გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 88-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი, 2011-2012 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 88-ე, ევროპაში კი – 38-ე ადგილზეა.

2010-2011 წლის და 2009-2010 წლის ანგარიშების მიხედვით საქართველო, შესაბამისად, 139 ქვეყანას შორის 93-ე და 133 ქვეყანას შორის 90-ე ადგილზე იყო. წლევანდელი ინდექსის მიხედვით, იგი საშუალოდ 5 პოზიციით დაწინაურდა. ინდექსში სხვადასხვა წლებში ქვეყნების განსხვავებულ რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, წელს საქართველომ საშუალოდ 10 მათგანით მეტი ჩამოიტოვა უკან.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2005 წლიდან აქვეყნებს. კვლევა კონკურენტუნარიანობას განმარტავს, როგორც იმ ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავს. პროდუქტიულობის დონე, თავის მხრივ, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებული მოგების დონეს განაპირობებს. ეს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. ამდენად, კონკურენტუნარიანად ითვლება ის ეკონომიკა, რომელიც დროთა განმავლობაში სწრაფად იზრდება.

წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2011 და 2012 წლებისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზს (შესაბამისად, 4.3% და 4.5%) აკეთებდა – შუა წელიწადში უკვე აშკარა გახდა, რომ ბევრი ქვეყნისთვის ეს მაჩვენებელი შემცირდებოდა. აშშ-სა და ევროპის პრობლემებმა კარგად აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდა არათანაბრად არის განაწილებული და ეკონომიკური აქტივობის ძველი ბალანსი დარღვეულია. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, განსაკუთრებით აზიის რეგიონში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის უფრო მიმზიდველია და უფრო სწრაფადაც იზრდება – 2011 და 2012 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აზიის ქვეყნებში საშუალოდ 6.6 და 6.4%-იან ზრდას ვარაუდობს. პარალელურად, აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის ეკონომიკა ნელა მცირდება, რასაც თან ახლავს უმუშევრობის ზრდა და მუდმივი ფინანსური არასტაბილურობა. ეს რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში – მაგალითად, საბერძნეთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და პორტუგალიაში – განსაკუთრებით გამოკვეთილია. სხვადასხვა გათვლით, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მშპ-ს ზრდის ტემპი უმეტესი ქვეყნებისთვის ისეთ დონეზე შენარჩუნდება, რომ რეცესიის შედეგად გაზრდილი უმუშევრობის დონის შესამცირებლად საკმარისი არ იქნება. საქართველოში 2011 და 2012 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზული მაჩვენებელი, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით – შესაბამისად, 5% და 6% იქნება.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსი აჩვენებს, რომ საქართველო 9 კომპონენტის მიხედვით – დაწყებითი განათლება (მე-3 ადგილი), სავაჭრო ტარიფები (მე-3 ადგილი), ბიზნესის დასაწყებად საჭირო დღეების რაოდენობა (მე-3 ადგილი), სამსახურიდან დათხოვნის ხარჯი (მე-6 ადგილი), მთავრობის რეგულირების ტვირთი (მე-7 ადგილი), საგადასახადო წნეხი (მე-8 ადგილი), ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურების რაოდენობა (მე-8 ადგილი), დასაქმების ინდექსის სიხისტე (მე-10 ადგილი), დასაქმების და სამსახურიდან დათხოვნის პრაქტიკა (მე-10 ადგილი) – ათეულშია.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის შეფასებით, ქვეყანა, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ფაქტორებზე დამოკიდებული ეკონომიკიდან ეფექტიან ეკონომიკაზე გადასვლის ეტაპზეა.

საქართველოს უშუალო მეზობლებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – გლობალური კონკურენტუნარიანობის მიხედვით ყველაზე წინ არის აზერბაიჯანი (55-ე), მას მოსდევს თურქეთი (59-ე) და რუსეთი (66-ე ადგილი). აქედან თურქეთისა და რუსეთის მთავარი კონკურენტული უპირატესობა, კვლევის მიხედვით, ამ ქვეყნების დიდი ბაზარია.

რუსეთი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ბაზრის ზომის მიხედვით, კვლევაში ჩართულ 142 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა, ხოლო უცხოური ბაზრების ათვისების მიხედვით – მე-8 ადგილზე. თურქეთი იმავე მაჩვენებლების მიხედვით – მე-15 და 28-ე ადგილებზეა.
აზერბაიჯანის შემთხვევაში, კვლევა მაღალი ქულით ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოს აფასებს. ამ კუთხით – სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი პროცენტულად მშპ-სთან (142 ქვეყნიდან მე-3 ადგილი), მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მე-6 ადგილი) და სახელმწიფო ვალი პროცენტულად მშპ-სთან (მე-11 ადგილი) – გამოირჩევა.

სომხეთი მეზობელ ქვეყნებს შორის ბოლო (92-ე) ადგილზეა. ამ ქვეყნისთვის საქართველოს მსგავსად ყველაზე პრობლემატური კომპონენტებია ბაზრის ზომა და ინოვაცია. თუმცა, როგორც კვლევა ადგენს, საქართველოს, სომხეთთან შედარებით, უფრო კონკურენტუნარიანი ინსტიტუტები აქვს.
კვლევის მიხედვით საქართველოში ინსტიტუტების კონკურენტუნარიანობას ძირითადად სახელმწიფო რეგულაციების დაბალი ტვირთი განსაზღვრავს. ამ კომპონენტის მიხედვით საქართველო 142 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა, ხოლო სომხეთი – 52-ზე. საქართველო ყველა თავის მეზობელ ქვეყანასთან შედარებით საშუალოდ 56 ადგილით წინაა: იმავე კომპონენტის მიხედვით 132-ე ადგილზეა რუსეთი, 33-ე ადგილზე აზერბაიჯანი, 93-ე ადგილზე კი თურქეთია.

ინსტიტუტების სიძლიერე კორუფციის დონეზეც ახდენს გავლენას. აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორად კვლევამ კორუფცია გამოავლინა. თურქეთში – მაღალი გადასახადები, ხოლო საქართველოში – კრედიტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

პრობლემურ ფაქტორებს შორის საქართველოში ინფლაცია მესამე ადგილზეა – მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ინფლაციის ფაქტორს, საშუალოდ, 2-ჯერ უფრო ხელისშემშლელად ასახელებენ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის პირველ ათეულში, ევროპული ქვეყნები დომინირებენ: შვეიცარიამ (პირველი ადგილი), შვედეთმა (მესამე ადგილი), ფინეთმა (მეოთხეადგილი), გერმანიამ (მეექვსე ადგილი), ნიდერლანდებმა (მეშვიდე ადგილი) და დანიამ (მერვე ადგილი) კიდევ ერთხელ გაიმყარეს თავიანთი პოზიციები ყველაზე კონკურენტუნარიან ქვეყნებს შორის. აშშ ისევ განაგრძობს იმ ვარდნას, რომელიც 3 წლის წინათ დაიწყო და კიდევ ერთი პოზიციით – მეხუთე ადგილზე – იხევს უკან. 3 პოზიციით უარესდება რეიტინგში იაპონიის ადგილიც. ყველაზე დიდ გარღვევას აღწევს სინგაპური, რომელმაც უკან ჩამოიტოვა შვედეთი და რეიტინგში მეორე ადგილზეა. გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, კონკურენტუნარიანი ქვეყნების ათეულს დაუბრუნდა გაერთიანებული სამეფო და რეიტინგში მეათე ადგილს იკავებს.

კომენტარები