რასმუსენმა რუსეთი ბალისტიკური რაკეტების შექმნისთვის გააკრიტიკა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/rasna.png##fbimage#
 NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ლონდონში, სტრატეგიული კვლევების სამეფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს საკონტინეტთაშორისო  ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად. რასმუსენის განცხადებით, ეს რაკეტები ”აშკარად თავდასხმის სისტემას წარმოადგენს და არა თავდაცვითს.” ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთი  თავისი უსაფრთხოებისთვის  მთავარ გამოწვევად კვლავ NATO-ს და დასავლეთის ქვეყნებს მიიჩნევს, მაშინ როცა „რუსეთის პოტენციური მტრები სულ სხვაგან არიან.” „ასეთი რიტორიკა აბსოლუტურად უსარგებლოა,  ამგვარი აზროვნება ძალიან მოძველდა და ასეთი ინვესტიციები ფულის ფუჭი ხარჯვაა,“ განაცხდა რასმუსენმა. მის თქმით, ალიანსის მიზანს არ წარმოადგენს  რუსეთის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დააყენება.  ”პირიქით, NATO-ს მიზანია რუსეთი აქტიურად ჩართოს  ალიანსთან თანამშრომლობაში,” აღნიშნა რასმუსენმა და დასძინა, რომ ასეთი თანამშრომლობა ყველა მხარის ინტერესებშია და ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” რეალური და არა  აბსტრაქტული თანამშრომლობა პოლიტიკური, თავდაცვითი და პრაქტიკული ინტერესებიდან გამომდინარე.

The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, „აბსტარქტულ საკითხებად“ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მიიჩნია ალიანსისადმი მოსკოვის მოთხოვნა მისცეს იურიდიული გარანტიები, რომ აშშ-ს რაკეტსწინააღმდეგო ფარის განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის უსაფრთხოებას ძირს არ გამოუთხრის. როგორც ცნობილია, ასეთი გარანტიების გაუცემლობის შემთხვევაში, რუსეთი სტარატეგიული შეტვითი შერაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლით იმუქრება. აშშ-მ და NATO-მ რუსეთისთვის ამგვარი გარანტიის მიცემაზე  უარი თქვეს.

 

კომენტარები