EBRD: საქართველოს ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს

 რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულმა ბანკმა (EBRD) ივლისში გამოაქვეყნა ანგარიში "რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები EBRD -ის საოპერაციო ქვეყნებში.” ანგარიშში ბანკმა  2011 წლისათვის საქართველოს მშპ ზრდის პროგნოზი განიხილა. ივლისის პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ 5%–ით გაიზრდება, მაშინ, როცა 2 თვით ადრე EBRD–ის პროგნოზი 5,5% იყო. ბანკის ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მშპ 2012 წელს 4,5% იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2011 წლის რეალური მშპ–ს ზრდის პროგნოზები ემთხვევა და 5,5%–ით განისაზღვრება.

EBRD-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წელს საქართველოში ინფლაციის დონე 9,8% იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ეს მაჩვენებელი 8% იქნება.  კიდევ უფრო ოპტიმისტურია საქართელოს ეროვნული ბანკის გათვლები – ინფლაცია 2011 წელს 7,5-8% იქნება. მეტიც, სებ-ის ბოლო ანალიზით, მოსალოდნელია ინფლაციის პროგნოზირებულზე მეტად შემცირება. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილების და დაკრედიტების წახალისების პოლიტიკა დაიწყო.

"საქართველოს ეკონომიკა 2008 და 2009 წლების შემდეგ აღდგენას განაგრძობს. იმის გამო, რომ დონორების მიერ გამოყოფილი დახმარება იწურება, საქართველოს მთავრობა ცდილობს თავისი ძალისხმევა მიმართოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. კეთილსაიმედო ბიზნეს-იმიჯის შესანარჩუნებლად, ინვესტორთა ნდობის გასაზრდელად, მათ ცოტა ხნის წინათ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" მიიღეს, რომელიც მთავრობას საბიუჯეტო დეფიციტის, საგარეო ვალის და გადასახადების ზრდისას კვოტებს უწესებს ", - ნათქვამია ევრობანკის ანგარიშში.  

კომენტარები