პოლიგამიური სექტის მეთაურს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mormonz.png##fbimage#
პოლიგამიური სექტის ლიდერს, უორენ ჯეფსს, სამშაბათს, ტექსასის შტატში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ”იესო ქრისტეს წმინდა უკანასკნელ დღეთა ფუნდამენტალისტური ეკლესიის” მეთაური დამნაშავედ ცნო ორ არასრულწლოვან მიმდევარზე სექსუალურ ძალადობაში. უორენმა ისინი ცოლად შეირთო, ხოლო ერთისგან ბავშვიც კი ეყოლა. პროკურორების განცხადებით 55 წლის ჯეფსს ცხოვრების მანძილზე 78 ცოლი ყავდა, რომელთაგან 24 არასრულწლოვანი იყო. სასამართლომ მას 99 წელი - ერთი დანაშაულისთვის, ხოლო მეორესთვის 20 წელი მიუსაჯა. ნაფიცი მსაჯულები მისი ბრალეულობის შესახებ ნახევარ საათზე ნაკლებს მსჯელობდნენ.

USA TODAY წერს, რომ ფუნდამენტალისტური ეკლესიის ლიდერს არ ექნება პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების უფლება 45 წლის მანძილზე. აღნიშნული უფლება მას ჩამოერთვა პირველ გოგონასთან ჩადენილი დანაშაულისთვის - 35 წლის, ხოლო მეორე გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის - 10 წლის მანძილზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯეფსი უკვე ასი წლის იქნება.

რელიგიური ლიდერი ამტკიცებს, რომ სასამართლომ მისი რელიგიური შეხედულებების გამო დასაჯა. თუმცა პროკურორებმა წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მტკიცდება, რომ ჯეფსი ნამდვილად არის არასრულწლოვანი გოგონას შვილის მამა. იესო ქრისტეს უკანასკნელ დღეთა ეკლესის სექტანტური დაჯგუფება, რომელიც 10 000 მიმდევარს ითვლის, მიიჩნევს, რომ ცხონება მრავალცოლიანობით მიიღწევა. სექტიდან ამოღებული დოკუმენტები მომწმობენ, რომ ჯეფსის მონაწილეობით ეკლესიამ 550 პოლიგამიური ქორწინება აღასრულა. მოძალადე სექტას  მისი მამის გარდაცვალების შემდეგ, 2002 წლიდან ხელმძღვანელობს.  

 

კომენტარები