ბარაკ ობამა

ამერიკის სასამართლო სისტემის კრიზისი

  წლის ოქტომბერში, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალ სამუშაო ადგილებს ჰპირდებოდა, ამერიკული სასამართლო სისტემის კრიზისზე მხოლოდ პესიმისტები თუ საუბრობდნენ. თუმცა ობამას საარჩევნო სლოგანად ქცეული “ცვლილება” მართლმსაჯულებაზე მტკივნეულად აისახა – რეცესიის მწვავე შედეგებს სასამართლოები დღესაც უშედეგოდ ებრძვიან.
“ეკონომიკური ცუნამი”, რომელიც შტატების სასამართლო სისტემას 2009 წელს დაატყდა თავს, ამერიკულ დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. სასამართლო დაფინანსების მასშტაბური კლება საკანონმდებლო დონეზე 2 წლის წინ დაიწყო. ამერიკის იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში შტატების უმრავლესობამ მართლმსაჯულების ბიუჯეტი 10-15%-ით შეამცირა. შედეგად, სასამართლოებმა დაიწყეს მოხელეების ხელფასების მასობრივი შემცირება ან მათი დათხოვნა. ნიუ იორკის შტატში 300-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, კალიფორნიაში კი ხარჯების უპრეცედენტო შეკვეცას დასაქმებულთა 15% და 14 სასამართლო დარბაზი “ემსხვერპლა”. 14 შტატში უსახსრობის გამო შეამცირეს სასამართლოების სამუშაო საათები, რაც მათ ხელმისაწვდომობას აფერხებს და “სწრაფი მართლმსაჯულების” კონსტიტუციურ უფლებას ეწინააღმდეგება. ოჰაიოს ერთ-ერთმა ადგილობრივმა სასამართლომ საქმეების მიღება შეაჩერა ქაღალდის (და მისი საყიდელი თანხის) არქონის გამო, ფლორიდელი მოსამართლეები კი 108-მილიონიანი დეფიციტის შესამცირებლად კანონმდებლებს “საგანგებო სესხის” დამტკიცებას სთხოვენ. მსგავსი პრაქტიკა სხვა შტატებშიც გავრცელდა.

სასამართლო სისტემის კრიზისი ამერიკელი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახება. გადაუდებელი მნიშვნელობის მრავალი საქმე – იქნება ეს დანაშაულში ეჭვმიტანილის გასამართლება, ქონების დამტკიცება, ახალი საწარმოს რეგისტრაცია თუ განქორწინება – ძალიან იწელება. სასამართლოში საქმის განხილვა საშუალოდ ორი, ხშირად კი ბევრად მეტი წელი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, სან-ფრანცისკოში, 88%-იანი წარმატების მაჩვენებლის მიუხედავად, პირობით გათავისუფლებაზე ორიენტირებული საპილოტე პროგრამა დაიხურა. ეს მის მონაწილეებს ციხეში დაბრუნების საფრთხეს უქმნის. თუ სისხლის სამართლის წარმოება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, სამოქალაქო საქმეებზე იმავეს ვერ ვიტყვით. შედეგად, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ოლქში სამოქალაქო წარმოება საერთოდ შეწყდა.  ეკონომიკური სირთულეების ფონზე, საგრძნობლად იმატა საკრედიტო, გაკოტრების, საოჯახო თუ სხვა სახის სამოქალაქო დავებმა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ამაღლდა საქმის წარმოების ფასებიც, რაც რიგით მოქალაქეებს დამატებით ტვირთად აწვება. შემცირებული ხელფასის ფონზე, გამოცდილი მოსამართლეები კერძო პრაქტიკას ირჩევენ – რიგ შემთხვევებში, ეჭვქვეშ დგება ნაფიცი მსაჯულების ხელმისაწვდომობაც. გაწელილი პროცესის გამო სავსეა საპყრობილეები. საქმე გვაქვს სამართლიანი მართლმსაჯულების პრინციპის მნიშვნელოვან დარღვევასთან, რაც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

კრიზისის დასაძლევად “ღია სასამართლოთა კოალიციის” ქვეშ გაერთიანდნენ კალიფორნიელი ადვოკატები. მათი მიზანია, მართლმსაჯულების ბიუჯეტის ზრდას ან “საგანგებო სესხის” დამტკიცებას მიაღწიონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო ორგანომ უკანასკნელი სესია სასამართლოებისთვის თანხის გამოყოფის გარეშე დახურა – არცთუ ადვილი მისიაა.

ფედერალურ დონეზე მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ამ პოსტზე პრეზიდენტის მიერ მოსამართლეთა წარდგენა მნიშვნელოვანი პოლიტიკური იარაღია. თუმცა ხელფასების შეუსაბამობა მზარდ სამუშაო დატვირთვასთან აქაც აწუხებთ.

და მაინც, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სასამართლო სისტემის კრიზისს? ბევრი შიშობს, რომ მართლმსაჯულების ბიუჯეტის უპრეცედენტო შემცირებით ხდება ამერიკული მმართველობის ქვაკუთხედის – “ძალაუფლებათა დაბალანსების” თეორიის უგულებელყოფა, სასამართლოს დისკრედიტაცია და მის ფონზე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დაუშვებელი გაძლიერება. როგორ გადაწყდება არსებული სიტუაცია, დაზუსტებით ვერავინ იტყვის. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროს ხშირად იხსენებენ აშშ-ის მეოთხე პრეზიდენტს და “უფლებათა ბილის” ავტორს – ჯეიმს მედისონს. არამარტო იმიტომ, რომ 2011 “კონსტიტუციის მამის” დაბადებიდან 260-ე საიუბილეო წელია. სასამართლო კრიზისთან ბრძოლის გზაზე ნამდვილად ღირს მისი “ფედერალისტური ფურცლების” გადაკითხვა. 

კომენტარები