
2010 წელს, მთლიანი მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები, 2009 წელთან შედარებით, ერთ შინამეურნეობაზე 4.7%-ით, ხოლო ერთ სულზე 5.8%-ით გაიზარდა. საშუალო თვიური ხარჯების ძირითადი წყარო სამომხმარებლო ფულადი ხარჯებია. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.7%-ით შემცირდა და 70% შეადგინა. 2010 წელს საშუალო თვიური ხარჯი ერთ შინამეურნეობაზე 581.5 ლარი, ხოლო ერთ სულზე – 159.5 ლარი იყო.
2010 წლის წლიური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 4.4 მილიონია, რაც 2009 წელთან შედარებით, 51 ათასი ადამიანით მეტია. 2010 წლის წლიური მონაცემების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 2.4 მილიონია. ეს მთლიანი მოსახლეობის 53%-ია. ხოლო სოფლის მოსახლეობა – 2.1 მილიონი – მთლიანი მოსახლეობის 47%-ის ტოლია. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლები ქალაქში – 41.4 ათასი ადამიანით, ხოლო სოფელში – 9.6 ათასი ადამიანით გაზრდილია.
შარშან ქალაქის მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 176.2 ლარი იყო, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 632.5 ლარი. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 3.9%-ით და 2.6%-ით გაიზარდა.

სოფლის მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე, 2010 წელს, 143.2 ლარი, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 530.3 ლარი გახლდათ. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 8.2%-ით და 7.4 %-ით გაიზარდა.
შარშან სოფლის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების პროცენტულ განაწილებაში ყველაზე დიდი წილი – 45.9% – სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაზე მოდის, ხოლო ყველაზე მცირე – 2.2% – განათლების, კულტურისა და დასვენების კატეგორიაზე. სოფლის მოსახლეობა ჯანდაცვაზე თანხის 11.4%-ს ხარჯავს, ხოლო სათბობსა და ელექტროენერგიაზე – 10.5%-ს.

შარშან ქალაქის მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ სულზე 204.5 ლარი იყო, ერთ შინამეურნეობაზე კი – 733.8 ლარი. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 14.2%-ით და 12.6%-ით გაიზარდა.

იმავე პერიოდში სოფლის მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები, ერთ სულზე 153.4 ლარია, ხოლო ერთ შინამეურნეობაზე – 568.1 ლარი. 2009 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 17.6%-ით და 16.7%-ით გაზრდილია.
სოფლის მოსახლეობის ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების პროცენტულ განაწილებაში, უდიდესი წილი – 27.5% – დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავალზე, უმცირესი კი – 0.6% – ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემული პენსიების, სტიპენდიებისა და დახმარებების წილი – 25.8%-ია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, 2010 წელს სოფლის მოსახლეობამ – 19.9% მიიღო.

ქალაქისგან განსხვავებით, სოფლის მოსახლეობას სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე, საოჯახო მოხმარების საქონელსა და ჯანდაცვაზე, საშუალოდ, 1.2-ჯერ მეტი თანხა, ხოლო განათლებაზე, კულტურაზე, დასვენებაზე, ტრანსპორტზე, გათბობასა და ელექტროენერგიაზე – საშუალოდ, 2.2-ჯერ ნაკლები ეხარჯება.





