ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად

რუსეთის მმართველმა პარტიამ ერთხმად წამოაყენა  რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის კანდიდატურა.  თავად პუტინმა კი პარტიის ყრილობაზე აღნიშნა, რომ ”ედინაია რასიაზე” დაყრდნობით   რუსეთის ხელისუფლებამ  დაიცვა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, უზრუნველყო ქვეყნის განვითარება და დაიცვა მისი მოსახლეობის უმრავლესობა 2008-2009 წლების კრიზისის პირობებში.

” ვლადიმირ  პუტინი ყველაზე პოპულარული, ყველაზე მცოდნე და წამატებული პოლიტიკოსია  თანამედროვე რუსეთში.  რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მისი სჯერა , აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მას უკავშირებს უკეთესი მომავლის იმედს,”-  თქვა პარტიის ყრილობაზე რუსეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა. საპრეზიდენტი არჩევნები რუსეთში 4 მარტს გაიმართება.

 შაბათს კი   გავრცელდა ცნობა, რომ ვლადიმირ პუტინმა მოულოდნელად უარი თქვა დასწრებოდა კონცერტს პეტერბურგში, რომელიც გაიმართა სახელწოდებით ”უთხარი უარი ნარკოტიკებს”. არადა, წინასწარ გამოცხადებული იყო, რომ კონცერტზე მისულებს პუტინი უნდა მისალმებოდა. მის მაგივრად კონცერტზე რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი დიმიტრი კოზაკი მივიდა და მისი მისასალმებელი სიტყვა დარბაზიდან სტვენამ გადაფარა.   როგორც ცნობილია,  მანამდე ანალოგიურ უხერხულ სიტუაციაში  თავად  პუტინი აღმოჩნდა, როცა მოსკოვის ოლიმპიურ დარბაზში ავიდა რინგზე და  რუს მოკრივეს ასპარეზობაში გამარჯვება მიულოცა. ბიბისი-ს რუსულმა რედაქციამ  საკუთარ ცნობაში მიუთითა, რომ პეტერბურგში გამართულ კონცერტზე ვლადიმირ  პუტინის გამოუცხადებლობა დაემთხვა სოციალურ ქსელებში კამპანიის აგორებას. სოციალურ  ქსელებში კი შეიქმნა ჯგუფები, რომელთა ავტორებმაც რუსეთის საზოგადოებას მოუწოდეს  სტვენით შეხვდნენ სხვა და სხვა სცენაზე პუტინის გამოჩენას.

 დასავლეთის მედია დღემდე წერს მოსკოვის ოლიმპიურ დარბაზში რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრისთვის შექმნილ უხერხულობაზე. პუტინის  პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი იძულებული გახდა განემარტა, რომ მაშინ პუტინს კი არ დაუსტვინეს,  არამედ  დარბაზიდან სტვენით  დამარცხებული ამერიკელი სპორტსმენი გააცილეს.” პესკოვის ამ განცხადების შემდეგ  facebook-ში გაჩნდა ათასობით კომენტარი, გულშემატკივრები ირწმუნებიან, რომ  მოსკოვის ოლიპიურ დარბაზში სწორედ პუტინს დაუსტვინეს”-  შენიშნავს ბიბისი.

 

კომენტარები