ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

თბილისიდან ფრანკფურტისკენ მიმავალო...

 ფრანკფურტის წლევანდელ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველო სპეციალური პროექტით – “Have a Look at Georgia” – წარდგა. როგორც არაავი ენები ამბობენ, წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოწყობილმა ღონისძიებამ ახალი იმედები გააჩინა. ქართული ლიტერატურული პროდუქციით რამდენიმე უცხოური გამომცემლობა დაინტერესდა. ქვეყანას ფრანკფურტში 8 პროზაიკოსი – აკა მორჩილაძე, ზურაბ ლეჟავა, დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, ნენე კვინიკაძე, ზაზა ბურჭულაძე, მაკა მიქელაძე – წარმოადგენდა. წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე და ქართული ლიტერატურის პერსპექტივებზე ჩვენ ორ მათგანს გავესაუბრეთ.

 

ინტერვიუ ნესტან-ნენე კვინიკაძესთან

 

რა ტიპის აქციაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა?

 

ეს არის ტიპური ბაზარი, რომლის დახლებზე მწიფე ატმების და მსუქანი ყაბაყების ნაცვლად, წიგნები აწყვია. წარმოიდგინეთ, მთელი საბურთალო სავსე რომ იყოს ათასგვარი პავილიონით, დახლებით, თაროებით, წიგნების სათავსოების არაორდინარული გადაწყვეტით... წიგნებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული ჩანთებით და ჩემოდნებით. ეს არის სიტყვის და წიგნის მაძებარი პროფესიონალებით და მოყვარულებით სავსე გიგანტური შენობა, სადაც რესპექტაბელურ ლიტერატურულ აგენტებს და გამომცემლებს სათანადო სივრცე ეძლევათ სარფიანი გარიგებებისთვის. არ დამინახავს, მაგრამ ასე მგონია, ყველა მათგანს კალკულატორი უდევს ჯიბეში... და ეს ასეც უნდა იყოს! იდეალისტურია ის აზრი, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს ბიზნესი. სავარაუდოდ, ამ დამოკიდებულებამ დააშორა ევროპულ და სხვა დანარჩენ სამყაროს ქართული საგანძურები, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია მსოფლიო წიგნის სამყაროსთვის.

მილიონობით გამოცემა: გლამურული და სადა ყდები, ათასგვარი პოსტერები, სლოგანები, მაგალითად – RED IS A COLOR OF ART... ათასგვარი პავილიონის დიზაინი, ზოგი სადა, ზოგიც კიჩური, გათანამედროვებული საბჭოური ესთეტიკის... კაფეს განწყობის, გამომწვევიც და ჩვეულებრივიც.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის წიგნის ქალაქი – ყველა შესაბამისი დეტალის და ობიექტის გათვალისწინებით.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფანჯარა ისეთი ქვეყნის ლიტერატურისთვის, როგორიც საქართველოა?

 

ადგილობრივი რეალობა: გაყიდვების შემაშფოთებლად დაბალი მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, შანსს არ უტოვებს ავტორს საკუთარი საქმით იყოს დაკავებული. თითქმის არარსებული ჯაჭვი: ავტორი-ლიტერატურული აგენტი-გამომცემელი და მაღაზია, ლიტერატურის, როგორც ბიზნესად ქცევის იდეას კი არა, მის შინაარსსაც საფრთხეს უქმნის. ასეთ დროს, კომიკური და კომიქსურია სიტუაცია. თუმცა, კიდევ ერთი გარღვეული ჯაჭვი არსებობს, რაც შეფუთვის ნაწილს მოიაზრებს, წიგნის ყდის დიზაინით დაწყებული, ფონტით დამთავრებული. თანამედროვე მკითხველის დაკვეთა აშკარად სხვაგვარია, ის კომფორტს ეძებს, როგორც ამბავში, ისე ფორმატში.

თავისთავად ცხადია, ჩვენნაირი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პლატფორმასთან მიახლოების ნებისმიერი მცდელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი უკვე რეალობა ცხადყოფს, რომ მწერლობას არსებობისთვის სჭირდება ლიტერატურული აგენტები. იმ ლაბირინთში, რასაც მსოფლიო ლიტ-სამყარო ჰქვია, სხვანაირად წარმოუდგენელია გადაადგილება. თავის დროზე, სიტყვა პროდიუსერიც აბსურდულად ჟღერდა, – დღეს ეს რიგითი და საჭირო პროფესიაა.

მგონი, ფრანკფურტის ბაზრობაზე ბევრი საჭირო საკითხის შესწავლა შეიძლება.

 

როგორ ჩაიარა წლევანდელმა ბაზრობამ, სადაც საქართველოდან მიწვეულ სტუმარ-მწერლებს შორის იყავი?

 

ქართული პავილიონის შეტყობინება იყო HAVE A LOOK AT GEORGIA. წელს საქართველო ორ კონკრეტულ პროექტს წარმოადგენდა. ფორუმ-დიალოგი და პავილიონის პრეზენტაცია, სადაც 8 მწერალმა ერთგვარი პერფორმანსის სახით საერთო სლოგანი წარმოადგინა. ყველა ავტორს თითო სიტყვა ფაზლის ნაწილზე ეწერა, რაც მთიანობაში ერთ წინადადებას ქმნიდა – I AM GEORGIAN, I WRITE FOR THE WORLD.

