მინის უახლოეს მომავალში თავისი სამოდელო გამის ათამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი, ამ ათიდან მეექვსე კი ორადგილიანი როდსტერი გახდება, რომლის გაყიდვებიც გაისად გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. თუმცა ბრიტანულმა კომპანიამ მისი სერიული ვერსიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა – როდსტერი ზაფხულში ანონსირებული კუპეს ღიასახურავიანი ვერსიაა. ბრიტანული კომპანიის ისტორიაში, ის პირველი ორადგილიანი ღია ავტომობილია.
ისევე როგორც კუპე, როდსტერიც მინის ჰეჩბეკის პლატფორმაზეა ბაზირებული და გაბარიტებითაც, პრაქტიკულად, მისი ზომისაა. კერძოდ, სიგრძე 3734 მილიმეტრი, სიგანე 1683 მილიმეტრი, სიმაღლე 1390 მილიმეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 2467 მილიმეტრია. მაგრამ იმის გამო, რომ სავარძლების მხოლოდ ერთი რიგი აქვს, მასში ბარგისთვის გაცილებით მეტი ადგილია (240 ლიტრი), ვიდრე ჰეჩბეკში. ამასთან, საქარე მინა ძლიერ (13 გრადუსით) არის დახრილი და მთლიანობაში, როდსტერი ჰეჩბეკზე 20 მილიმეტრით დაბალია, რაც სალონის მოცულობას ამცირებს.
მინი ირწმუნება, რომ დაბლა დაწეული სიმძიმის ცენტრის, შასის გაზრდილი სიხისტის, უკეთესი აეროდინამიკისა და სპორტულ ყაიდაზე მომართული საკიდარის წყალობით, ჰეჩბეკთან შედარებით, როდსტერი (ისევე როგორც კუპე) მოსახვევებს გაცილებით უკეთ „ითვისებს”. ეს ორი ავტომობილი მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ კუპეს მყარი სახურავი აქვს, როდსტერს კი – რბილი. ისინი ერთი და იმავე ძრავებითაცაა აღჭურვილი, რომლებიც კუპე კუპერისგან გაიზიარეს.
ამ ძრავებიდან სამი ბენზინზე მუშაობს, ერთი კი – დიზელზე. ბენზინის ყველა აგრეგატის მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია. მათგან პირველით, ყველაზე სუსტით, რომელიც 122 ცხენის ძალას ავითარებს, საბაზო ვერსია კუპერი აღიჭურვება. ამავე ძრავის ტურბოვერსიას (184 ცხენის ძალა) კუპერ S მიიღებს, ფლაგმანი ჯონ კუპერ უორკსი კი ასევე ტურბინიან ძრავას მიიღებს, ოღონდ მისი სიმძლავრე 211 ცხენის ძალას მიაღწევს. დიზელის მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია და ტურბოდამჭირხნის დახმარებით, მისი სიმძლავრე 143 ცხენის ძალას აღწევს.
რაც შეეხება ტრანსმისიას, ყველა ძრავის შემთხვევაში, სტანდარტულია 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ოპციის სახით, მყიდველს 6-საფეხურიან ავტომატურ კოლოფებსაც შესთავაზებენ. თუმცა, ეს ოპცია ჯონ კუპერ უორკსზე არ გავრცელდება.
ბაზარზე მინი როდსტერის კონკურენტი, მეტად პოპულარული მაზდა MX-5 იქნება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ უფრო სპორტული ხასიათის წყალობით, ბრიტანული ავტომობილი სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას.





