საუდის არაბეთი

აშშ-ს მოკავშირე, ირანის მტერი და რეფორმების მოწინააღმდეგე

საუდის არაბეთში ახალი ტახტის მემკვიდრე, პრინცი ნაიფ იბნ აბდულ აზიზ ალ საუდი, აირჩიეს. მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ სახელმწიფოში სამეფო ტახტი მემკვიდრეობით 1932 წელს მონარქიის დამაარსებელი მეფის, აბდულ აზიზ იბნ აბდულრაჰმან ალ საუდის ვაჟებს ეკუთვნით.  ქვეყანაში მემკვიდრეობის კრიზისია, ვინაიდან პრინცები საკმაოდ  ხანდაზმულები არიან. მოქმედი მეფე, აბდულა იბნ აბდულ აზიზი, 88 წლისაა. მას შემდეგ, რაც 22 ოქტომბერს ნიუ იორკში ტახტის აწ უკვე ყოფილი მემკვიდრე, პრინცი სულტან იბნ აბდულ აზიზი გარდაიცვალა, მეფემ ერთგულების საბჭოსთან შეთანხმებით ახალ მემკვიდრედ პრინცი ნაიფი დაასახელა. ერთგულების საბჭო 2006 წელს შეიქმნა და მასში 35 პრინცი შედის. ამ ორგანოს დანიშნულება სამეფოში მემკვიდრეობის საკითხის მოწესრიგებაა. 

პრინცი ნაიფი 78 წლისაა, 1975 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრია, 2009 წელს კი პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილედ დაინიშნა და სამეფო ტახტის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა მეფისა და მემკვიდრე პრინცის შემდეგ. 

ნაიფი მონარქიის დამაარსებლის 23-ე შვილი, ალ-სუდაირის შვიდეულის წარმომადგენელი და მოქმედი მეფის ნახევარძმაა. ის პრინც სულტანის ქალიშვილზე დაქორწინდა, მათ შვილ მუჰამედს ტახტის პრეტენდენტად განიხილავენ, მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობის ხაზი შვილიშვილებზე გადავა. 

მეფის ასაკმა და ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს, რომ ნაიფი მალევე დაიწყებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს როგორც ნავთობმრეწველობაში, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ახალი მემკვიდრე ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატორულ ძალად ითვლება მმართველ ოჯახში. ლიბერალები და რეფორმატორები ნაიფს უფრთხიან. ის აქტიურად ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას (მაგალითად, სამი ახალგაზრდა ჯერ კიდევ ციხეში იმყოფება, ინტერნეტით  დოკუმენტური ფილმის გავრცელებისთვის, რომელიც დედაქალაქში სიღარიბეს ეხებოდა) და ქალთა უფლებებს (დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ქალებს ავტომობილის მართვის უფლებას ანიჭებდა). 

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ პრინცი ნაიფი აქტიურად ეხმარება აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლაში. მისი დამსახურებაა არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ-ყაიდას დამარცხება, როდესაც ჯგუფმა 2003 წელს საუდის არაბეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სასტიკი კამპანია დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთს შეერთებული შტატებისთვის  სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 

ტახტის მემკვიდრე ირანის მიმართ მტრული განწყობითაა ცნობილი. ირანი სპარსეთის ყურეში საუდის არაბეთის მთავარი მეტოქეა. სწორედ ამით აიხსნება ამ წლის დასაწყისში საუდის არაბეთის დახმარება მეზობელი ბაჰრეინის მთავრობისათვის შიიტი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამგვარი მოქმედება, როგორც საუდის არაბეთის შიიტი უმცირესობის, ისე ირანისათვის საჩვენებელ გაკვეთილს წარმოადგენდა. კუნძულოვანი სახელმწიფო, სავარაუდოდ, დიდ მეზობელზე დამოკიდებული დარჩება. 

თავდაცვის მინისტრის პოსტიც მნიშვნელოვანი თანამდებობაა სამეფოში, რადგან ის აშშ-სა და  სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან სტრატეგიულ სამხედრო პარტნიორობასთანაა დაკავშირებული. საუდის არაბეთის ახალი თავდაცვის მინისტრი, ერ-რიადის გუბერნატორი, პრინცი სალმან იბნ აბდულ აზიზ ალ საუდი გახდა. ისიც პრინც ნაიფთან ერთად ალ-სუდაირის შვიდეულის წარმომადგენელია, ამ კლანის წევრები ყოველთვის დომინირებდნენ შეიარაღებული ძალების რეგულირებაში. ბევრი დამკვირვებელი მას სამეფო ოჯახში დავების მთავარი არბიტრის როლს მიაწერს.

მიუხედავად საუდის არაბეთის მნიშვნელოვან თანამდებობებზე კადრების ცვლილებისა, ქვეყნის პოლიტიკა, სავარაუდოდ, რადიკალურად არ შეიცვლება.  

კომენტარები