რენი ჰარლინის 5 დღე


ფოტო: REUTERS
შეფასება: 0.5/5
"აგვისტოს 5 დღე” არის ფილმი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი პიარი გაუკეთეს. თბილისში პომპეზური პრემიერა მოაწყვეს. ხალხი დიდი ხნით ადრე შეამზადეს ნამუშევრისთვის, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა რუსეთ-საქართველოს ომის რეალური სურათი – აგრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

რენი ჰარლინის ფილმი დოკუმენტური კინოს „შესაფერისი” კადრებით იწყება. ნარატორი მაყურებელს საქართველოს აცნობს და ამ ყველაფერს National Geographic-ის ესთეტიკის მიხედვით აკეთებს. რეჟისორი ნელ-ნელა ფილმის მთავარ პერსონაჟებს, ომის ჟურნალისტებს, ტომას ანდერსს (რუპერტ ფრენდი) და სებასტიანს (რიჩარდ კოილი) გვაცნობს. ორი მეგობარი და კოლეგა საქართველოში ჩამოდის. კონფლიქტურ ზონაში (სამხრეთ ოსეთში) დაძაბული სიტუაციაა. ცხინვალისაკენ მიმავალი ჟურნალისტები ერთ-ერთ სოფელში გაჩერდებიან და ქართულ ქორწილში მოხვდებიან. რენი ჰარლინი აქ ხელს იღებს ფილმის გადაღებაზე და დაახლოებით 10 წუთი ქართული ტრადიციული ქორწილის ჩვენებითაა დაკავებული. კადრები, რომელიც ჯონათან დემეს ნამუშევარს „რეიჩელი ქორწინდება” დაამშვენებდა, ამ სურათში სრულიად ზედმეტია. რეჟისორის ჩანაფიქრი – უცხოელ მაყურებელს ქართული კულტურა გააცნოს – ფილმს დინამიკურობას უკარგავს. პირველი რუსული საჰაერო იერიშიც ქორწილის მიმდინარეობისას ხორციელდება. ანდერსი ქართველი გოგონას, თათიას (ემანუელა შრიკი), სიცოცხლეს გადაარჩენს და მასთან ერთად ცდილობს სამშვიდობოს გასვლას. აქ ომში დანილის (მიკო ნოუსიაინენი) „მეთაურობით” დაქირავებული ჯარისკაცები, კაზაკები, ერთვებიან. რეჟისორი შეეცადა, მათი გამოჩენა შთამბეჭდავი და შიშისმომგვრელი ყოფილიყო, თუმცა ეს ეპიზოდი ფატალურად წარუმატებელი გამოდგა. სცენა, როდესაც გორაკიდან ჯარისკაცები ეშვებიან, ჯორჯ რომეროს „ცოცხალი მკვდრების ღამის” პაროდიას ჰგავს. ანდერსი და სებასტიანი უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვას გადაიღებენ. ისინი ამ კადრების გადარჩენასა და გამოქვეყნებას ცდილობენ.

რენი ჰარლინი „ბაევიკების” რეჟისორია, მაგრამ აქ კარგი ექშენის გაკეთებასაც ვერ ახერხებს. ერთი-ორი „საშუალო” ჰოლივუდური დაბომბვა და სროლის უგემოვნო სცენები – ღიმილისმომგვრელი მცდელობები უცხოელი მაყურებლისთვის საქართველოს გასაცნობად. ანდერსი ჭამს ვაშლს, მერე მოჩანს კატა, ობობა, ისევ ანდერსი შეექცევა ვაშლს, თავთავი – კადრი კადრს მიჰყვება. ყველაფერი მოყვარული რეჟისორის გადაღებულ ნამუშევარს ემსგავსება, რომელმაც ისიც კი არ იცის, ფილმის ქრონომეტრაჟი როგორ გაზარდოს. ჰარლინი ამბობდა, რომ „აგვისტოს 5 დღე” არის  ფილმი ქართველი ერის ტრაგედიაზე, ამ ნამუშევრით პირველ რიგში სწორედ ქართველს უნდა ეგრძნო ის ტკივილი, რაც ამ ომმა მოიტანა. ტრაგედია, უსუსური დრამატურგიისა და დიალოგების გამო, კომედიად იქცევა. ყველა ეპიზოდი, რომელმაც მაყურებელს გული უნდა აუჩქაროს და სევდის ბურუსში გახვიოს, იაფფასიან გრძნობების თამაშს ჰგავს. რენი ჰარლინი არც ცდილობს მაყურებელს პერსონაჟები გააცნოს – შესაბამისად, დაღუპულებისადმი თანაგრძნობა არ გიჩნდება. სამაგიეროდ, რეჟისორი, ეკლესიებისა და ხატების კადრებს ძალიან დიდ დროს უთმობს. 

„აგვისტოს 5 დღეს” იაფფასიანი პროპაგანდაც უწოდეს და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ბრწყინვალე ფილმიც. რენი ჰარლინის სურათი კი არც ერთია და არც მეორე. ნამუშევარში რუსი გენერალი გულკეთილი ადამიანია, რომელიც ქართველ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას დაინდობს. რუსი ჯარისკაცი თავისიანს მოკლავს ჟურნალისტის გადასარჩენად, საქართველოს პრეზიდენტი მუდამ თვალცრემლიანია, ქართველი სამხედრო ეთნიკურად ოსს განსაცდელში ტოვებს, ჯარის კაპიტანი უფროსს არ ემორჩილება, მხოლოდ პატარა გოგონას აქვს მობილური და ინგლისური იცის. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მორიგი ამერიკული B-movie ვნახე. ეს ფილმი ნამდვილად არ გამოდგება მსოფლიოსათვის იმ მესიჯად, რომელიც რუსეთის აგრესიასა და ჩვენს პრობლემებს აჩვენებს.

ნამუშევარი დოკუმენტური კადრებით სრულდება. დაღუპულ ხალხზე მათი ოჯახის წევრები საუბრობენ. უკეთესი იქნებოდა, რენი ჰარლინს რომელიმეს მონათხრობი აეღო, სცენარად ექცია და ის გადაეღო. რა შედეგი მოჰყვა რუსულ აგრესიას ერთი ოჯახისთვის – გაცილებით დრამატული და რეალისტური იქნებოდა, ვიდრე კულმინაციური ეპიზოდების არმქონე ფილმის შექმნა, რომელიც უამრავი პერსონაჟითა და სუსტი სცენარით თავის თავში იხლართება და კვდება. 

ეს არც ქართული „მზის ცრემლებია” და არც „სასტუმრო რუანდა”  – უბრალოდ, რენი ჰარლინის კოშმარია. 

კომენტარები