ნიკო ნიკოლაძე

საუქმო საკითხავი

წინასიტყვაობა: დღეს საქართველოში ძალზე ბევრს საუბრობენ სუბსიდიებზე სოფლის მეურნეობაში, სასურსათო პროდუქციის უსაფრთხოებაზე, შრომის კანონმდებლობის შეცვლაზე, მინიმალური ხელფასის ქვედა ზღვარზე, ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, სავაჭრო ბარიერების შემოღებაზე და არგუმენტად იშველიებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, განვითარებული ქვეყნების მაგალითებს და სხვა. თუმცა, ყველა ის ე.წ. ექსპერტი ან პოლიტიკოსი, რომელიც ისტერიულად იბრძვის თავისუფალი ბაზრის შეზღუდვისთვის, ივიწყებს ყველაზე მთავარს, რომ ეკონომიკის რეგულირება ეწინააღმდეგება ადამიანების კეთილდღეობის ზრდას. ხშირად, „რეგულირება” ეს არის პოლიტიკოსის პოპულისტური იარაღი, რომლითაც იგი ცდილობს აღმოფხვრას ის პრობლემები, რომლებიც, ბევრი ადამიანის აზრით, წარმოიქმნა თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირების შედეგად. მაგალითად, რიგითმა მომხმარებელმა შეისყიდა ხორცი და მოიწამლა, დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობების გამო დამსაქმებელმა უსამართლოდ გაათავისუფლა დაქირავებული სამსახურიდან, თურქულმა კარტოფილმა გააუარესა ადგილობრივი ფერმერების მდგომარეობა და ა.შ. სინამდვილეში, რეგულირების შედეგად, აღნიშნული პრობლემები საერთოდ არ მცირდება ან მცირდება უმნიშვნელოდ, მაგრამ შედეგად წარმოიქმნება ახალი პრობლემები, რომელიც ადამიანების კეთილდღეობას უფრო მეტად აუარესებს. კარგი ჩანაფიქრი ან კარგი განზრახვა არ ნიშნავს კარგ შედეგს. ნებისმიერ ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თან სდევს უარყოფითი ეკონომიკური შედეგები. ვინც ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, მან უბრალოდ არ იცის, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, ან არიან ლობისტები, დაინტერესებული პირები, რომელთაც მთელი მსოფლიო რენტის მაძიებლებს ეძახის, ხოლო ნიკო ნიკოლაძე მათ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში უბრალოდ ფარისევლებად მოიხსენიებდა.

გთავაზობთ მე-19 საუკუნის სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებებს ეკონომიკის რეგულირების თემაზე, რომელიც, დროის ცვლილების მიუხედავად, ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რეგულირებით მოიხიბლა.

აკაკი ცომაია

ხვალ ბაქოში იხსნება, ან, ყოველ შემთხვევაში, უნდა გაიხსნას ნავთობის მრეწველობის მეოთხე ყრილობა. თქვენთვის ცნობილია, რომ ამ ბატონების პირველი ყრილობა მუშაობდა ამავე ქალაქში 1884 წლის ოქტომბერში, მეორე – 1885 წელს, აპრილში, მესამე –1886 წლის მარტში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი ყრილობა რაღაც განსაკუთრებულ საკითხებს წყვეტდა, და რომ ეს გადაწყვეტილებანი, სანქციისა და შესრულების გარეშე, დღესაც არქივებში განისვენებენ, მაშინ ჩათვალეთ, რომ მკითხველმაც და საზოგადოებამაც ამ ყრილობების შესახებ ყველაფერი იცის.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ყრილობათა საქმიანობა და ბედი მკითხველი საზოგადოების მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს. საქმე ეხება მრეწველობის პირველ და ერთადერთ დარგს, რომელიც ვითარდება ბუნებრივად, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი მსხვერპლისა და სუბსიდიების გარეშე და, რომელიც ჩვენს სავაჭრო ბალანსზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ავიღოთ თუნდაც შაქრის ან სპირტის ან სხვა, რომელიც გნებავთ, პროდუქტის წარმოება. რა შეღავათებს არ უკეთებდა მათ სახელმწიფო ხაზინა, რათა ფეხზე დაეყენებინა, როგორ პრემიებს არ უნიშნავდა და აძლევდა მავანსა და მავანს, ოღონდ მათი პროდუქტების საგარეო ბაზრებზე გატანისათვის მიეღწია. მაგრამ, მიუხედავად ასეთი „ჩარევისა” და „მფარველობისა”, ამ პროდუქტების გატანა საზღვარგარეთ მიკროსკოპული დოზებით მიმდინარეობდა, და ისიც უფრო ქაღალდზე, ვიდრე რეალურად. როგორც გახსოვთ, ახლახან მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესებმა დაგვანახა, რომ კასრებით, სპირტის ნაცვლად, ზღვის წყალი გაჰქონდათ. ექსპორტიორი საზღვარგარეთ სპირტის გატანისათვის მიიღებდა სახელმწიფო პრემიას, გადაიტანდა კასრებს საზღვარზე, გადაღვრიდა წყალს ზღვაში ან მიწაზე და უკან წამოიღებდა ცარიელ კასრებს, რათა ხელახლა დაეწყო ასეთივე იოლი და მომგებიანი ოპერაცია. და თუკი ამის გაკეთება შესაძლებელია ისეთ პროდუქტზე, რომლის დამახასიათებელი სუნი დიდ მანძილზე ვრცელდება, მაშინ თვითონ განსაჯეთ, რა შეიძლება გავუკეთოთ შაქარს, რომელსაც ყნოსვით ვერ გაარჩევთ ზღვის ქვიშასა ან თუნდაც უბრალო ქვისაგან…

