კანონი დეკომუნიზაციის შესახებ

თბილისის ცენტრში, ვაკე-საბურთალოს მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა დღეს, შესაძლოა, არც იცის, რომ სულ 20-იოდე წლის წინ, მათ რაიონს ორჯონიკიძის სახელი ერქვა. ვაკე-საბურთალოს კვეთაში განთავსებული ორჯონიკიძის ძეგლი კი პირველი იყო, რომელსაც საღებავები ესროლეს. და ასე „შერცხვენილი” იდგა მანამ, სანამ კომუნისტური ძეგლების პიედესტალებიდან ჩამოღების ტალღა დაიძვრებოდა. ამის შემდეგ ახალი თაობები გაიზარდა, ვისაც არც ქანდაკება ახსოვს და არც მისი მოთხვრილი თავი. თუმცა, გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის მოშორებას – კიდევ 20 წელზე მეტი, ღია რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარებული ოკუპაცია დასჭირდა. სიმბოლოებთან ბრძოლა დეკომუნიზაციის პროცესის, შესაძლოა, გარეგნული და სიმბოლური, თუმცა ხელშესახები ნაწილია. ეს გზა, ისევე, როგორც ლუსტრაციის კანონების სხვადასხვა ფორმით მიღება, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის უმეტესმა ნაწილმა უკვე გაიარა. იმ კანონით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე, ანუ საბოლოო მოსმენით, გასულ კვირას დაამტკიცა, ქვეყანა დეკომუნიზაციის აღმოსავლეთ ევროპულ განწყობას უერთდება.
თავისუფლების ქარტია, ოფიციალურად, გია თორთლაძის პირმშოდაა ცნობილი. ის პატრიოტთა აქტის და ლუსტრაციის კანონის ერთგვარ შერწყმას წარმოადგენს. გასული წლის შემოდგომიდან, ანუ პირველი მოსმენით განხილვიდან მესამე მოსმენამდე კანონპროექტმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. 

ამ კანონის თანახმად, საქართველოში, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (და არა პრეზიდენტთან, სახელმწიფო კომისიის ფორმით, როგორც ეს თავიდან იყო გათვალისწინებული) სპეციალური კომისია შეიქმნება. საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება ექნებათ. 

კომისიას ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. ერთი მათგანი ყბადაღებულ სიმბოლოებთან არის დაკავშირებული. ის საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების და მოედნების დასახელებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს. ასევე – სხვა საჯარო თავშეყრის ადგილების შესახებ, რომლებიც საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის ელემენტებს თუ მათი იდეოლოგიის ლიდერთა სახელწოდებებს მოიცავენ. მათი აღმოფხრის მიზნით, კომისია ღია ან დახურულ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას. 

კერძო სფეროში ამ კანონის მოქმედება არ იჭრება. შესაბამისად, ეს მუხლი არ გულისხმობს სსრკ-ს წარწერიანი მაისურის ჩამცმელის დაპატიმრებას ან იმ კერძო ეზოს მეპატრონის დასჯას, რომელსაც სახლში სტალინის ბიუსტი უდგას და ბელადის სადღეგრძელოს სვამს. თუმცა, როგორ გადაწყდება საბჭოთა პერიოდის ისეთი ძეგლების და ბარელიეფების ბედი, როგორიც, მაგალითად, ე.წ. იმელის შენობაზე ან პარლამენტზეა შემორჩენილი, ეს კანონიდან ზუსტად არ ირკვევა. ამბობდნენ, რომ ისტორიული ღირებულების ძეგლებთან დაკავშირებით გამონაკლისს დაუშვებდნენ, თუმცა ასეთი გამონაკლისის შესახებ ჩანაწერი კანონში არ მოიპოვება.  

