ლუკაშენკოს დილემა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთში, კერძოდ, პოლონეთში გადაინაცვლა. ქვეყანას მან დემოკრატიის მაგალითი უწოდა, მოსაზღვრე უკანასკნელი ევროპული დიქტატურა კი გააკრიტიკა. ობამამ ბელარუსის სასამართლოს მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტებისთვის გამოტანილი განაჩენი დაგმო. მან ყოფილ პრეზიდენტობის კანდიდატებს პოლიტიკური პატიმრები უწოდა. 
დასავლეთის მიერ ბელარუსის პოლიტიკური იზოლაციის ეკონომიკურმა შედეგებმაც არ დააყოვნა. ქვეყანა გაკოტრების პირას არის.

უფსკრულის წინაშე მდგომ ლუკაშენკოს ორი არჩევანი აქვს: ან რუსეთს დაუახლოვდეს ან დასავლეთთან მოლაპარაკება სცადოს და რეფორმების გატარება დაიწყოს. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი არჩევანს უკანასკნელზე შეაჩერებს.
თუ აქამდე ლუკაშენკო ღიად დასცინოდა აშშ-ის და ევროკავშირის მოთხოვნებს, გასულ კვირას ის პოლიტპატიმრების შესაძლო გათავისუფლებაზე ალაპარაკდა. სანაცვლოდ, ქვეყნის გაკოტრებისგან გადასარჩენად, ფინანსურ დახმარებას ითხოვდა. მან საერთაშორისო სავალუტო ფონდს 8 მილიარდი დოლარის დახმარება სთხოვა. თუმცა, მხოლოდ მისი დაპირების საფუძველზე, ევროპა და აშშ ხელის გაწვდენას არ აპირებენ. ისინი ეკონომიკის რეფორმირებას, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციასა და სამოქალაქო უფლებების სამართლიანად დაცვას მოითხოვენ. ლუკაშენკომ ამ ულტიმატუმებს პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესაძლებლობის უარყოფით უპასუხა.

ეკონომიკური პანიკა ბელარუსის ლიდერს ბევრი ფიქრის დროს არ უტოვებს. იქაური რუბლის 56%-იანმა დევალვაციამ, ფასების მომენტალური ზრდა გამოიწვია. ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება გაძვირდა. ექსპერტების ვარაუდით, სამომხმარებლო ინფლაცია ქვეყანაში 35-40%-ს მიაღწევს. 

23 მაისს, ქვეყანამ 56%-ით შეცვლილი კურსით „გაიღვიძა”. მოსახლეობა ყველაფერს ყიდულობდა, რისი შეძენაც კი შეიძლებოდა, ოღონდ ბელარუსული რუბლი მოეცილებინათ თავიდან. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ეკონომიკურ კრიზისში თავისივე ამომრჩევლები დაადანაშაულა, რომლებმაც მაღაზიებს შეუტიეს და აღნიშნა, რომ „რცხვენია ბელარუსელების გამო”. ლუკაშენკოს მკვახე განცხადებამ რესპუბლიკაში ბევრი გააოცა, პანიკა ხომ სწორედ ხელისუფლების ქმედების გამო ატყდა.

აპრილში, როდესაც სავალუტო ბირჟაზე ეკონომიკური კრიზისი მძლავრდებოდა, ეროვნული ვალუტის კურსი უცვლელი რჩებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები დევალვაციას უარყოფდნენ. მათი იმედები არ გამართლდა, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლო. ბანკებში ანაბრები მილიარდ სამასი მილიონი აშშ დოლარით გაუფასურდა, 600 ათასი ადამიანი იძულებით შვებულებაში გაუშვეს. სავალუტო ჯიხურებში უცხოური ფული – დოლარი, ევრო, რუსული რუბლი, უკრაინული გრივნიც კი საერთოდ არ არის. საბოლოოდ, ლუკაშენკომ აღიარა კრიზისი და ბრძანა: „ყველა საბრძოლო რელსებზე დააყენეთ”, რათა სავაჭრო ცენტრებში მალე საქონლის სრული ასორტიმენტი იყოსო. ის პრემიერ-მინისტრს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოხსნითაც კი დაემუქრა.

ეს მოვლენები, ბელარუსელებისგან განსხვავებით, ეკონომისტებისათვის მოულოდნელობა არ ყოფილა. ქვეყანა, არაერთი წელია, ვალში ცხოვრობს. ამასთან, არჩევნების წინ პრეზიდენტმა ხელფასები სამჯერ გაზარდა, თუმცა ფულის წყარო არსაიდან ჩანდა. „ეროვნულმა ბანკმა საბეჭდი დაზგების მეშვეობით უზრუნველყო ხელფასებისა და ეკონომიკის ზრდა. ეს ავტორიტარულ-ადმინისტრაციული მმართველობის მოდელის შედეგია”, – ახსნა სტანისლავ ბოგდანკევიჩმა, რომელიც 1991-95 წლებში ბელარუსის ეროვნული ბანკის თავმჯდომარე გახლდათ.

მეორე არჩევანი, რომელიც ლუკაშენკოს აქვს, რუსეთიდან დახმარების მიღებაა. რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მინსკშიც კი ჩავიდა. მან სახელმწიფო ობლიგაციების სანაცვლოდ, ბელარუსისთვის 3-მილიარდიანი დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა. პუტინი ბელარუსის გაზის სახელმწიფო კომპანიის 50%-ს ითხოვდა. გარიგება ჯერ არ დასრულებულა, რაც ლუკაშენკოს დასავლეთსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.

კომენტარები