მაშინ როცა ვითომ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის ინტერესების მიზნით შექმნილი ყველა ეს ურთიერთსათანამშრომლო, მოშუამავლე მეცნიერული დაწესებულებანი, სადაც ტექნიკოსების, სწავლულების და ჭკუის მასწავლებელთა საფარქვეშ ამოფარებულები, სინამდვილეში კი ამა თუ იმ ფირმის შეღავათებით დაინტერესებული მოხელეები თათბირობდნენ, ყაყანებდნენ და შუამდგომლობდნენ ახალი შეღავათებისა და ბაჟისათვის, ირწმუნებოდნენ, რომ მათ გარეშე რუსეთის მრეწველობა ვერასდროს ვერ განვითარდება. ამ დროს, ჩვენში, ბაქოში, კეთილისმყოფელთაგან დაფარულად, წარმოიქმნა და აყვავებას მიაღწია ნავთობის მრეწველობამ, რომელმაც ყოველგვარი პრემიებისა და დახმარების გარეშე გაიკვალა გზა საზღვარგარეთ და თავის პროდუქტს ის ზღვაში კი არ ყრიდა, არამედ ზღვის გადაღმა, ინგლისში, საფრანგეთში, ავსტრიასა, ეგვიპტესა და ინდოეთშიც კი გაჰქონდა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა... კიდევ ორი, სამი წელი და ჩვენი ნავთობის მრეწველები საბოლოოდ დაიპყრობდნენ მიუღწეველ „საზღვარგარეთულ ბაზრებს”, იქედან განდევნიდნენ ისეთ ენერგიულ და შეიარაღებულ მოღვაწეებს, როგორებიცაა ამერიკული იანკები. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ნავთობის მრეწველობის თვითნებური წარმატება დედაქალაქის კეთილისმყოფელთა ყურამდე მაინც მივიდა. და, რასაკვირველია, აფეთქდნენ.
– ჩვენს გარეშე როგორ მიაღწიეთ წარმატებას? ვინ მოგცათ უფლება? როგორ გაბედეთ?

ამაზე ბჭობდნენ კეთილისმყოფელნი და, ვინაიდან, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე, საერთოდ არავითარი პროგრამა, ცოდნა და დადგენილება არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ საჩივრები ეწერათ და მთავრობისათვის გადასახადები და წყალობები ეთხოვათ, ამიტომ ახლაც დაადგინეს მთავრობის ყურადღება გაემახვილებინათ რაღაცეების აკრძალვის აუცილებლობაზე, რაღაცეების გაკეთებაზე და ა.შ.
ჩვენმა ნავთობის მრეწველებმა გაიგეს ეს, გაიგეს და სიკვდილის ფერი დაედოთ.

– ღმერთო მაღალო, – წამოიკვნესეს მათ, – ახლა კი დავიღუპეთ! ჩვენ ვაჭრობის ხალხი ვართ, მრეწველობაში ვმუშაობთ არა სიტყვით, არამედ საქმით; მოგეხსენებათ, ჭეშმარიტი მრეწველობა დაიღუპება, რაკი მას ზედმეტად მიაქციეს ყურადღება. ჩვენ ბიუროკრატები ხომ არა ვართ, რომლებიც ძილშიც და სიფხიზლეშიც ოცნებობენ. ა.ნ. ოსტროვსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ჩვენთვის მთავარია ყურადღება!” თვითონ დარწმუნდებით, რომ ჩვენთვის ყურადღება და სიკვდილი ერთი და იგივეა.

ეს შიში საფუძვლიანი და გამჭრიახი იყო. ჩვენი ნავთობის მრეწველები ვერ აღმოჩნდნენ კარგი დიპლომატები. საშიშროება იგრძნეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი თავიდან აცილება ვერ შეძლეს.

ტალეირანები რომ ყოფილიყვნენ, მიხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო თავის მომკვდარუნება, პირში წყლის დაგუბება და გაჩუმება, თითქოს არაფერი გაეგოთ კეთილისმყოფელთა სურვილების შესახებ. ილაპარაკებდნენ იქ კეთილისმყოფელნი, დაწერდნენ გაზეთებში, იშუამდგომლობდნენ კანცელარიებში და საქმესაც ბოლო მოეღებოდა. და ამ გზით გამართლდებოდა ქართული ანდაზა: „ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებსო”.

ჩვენი ნავთობის მრეწველები რაც უფრო მეტ დეპეშებს, თხოვნას, პროტესტებს და დეპუტაციებს გზავნიდნენ, მით უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს მათ კეთილისმყოფელებმა, რომლებმაც, ღმერთმა უწყის რატომ, თავისი თავი ნავთობმრეწველებად მიიჩნიეს.

ზის თავისთვის რომელიღაც დეპარტამენტის აკრძალვების ბიუროს ვიღაც უფროსი და გამჭოლი მზერით ჩაშტერებია ქაღალდს, რომელსაც აწერია: „არხანგელსკის გუბერნიის მევენახეობის საზოგადოების შუამდგომლობა ტამბოვის გუბერნიაში გოგირდოვანი ასანთის შეზიდვის შეტანის აკრძალვის შესახებ, ვინაიდან ამ უკანასკნელ გუბერნიაში მაღალი ტემპერატურის გამო იქმნება ასანთის აალების საშიშროება”.


კომენტარები