ქართველების ინდოეთისაკენ მიმავალი გემი ჩაიძირა?

  “…და რომ არ ჩაძირულიყო და ქართველებს უფრო ადრე აღმოეჩინათ ამერიკა, ვიდრე ესპანელებს ან პორტუგალიელებს, როგორი იქნებოდა ამერიკელი ინდიელებისა და ქართველი ზღვაოსნების შეხვედრა, ან როგორ იმოქმედებდა ეს აღმოჩენა საქართველოს მომავალზე? თუკი თითქმის ყველა ხალხმა, ვინც ზღვის პირას ცხოვრობდა, ზღვაოსნობის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა, რატომ არ უნდა გამოგვეყენებინა ჩვენც, ქართველებს ზღვა, რომელიც ყოველთვის გვქონდა…” ასეთია დათო ტურაშვილის მიერ შემოთავაზებული ამბის დასაწყისი, რომელიც არავინ იცის როგორ გაგრძელდება, რადგანაც მოთხრობის წერა სულ რამდენიმე დღეა დაიწყო. წინ კი ქართველი თანამედროვე მწერლების უსასრულო ფანტაზია და სიუჟეტების მრავალფეროვანი ვარიაცია გველოდება.  საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ პიარ ბლოგზე www.nino.ncib.ge წარწერა გამოჩნდა: “გააგრძელე მო-თხრობა”, რაც ინტერაქტიულ რეჟიმში ქართველი მწერლების ჩართვასა და მოთხრობის წერას გულისხმობდა. ინოვაციურ პროექტს  მწერლების უმეტესობა დიდი ინტერესით შეხვდა. ამჟამად მას 14 მწერალი შეუერთდა: დათო ტურაშვილი, დავით ქართველიშვილი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა ლდოკონენი, ბესო ხვედელიძე, ნიკუშა ანთაძე, გიორგი კეკელიძე, თეონა დოლენჯაშვილი, მიშა ბახსოლიანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ჯაბა ზარქუა, თამთა მელაშვილი, ნინო თარხნიშვილი და სალომე ბენიძე. თხრობა დათო ტურაშვილმა დაიწყო. ამბავი ჯერ კიდევ 1492 წლამდე ქართველების ინდოეთში მოგზაურობას ეხება, მოგზაურობას, რომელიც დანამდვილებით არავინ იცის როგორ დასრულდა.

 „ჩაძირული გემის ამბავი” უკვე იწერება, 14 თანამედროვე ქართველი მწერალი აქტიურად არის ჩართული მოთხრობის შექმნაში. როგორც ჩანს, დათო ტურაშვილის მიერ შემოთავაზებული შესავალი მწერლებისთვის საინტერესო ხელმოსაჭიდი აღმოჩნდა. აი, უკვე მეხუთე დღეა პროექტი მიმდინარეობს და ამბის, ხუთი მწერლის გაგრძელებაც თქვენს ხელთაა. 14 საუკეთესო მწერალი მკითხველის თვალწინ ქმნის მოთხრობას, რომელიც საბოლოოდ ერთ წიგნად შეიკვრება, ხოლო მკითხველს, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალყურს მოთხრობის შექმნას, შეუძლია თავადაც  გახდეს ონლაინ მარათონის მონაწილე, ჩაერთოს წერის პროცესში, მკითხველისათვის განკუთვნილ განყოფილებაში, სადაც მწერლების გვერდისგან დამოუკიდებლად,  მოყვარულთათვის ცალკე მოთხრობა შეიქმნება.

 “ჩემი აზრით, მკითხველის სვეტი გაცილებით საინტერესო იქნება. მწერლების გაერთიანება უფრო რთულია, მით უფრო, რომ ყველას მკვეთრად განსხვავებული ინდივიდუალიზმი აქვს. მკითხველი გვაჯობებს ამ პროექტში, მე მათ მხარეს ვარ”, აღნიშნავს მწერალი გურამ მეგრელიშვილი. მისი აზრით, ”ეს პროექტი არის  მცდელობა იმისა, რომ ავტორი და მკითხველი უფრო დაახლოვდნენ და თანამედროვე ქართველი მწერლები მეტად პოპულარულნი გახდნენ, ვიდრე დღეს  არიან”.

ინტერაქტიული მოთხრობის შექმნისათვის ბლოგზე მკითხველის დარეგისტრირება ორშაბათიდან უკვე დაიწყო, ყველა მსურველი შესაბამისი აბზაცის ნომერს იღებს, რის შემდეგაც წინამორბედის თხრობას განაგრძობს. “…მტრისას აქ ამბავი ატყდება. ისეთ წყლებს დავატრიალებ, ვინძლო, წყნაროკეანურ სანაპიროს გადავწვდე და თვალეთ მერე ცუნამის სიმძლავრე და მიწისძვრის მაგნიტუდები. 2011 წელი. მარტი. გავცურე!..” (მაკა ლდოკონენი)

 “ დღე მეხუთე და “ხუთზე ხუთი” საინტერესო ამბავი, როგორ გაგრძელდება მოგზაურობა, რა ბედი ეწევა ინდოეთისაკენ მიმავალ ქართველების გემს, მხოლოდ ამბის, ჩაძირული გემის ისტორიის დასასრულს გაირკვევა. მწერალ ბესო ხვედელიძის აზრით, ეს პროექტი ერთგვარი თამაშია, სადაც მწერალს ეძლევა საშუალება საკუთარი ფანტაზიის მოქნილობა და პროფესიული მზაობა გამოავლინოს. “მთავარია, წინა ავტორებმა ბევრი “კუდები” არ დატოვონ, ისეთები, რომლებიც შემდეგში აუცილებელ გაგრძელებას მოითხოვს. რაც ვნახე, უკვე საკმარისია, (პირველი 5 ნაწილი) რომ ამ მოცემულობის გარშემო ვიტრიალოთ”.  ჩაძირული გემის ამბავი თვის ბოლოს დასრულდება. 

 

კომენტარები