მარწყვი, 3D, ამინდი და... უიმბლდონი

შარშანდელ უიმბლდონს 489.946 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. ეს მეორე საუკეთესო შედეგია ყველაზე პოპულარული საჩოგბურთო ტურნირის ისტორიაში. ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ წლეულს 2009 წლის სარეკორდო მაჩვენებელი – 511.043 ქომაგი – გაუმჯობესდება.

შარშან საჩოგბურთო კორტების სტუმრებმა 31.360 კილო მარწყვი მიირთვეს. უიმბლდონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – კენტის საგრაფოს მარწყვი უგემრიელესი ნაღებით – ფინჯანი ორ-ნახევარი გირვანქა ღირდა. ფასი არ შეიცვლება და ტურნირის მესვეურებსაც სჯერათ, რომ ნუგბარი წლეულს უკეთესად გაიყიდება.

შარშან ყველაზე პოპულარული სუვენირი ორი ბურთით დამშვენებული გასაღების ასაცმელი იყო. სულ 18 ათასი ცალი გაიყიდა. იქნება თუ არა ის კვლავ ყველაზე საინტერესო უიმბლდონის სტუმრებისთვის, ძნელი სათქმელია – საორგანიზაციო კომიტეტმა არანაკლებ ლამაზი ნივთები დაამზადა კარსმომდგარი ტურნირისთვის.

გულშემატკივრები, მარწყვი, სუვენირები... ეს ყველაფერი უდიდესი საჩოგბურთო შეჯიბრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ როგორც ყოველთვის, მთავარი მაინც ისაა, თუ რა მოხდება მწვანე კორტზე.

წლეულს უიმბლდონი 125-ედ იმართება და ყველას აინტერესებს:

შეძლებს რაფაელ ნადალი შარშანდელი ტიტულის შენარჩუნებას?

მოახერხებს ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონში დიდი მუზარადის სერიის მეორე ტურნირის მოგებას და რეიტინგში პირველ ადგილზე გადასვლას?

გამოასწორებს თუ არა როჯერ ფედერერი შარშანდელ შეცდომას – მარცხი მეოთხედფინალში – და ფინალში მერვედ გასვლას?

ბოლოს და ბოლოს, გახდება თუ არა ენდი მარეი უიმბლდონის პირველი ბრიტანელი ჩემპიონი 1936 წლის შემდეგ?

გატეხავს თუ არა ნავსს ქალთა პირველი ნომერი კაროლინ ვოზნიაცკი: მოიგებს კარიერაში დიდი მუზარადის სერიის პირველ ტურნირს?
ვინ შეაჩერებს დებ უილიამსებს? 2007 წლიდან დაწყებული, ორჯერ ვენუსმა აღმართა ჩემპიონის სინი, ორჯერაც სერენამ...

ამ და სხვა უამრავ კითხვას დღეიდან, 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაეცემა პასუხი.

უიმბლდონი 2011-ის უკანასკნელ მოვლენამდე – მამაკაცთა ფინალი – ზუსტად ორი კვირაა დარჩენილი, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი შეჯიბრება გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ტურნირის ისტორიაში: ქალთა და მამაკაცთა ფინალები ბრიტანეთში პირველად გადაიცემა 3D-ში!

“ჩვენ გვსურდა საიუბილეო, 125-ე უიმბლდონი მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღგვენიშნა და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ: 2 და 3 ივლისს ყველა, ვისთვისაც 3D ხელმისაწვდომია, ქალთა და მამაკაცთა ტურნირის ფინალებს ამ ფორმატში იხილავს!” – განაცხადა უიმბლდონის კომერციულმა დირექტორმა მაიკ დესმონდმა. მანვე დასძინა, რომ ორივე ფინალი პირდაპირ ეთერში 3D-ში ბრიტანეთის რამდენიმე კინოთეატრშიც იქნება ნაჩვენები.

3D არათუ ჩოგბურთისთვის, ზოგადად ტელემაუწყებლობისთვისაა ახალი ხილი. და რადგან უიმბლდონის ორგანიზატორებმა ეს ნაბიჯი გადადგეს და ფინალების ასე ჩვენება გადაწყვიტეს, სავარაუდოდ, მალე ტურნირის კიდევ რამდენიმე რეკორდიც გაუმჯობესდება: პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს 150 ქვეყანაში და მამაკაცთა და ქალთა გადამწყვეტი პაექრობების სარეკორდო ტელეაუდიტორია – შესაბამისად, 6,8 და 2,3 მილიონი.
და ამინდი?

უიმბლდონის 125-წლიან ისტორიას სულ 7 შემთხვევა ახსოვს, როცა ტურნირი უამინდობის გამო არ შეფერხდა.

შარშან, ისევე როგორც 1922, 1931, 1976, 1977, 1993 და 1995 წლებში, ორგანიზატორებს გაუმართლათ.

საინტერესოა, ახლა რა მოხდება. 
 

კომენტარები