაწყენი ვარ რუსეთზე. მე რუსეთის მოქალაქე ვარ, როგორც სულისკვეთებით, ისე პასპორტით და, რა თქმა უნდა, ძალიან მწყინს”, – განაცხადა ჯიოევამ და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, „კოკოითისთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი პირები” რუსეთის ხელმძღვანელობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

30 ნოემბერს მთავრობის სახლთან, რომელთანაც ჯიოევას მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა, სროლაც გაისმა – შენობის გარშემო მობილიზებულმა ძალოვნებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, რათა შეკრებილი ხალხი შენობასთან არ მიეშვათ. ამის შემდეგ ჯიოევა ედუარდ კოკოითის შეხვდა და ულტიმატუმი წაუყენა – რეჟიმის ლიდერს დღის ბოლომდე არჩევნების შედეგები უნდა ეღიარებინა. სანაცვლოდ, ჯიოევა მას უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობდა. თუმცა, კოკოითიმ ულტიმატუმი არ შეასრულა და „უზენაესი სასამართლოს” თავმჯდომარის პირით, გამარჯვებულ კანდიდატს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესთავაზა.

მანამდე კოკოითიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ აპირებს. თუმცა მათ, ვინც ვითარების დესტაბილიზაციას შეეცდებოდა, დაემუქრა. რეჟიმის ლიდერმა ოპოზიციის თბილისთან შესაძლო კავშირზეც მიანიშნა. დღის ბოლოს კი მომიტინგეებთან გამოვიდა, თუმცა დემონსტრანტთა შეძახილებისა და სტვენის გამო სიტყვით გამოსვლა ვერ დაასრულა.

30 ნოემბერს, საღამოს, კონფლიქტის დასარეგულირებლად მოსკოვმა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვინოკური გამოგზავნა. რუსი მაღალჩინოსანი, როგორც ხელისუფლებას, ასევე ჯიოევას და მის მხარდამჭერებს შეხვდა. ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული” უწოდა, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ მხარდამჭერებისათვის არაფერი უცნობებია.

როგორც ადგილობრივი რეჟიმი, ასევე რუსეთის ხელისუფლება ცხინვალის საინფორმაციო ბლოკადაში მოქცევას შეეცადნენ. გასულ კვირაში რეგიონში შეფერხებებით მუშაობდა ინტერნეტი და მობილური კავშირი. რუსეთის ტელეარხები კი ცხინვალის მოვლენებს თითქმის არ აშუქებდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ფინანსურად დღემდე რუსეთზეა დამოკიდებული. იქ დარჩენილი მოსახლეობის განწყობაც პრორუსულია. ამ ვითარებაში ნებისმიერი გამარჯვებული კანდიდატიც პრორუსული იქნებოდა. შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას კრემლისთვის რაიმე ნეგატიური შედეგი არ მოჰყვებოდა.

მოსკოვის ხისტი პოზიციის მიზეზად ექსპერტები არა მხოლოდ საკუთარი კანდიდატის გაყვანის სურვილს, არამედ რუსეთში კვირას გამართული სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინ კრემლის შიშებსაც ასახელებენ. როგორც მოსკოვის კარნეგი-ცენტრის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო მიიჩნევს, რუსეთს ცხინვალის მოვლენებზე რეაგირების ორი გზა რჩებოდა – „ან ბოლომდე მიაწვეს, რასაც ახლა მოსკოვი აკეთებს, ან მოელაპარაკოს გამარჯვებულს”. მისი აზრით, კომპრომისისა და მოლაპარაკებების შემთხვევაში, უკვე რუსეთის შიგნით, შესაძლოა, ვინმეს ეფიქრა, რომ „ამ სისტემაზე (რუსეთის ხელისუფლებაზე) ზეწოლა შესაძლებელია და თუ ძალიან მოინდომებ, იმას მიიღებ, რაც გინდა”. ეს ვარიანტი, მალაშენკოს თქმით, კრემლისთვის დაუშვებელია.

კრემლშიც და დასავლეთშიც ცხინვალის მოვლენები სწორედ რუსეთში წინასაარჩევნო სიტუაციის კონტექსტში აღიქმება. სამხრეთ ოსეთის სიტუაცია არის „მინიარჩევნები რუსეთში”, – აღნიშნავს რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი. მისი აზრით, ეს მოწმობს, „თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს კრემლი საკუთარი გამარჯვების ნებისმიერი გზით უზრუნველსაყოფად”. ეპიფანცევი მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება, თუ „არასწორი” იქნება, რუსეთშიც რეალური ხდება.

აშშ-ის გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის განცხადებით, „თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის მომავალი არჩევნები ფარსად იქცევა, სამხრეთ ოსეთში ბოლო მოვლენების შემდეგ ეს ეჭვები უნდა უკუაგდოს”.

მისი თქმით, რუსეთში არჩევნებზე, შესაძლოა, ცხინვალის მსგავსი მანიპულაციები განხორციელდეს. სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ „ოდესმე რუსეთის მთავრობა მიხვდება, რომ ქვეყნის საზღვრებთან დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა მისთვის უსაფრთხოების წყაროა და არა საშიშროების”.

„სანამ ეს მოხდება, აშშ-მა კვლავაც უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მისი სუვერენული ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციაში”, – განაცადა მაკკეინმა.

კომენტარები