ომბუდსმენი: შსს-ს რეაგირება მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი

შსს-ს მიერ 26 მაისის მოვლენებზე განხორციელებული რეაგირება  ”მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი” - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. ”როგორც ჩვენთვის ცნობილია, პასუხისგებაში მიეცნენ მხოლოს ის პირები, რომლებმაც უშუალოდ აქციის დაშლისას გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას,” წერია ომბუდსმენის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან  ოთხი თანამშრომელი დაითხოვეს. შსს-ს ინფორმაციით, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური - რვა თანამშრომელს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-მ სახალხო დამცველს აღნიშნული მოკვლევის შედეგები უკვე გააცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუსახელებია სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელების გვარები.

”აუცილებელია გაგრძელდეს ძიება ყველა იმ ფაქტზე, რომელიც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი და შესწავლის შემდგომ  რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული ფაქტები შეეხებოდა იმ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ცემის ფაქტებს, რომლებიც უკვე აღარ იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე,” ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში ”ჩვენს მიერ დაფიქსირებულ უფლებადარღვევათა ნაწილი შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათზეც განხორციელდეს ადეკვატური რეაგირება და დადგეს უფლებადამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი.”

სახალხო დამცველის აზრით, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული პირების დასჯა ”წინგადადგმული ნაბიჯია და  მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მას პრევენციული ხასიათი ექნება სხვა პოლიციელთა მიმართ.”

 

კომენტარები