გარდა გარეგნულ-სიმბოლური ეფექტისა, კომისიას ადამიანურ ფაქტორთანაც ექნება შეხება. იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან თანამშრომლობენ სპეცსამსახურებთან, კომისია მონაცემებს შეაგროვებს და შესაბამის რეესტრს აწარმოებს. 
საგულისხმოა, რომ საბჭოთა უშიშროების ქართული არქივი საქართველოში უკვე გახსნილია და მკვლევრებს მისით სარგებლობა შეუძლიათ. თუმცა, ამასთან, საბჭოთა აგენტურის შესახებ ინფორმაცია რუსეთშია გატანილი. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომისიის მიერ მოპოვებული მონაცემები სრულფასოვანი იყოს. კანონი ითვალისწინებს ნებაყოფლობითი აღიარების უფლებასაც, რაც კონფიდენციალური იქნება. მკაცრად არის განსაზღვრული, რომ კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მონაცემებს, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ, უკავიათ კანონით აკრძალული თანამდებობა და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ უარს თანამდებობაზე ერთ თვის განმავლობაში. ინფორმაციის გამჟღავნებისთვის მკაცრი პასუხისმგებლობაა განსაზღვრული.

კანონის თანახმად, თანამდებობრივი შეზღუდვები ე.წ. აგენტების გარდა, საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების და უშიშროების კომიტეტის იმ ოფიცრებს ეხება, რომლებაც უარი თქვეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და მუშაობაზე. ასევე – კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებს, რაიონულ და საქალაქო კომიტეტის მდივნებს, კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრებს, საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს. 

ეს პირები, თუ დღეს მუშაობენ, ერთი თვის ვადაში უნდა გადადგნენ, ან გათავისუფლდნენ კანონით განსაზღვრული თანამდებობებიდან. არ უნდა დაინიშნონ: მთავრობის წევრად, სამინისტროებში მოადგილეებად და დეპარტამენტის ხელმძღვანელებად, საარჩევნო კომისიის და უშიშროების საბჭოს წევრებად, კონტროლის პალატის, ეროვნული არქივის, სტატისტიკის დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის და ზოგიერთი სხვა სამსახურის პირველი რიგის თანამდებობებზე; თავდაცვისა და შს სამინისტროებში, მოსამართლეებად და, ასევე – სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების თანამდებობებზე (რექტორი, პრორექტორი, დეკანი, კათედრის გამგე); საზ. მაუწყებლის პირველ პირებად და სამეურვეო საბჭოს წევრებად. 

ამ ჩამონათვალს პირველი ვარიანტიდან გამოაკლდა საკანონმდებლო ორგანოს წევრობა ან კენჭისყრის აკრძალვა, თუმცა – ერთი პირობით: თუ სახელმწიფო კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც ყოფილი სსრკ-ს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელს წარმოადგენს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში, კომისია მასზე არსებულ საიდუმლო მონაცემებს აქვეყნებს.
ამას გარდა, კანონის პირველი ნაწილი მთლიანად ეძღვნება ტერორიზმთან ბრძოლის ისეთ ფორმებს, როგორიცაა – სახელმწიფო ორგანოთა კოორდინაცია ინფორმაციის, მათ შორის ფინანსურის, გაცვლის თვალსაზრისით; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი, ტერორიზმის დაფინანსების, უცხოეთიდან ფინანსური სახსრებისა და ქონების მიწოდების გამოვლენა და აღკვეთა. თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ეს კანონი გასაკონტროლებელი ფინანსური ნაკადების ზედა ზღვარს (ათი ათას ლარს ზევით) აღარ განსაზღვრავს და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს ეყრდნობა. 

თავისუფლების ქარტიის ამოქმედებამდე უკვე დღეებია დარჩენილი. ბევრს მიაჩნია, რომ მისი მიღება დაგვიანებულია. საბჭოთა ნომენკლატურა საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებიდან უკვე განდევნილია. პრაქტიკული შედეგი, კანონს, შესაძლოა, აღარც ჰქონდეს. თუმცა, მას ისტორიის სწორად შეფასებისა და ამ შეფასებაზე ადეკვატური რეაგირებისთვის, ქვეყნის და საზოგადოების რეალური დეკომუნიზაციისთვის, სულ მცირე – მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს.  

კომენტარები