სპეციალურად ბაზრობისთვის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ინგლისურენოვანი კატალოგი ჰქონდა დაბეჭდილი, სადაც თავმოყრილი იყო ავტორების ბიო\ლიტერატურული CV, კონტაქტი და ნაწყვეტი ნაწარმოებიდან. პავილიონი ასევე წარმოადგენდა დიოგენეს, გია ქარჩხაძის გამომცემლობის და სხვების პროდუქციას, საინტერესო მინიატურულ ზღაპრებს, ბუკლეტებს და რუკებს. პირადად მე, თავი ოკეანეში მეგონა... ჩემი ზურგმოხდილი შავი კაბით “პინგვინის” გამომცემელს ველოდი, მაგრამ ის არ მოვიდა...

 

რატომ კეთდება ჩვენი დელეგაციისა და, შესაბამისად, გამომცემლობების აქცენტი მხოლოდ პროზაზე?

 

პოეტის შეკითხვა პროზაიკოსს! გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუმცა ვთვლი, რომ თქვენ მიერ დასმული ეს კითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია და იმედი მაქვს, ერთად მივიღებთ პასუხს.

 

ამ გადასახედიდან, რა პოტენციალი აქვს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის და რა პრობლემებს აწყდება?

 

მე მაინც მჯერა, რომ პოტენციალი არსებობს, მით უფრო ჩვენს მასშტაბთან თანაფარდობით. მაგრამ საინტერესოა ის, თუ რას ვეძახით ზოგადად ასპარეზზე გასვლას. როგორც კონკრეტული მცირედი ფაქტები მოწმობს, რამდენიმე თარგმანი და გამოცემა სხვა ქვეყანაში, ასპარეზზე გასვლას არ გულისხმობს. ეს, უბრალოდ, სტარტია. და ამ სტარტზე დგას მილიონობით ჩვენნაირი ავტორი. ეს არ არის კინო, მუსიკა და მხატვრობა, რომლის შესაფასებლადაც მაქსიმუმ 1-2 საათი საკმარისია. თანამედროვე ლიტერატურული პროცესი ისეთივე ხანგრძლივი და ფუფუნებაა, როგორც ზოგადად არის კითხვა.

პრობლემა მენეჯმენტში მგონია, ჯერ მთელი კონტექსტის სისტემაა შესაქმნელი, ტენდენციების და ლოგიკის გათვალისწინებით. მოსაძებნია ვაკანტური ნიშა, რის გამოც ყველაზე სნობურ-ბურჟუაზიული სამყარო ნებას დაგრთავს, ამ სივრცეში უბრალოდ რომ იყო. ჩვენ თუ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ომგადატანილი ქვეყანა ვართ, სხვები გვეტყვიან – ჩვენც! ჩვენ რომ ვთქვათ ცოტანი ვართ, სხვები გვეტყვიან – ჩვენც! რა ვთქვათ?

 

ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

 

როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ?

 

პირველი, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შესახებ თავში მომდის, არის ის, რომ ძალიან დიდია. ფაქტობრივად, ეს არის ქალაქი ქალაქში. გარდა ამისა, საინტერესოა და სანახაობრივია იმ ადამიანისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს და მით უმეტეს მისთვის, ვინც იქ პირველად მოხვდა. გამიმართლა, რადგან იმ 8 მწერალს შორის ვიყავი, ვინც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარადგინა. წინა წლებთან შედარება არ შემიძლია, რადგან ფრანკფურტში პირველად ვიყავი, მაგრამ საქართველოს პრეზენტაცია საკმაოდ კარგი იყო.

 

როგორც ვიცი, შენი წიგნის თარგმნაა დაგეგმილი, ეგებ ამის შესახებ მოგვიყვე...

 

ჩემი წიგნი „გათვლა” თარგმნის პროცესშია. მასზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი – ნათია მიქელაძე მუშაობს. ფრანკფურტის ბაზრობაზე დიოგენესა და შვეიცარიულ გამომცემლობა Unionsverlag-ს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს, რაშიც დიდი წვლილი რაქელ გრატცფელდმა შეიტანა, რომელიც ქართული ლიტერატურის აგენტია გერმანულენოვან სამყაროში. Unionsverlag-ი საკმაოდ სოლიდური გამომცემლობაა და არა მხოლოდ შვეიცარიულ, არამედ მთელ გერმანულენოვან ლიტერატურულ ბაზარს ფარავს. წიგნი გერმანულად თებერვალში ან მარტში გამოვა. ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ შესაძლებელია, მისი პრეზენტაცია გაზაფხულზე, ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე მოხდეს.

 

 

რამდენად მომგებიანია ქართული ლიტერატურისთვის მსგავსი ფანჯარა და სწორი პოლიტიკა გვაქვს თუ არა ამ მხრივ?

 

მომგებიანია, რადგან პირველი ნაბიჯი გადაიდგა. პირადად ჩემთვის კი – უდიდესი გამოწვევაა. მაინტერესებს რამდენად გასცდება ჩემი ტექსტი ქართულ საზღვრებს. იმისთვის, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა, რომელიც ვთვლი, რომ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა, საქართველოს გარეთ გავიდეს – კარგი თარგმანები და პროფესიონალი მთარგმნელების მაქსიმალური ხელშეწყობაა საჭირო. ამ კუთხით, როგორც ვიცი, კულტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა. თუ 2015 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახდება, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამისთვის სერიოზული მუშაობა და მომზადებაა საჭირო. მე ეს პროცესი პროფესიონალების მაქსიმალური ჩართვით წარმომიდგენია.

 

კომენტარები