პრეზიდენტს მეორე ტური გამოავლენს

მანუელ ბალდისონის წინასაარჩევნო ბანერი
მანუელ ბალდისონის წინასაარჩევნო ბანერი
სექტემბერს, გვატემალამ ახალი პრეზიდენტი ვერ აირჩია. ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი საარჩევნო მარათონში ჩაბმულმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. სამაგიეროდ, პირველმა ტურმა ლიდერი კანდიდატები გამოავლინა – ყოფილი გენერალი ოტო პერეს მოლინა (37%), ასევე ბიზნესმენი და ადვოკატი მანუელ ბალდისონი (23%). გალილეოს უნივერსიტეტის დამაარსებელი ედუარდო შუგერი 10%-ით მესამე ადგილზე გავიდა. 1992 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, რიგობერტა მენჩუმ კი ხმების 2%-ზე ნაკლები მიიღო. არჩევნების მეორე ტური 6 ნოემბერსაა დანიშნული.

პერესის მთავარი ოპონენტი სანდრა ტორესი, გვატემალის ამჟამინდელი პრეზიდენტის ალვარო კოლომის მეუღლე, სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩევნებს გამოეთიშა. ქვეყნის კონსტიტუცია პრეზიდენტის ოჯახის წევრებს არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას უკრძალავს. ტორესმა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მეუღლესთან განქორწინება გააფორმა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ფაქტი კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობად შეაფასა. ყოფილმა პირველმა ლედიმ, პროტესტის ნიშნად საარჩევნო ყუთებში ცარიელი ბიულეტენების ჩაყრისკენ მოუწოდა თავის ამომრჩეველს.

გადამდგარმა გენერალმა ოტო პერესმა 2001 წელს მემარჯვენე პატრიოტული პარტია დააარსა. იგი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სადაც ალვარო კოლომთან დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში პერესი პირველი სამხედრო პირი იქნება, რომელიც, 1986 წელს დასრულებული სამხედრო მმართველობის შემდეგ, გვატემალის ლიდერი გახდება.

პერესმა საკუთარი საარჩევნო კამპანია დანაშაულთან და სიღარიბესთან ბრძოლაზე ააგო. კრიმინალის შემცირებას ის „რკინის ხელის” პოლიტიკის გატარებით აპირებს. არსებულზე მკაცრი სასჯელების შემოღება, პოლიციელთა რაოდენობის გაზრდა, ვიდეოკონტროლის დანერგვა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის დადგენილი ასაკობრივი ზღვრის დაწევა – კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილია.
ყოფილი გენერლის მხარდამჭერთა ზრდასთან ერთად, გახშირდა საუბარი იმ საფრთხეებზეც, რაც სამხედრო მმართველობის გამოცდილების მქონე ქვეყანაში პერესის პრეზიდენტად არჩევას შეიძლება მოჰყვეს. ცნობილია, რომ 1960-96 წლებში სამოქალაქო ომმა 200 ათასამდე გვატემალელი იმსხვერპლა.

ოტო პერეს მოლინას წინასაარჩევნო ბანერი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი, დემოკრატ განმათავისუფლებელთა პარტიის ლიდერს, 41 წლის მანუელ ბალდისონსაც აქვს. პერესის მსგავსად, ბალდისონიც პირობას დებს, რომ ქვეყნის მთავარ პრობლემებს – ნარკოტრაფიკს, დაუსჯელობის სინდრომსა და სიღარიბეს – შეებრძოლება. იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის სიკვდილით დასჯისა და მათი ტელევიზიით გადაცემის მომხრეა.
გვატემალას გადარჩენისთვის ბრძოლა მართლაც მოუწევს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში რეპუტაციის მქონე ქვეყანაა. მარტო 2009 წელს, ქვეყნის მასშტაბით 6,900 მკვლელობის ფაქტი აღირიცხა, რაც სამოქალაქო ომის დროს მკვლელობათა საშუალო მაჩვენებელზე მეტია.

კორუმპირებული პოლიციელები და უსაფრთხოების სუსტი მექანიზმები ნარკომოვაჭრეთათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. გაეროს კვლევების თანახმად, ბოლო წლებში ჩადენილი მკვლელობების 95% გამოუძიებელია. საზოგადოება კი მართლმსაჯულების ორგანოებს არ ენდობა. Transparency International-ის 2010 წლის კორუფციის ინდექსით გვატემალა მსოფლიოში 91-ე, ხოლო რეგიონში 17-ე ადგილზეა.

კრიმინალურ ფონს სიღარიბის მაღალი დონეც ემატება. მსოფლიო ბანკის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, გვატემალაში ყველაზე უთანასწოროდ ხდება შემოსავლების გადანაწილება. ქვეყნის მდიდარი მოსახლეობის 20% მშპ-ს 51%-ს მოიხმარს, მაშინ როცა მთლიანი მოსახლეობის 51% დღეში 2 დოლარს, ხოლო 15% – 1 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ქვეყნის მოსახლეობის 75% უმუშევრობასა და სიღარიბეს ებრძვის.

პრეზიდენტი კოლომი, წინამორბედების მსგავსად, მოსახლეობას ძალადობისა და სიღარიბის აღმოფხვრას ჰპირდებოდა. თუმცა, მისი გუნდი არსებული გამოწვევების წინაშე უძლური აღმოჩნდა. პრობლემებთან საბრძოლველად მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევა მოუწევს.

კომენტარები