”დამასკოელი ლესბოსელის ბლოგი” გამოგონილი აღმოჩნდა

სირიელი ”ლესბოსელის ბლოგი”, რომელსაც, თითქოს 25 წლის დამასკოელი ქალი ამინა არაფი წერდა, ფაბრიკაცია აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სინამდვილეში ბლოგს  ედინბურგის უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტი, 40 წლის ტომ მაკმასტერი წერდა.

ბლოგი აღწერდა აშშ-სა და სირიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლესბოსელის ცხოვრებას სირიაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების ფონზე. ბლოგი მკითხველებში, განსაკუთრებით კი უცხოელ ჟურნალისტებში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.  იმის გამო, რომ სირიის ხელისუფლება ქვეყანაში უცხოელ ჟურნალისტებს არ უშვებს, ინფორმაციის მიღება იქ მიმდინარე დაპირისპირებების შესახებ განსაკუთრებით რთულია. ბლოგის ჩანაწერებს მსოფლიოს სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემები იყენებდნენ ციტატების სახით, იუწყება ტელეკომპანია BBC.

გასულ კვირას ბლოგზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამინა არაფი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ”იმედი გვაქვს, რომ ის უბრალოდ ციხეშია და მას არაფერი ცუდი არ შეემთხვა,” წერდა ვებ გვერდზე ამინას ბიძაშვილის სახელით  უცნობი ადამიანი. ბლოგერებისა და აქტივისტების ნაწილმა არაფის გათავისუფლების მოთხოვნით რამდემინე აქციაც გამართა.

ბლოგის ნამდვილობაში მკითხველებმა ეჭვი მას შემდეგ შეიტანეს, რაც გაირკვა რომ ამინა არაფს პირადად არავინ იცნობდა. სირიაში აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია მსგავსი სახელისა და გვარის მქონე აშშ-ს მოქალაქის შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბლოგზე ატვირთული ფოტო ამინა არაფს კი არა, ლონდონში მცხოვრებ გოგონას - ელენა ლეჩიჩს ეკუთვნოდა. ლეჩიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს სირიასთან.

კვირას ტომ მაკმასტერმა ბლოგზე ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ის მკითხველების შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიშს იხდის. ”მიუხედავად იმისა, რომ ბლოგის ავტორის პიროვნება გამოგონილია, ბლოგზე აღწერილი ფაქტები სინამდვილეა და დაუმახინჯებლად არის გადმოცემული სირიაში არსებული მდგომარეობა. არა მგონია, რომ ჩემი ქმედებებით ვინმე გავანაწყენე. მე მგონი შევძელი შემექმნა ინფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ საკითხებში, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” დაწერა მაკმასტერმა.

მან ბოდიში მოუხადა ლონდონელ ელენა ლეჩიჩს მისი ფოტოს გამოყენებისთვის. მაკმასტერის თქმით, მას გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო გარეგნულად ამინა არაფი. ”ერთ დღეს ამ სურათს შემთხვევით წავაწყდი და ვიფიქრე, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა. არ მეგონა ამას თუ ვინმე შეამჩნევდა,” განაცხადა ბლოგერმა.

სირიის ოპოზიციამ მაკმასტერი ბლოგის ფაბრიკაციისთვის გააკრიტიკა. მათი თქმით ამან ოპოზიციონერების საქმიანობას ზიანი მიაყენა. ”ახლა თუ მე ხელისუფლების წარმომადგენლები გამიტაცებენ, ბევრი ამას ყურადღებასაც არ მიაქცევს, რადგან იფიქრებენ, რომ მეც კიდევ ერთი ამინა ვარ,” დაწერა ერთ-ერთმა ბლოგერმა.

კომენტარები