ხალასი ღვინოები ახალი ზელანდიიდან

ბოლო დროს ახალი ზელანდიის ღვინოებზე იმდენს აღარ ლაპარაკობენ, რამდენსაც 5-8 წლის წინ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თეთრი ღვინოების მხარე ვინმეს დაავიწყდა. ძნელია დაივიწყო აქაური სოვინიონებით შთაბერილი მაცოცხლებელი ენერგია, პინო ნუარის იდუმალება და შარდონეების სისავსე. აქაური ღვინო ყოველთვის პროგრესის სიმბოლოდ აღიქმება და აქ არც თამამ ნაბიჯებს ერიდებიან. თუნდაც ხრახნიანი თავსახურის ისტორია გავიხსენოთ, რომელიც სწორედ ამ ქვეყნიდან დამკვიდრდა მსოფლიო მეღვინეობაში. 

ახალ ზელანდიაში მეღვინეობის 10 რეგიონია – ნორსლენდი, ოქლენდი, ვაიკატო და ბეი ოფ ფლენთი, გიზბორნი, ჰოქს ბეი, ნელსონი, ველინგტონი, მარლბორო, კენტერბერი/ვაიპარა და ცენტრალური ოტაგო. პირველი ვენახები აქ XIX საუკუნის 30-იან წლებში ჩაიყარა  და მაშინ ვაზის ლერწები საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შემოიტანეს, სულ მალე კი, ახალზელანდიურმა ვენახებმა და ღვინოებმა თვით ჩარლზ დარვინის მაღალი შეფასება დაიმსახურეს. 

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ღვინის წარმოება ახალ ზელანდიაში ფეხზე დადგა, მოძლიერდა და პირველი სერიოზული დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ, 20-იან წლებში მეღვინეობის აღზევება დაიწყო, რომელიც  მალე „ახალი ზელანდიის ზომიერების საზოგადოების” აქტივისტებმა ჩაახშეს. მათი ძალისხმევით ქვეყანაში მშრალი კანონი მიიღეს, რომელიც კრძალავდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას თითქმის ყველგან, გარდა სასტუმროებისა. ეს მკაცრი კანონი მხოლოდ 1960 წელს შეიცვალა, რამაც ახალი ბიძგი მისცა მეღვინეობის განვითარებას ახალ ზელანდიაში.

მეღვინეობა იქ უაღრესად მაღალი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აქაური მეღვინეები არც ამინდის კეთილშობილების და არც ღვთის წყალობის იმედად არ რჩებიან, მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ და ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად სრულყოფის ყველა შესაძლო საშუალებას იყენებენ – ავტომატიზირებული სარწყავი საშუალებებით დაწყებული – ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით დამთავრებული. სანამ ვენახს ჩაყრიან, ენოლოგები მთელ რიგ გათვლებს აკეთებენ ნიადაგისა და კლიმატური თავისებურებების შესასწავლად და შემდეგაც, მარანში, ღვინო განუწყვეტლივ ყურადღების ქვეშ არის. 
მსოფლიო თავდაპირველად მარლბოროს რეგიონმა გააოცა ახალზელანდიური სოვინიონ ბლანის ფენომენით. ამას მოჰყვა შარდონეს ღვინოები. სულ ახლახან კი ამ საერთაშორისო ფავორიტებს წითელი პინო ნუარიც დაემატა. მოგეხსენებათ, პინო ჭირვეული ჯიში გახლავთ და მისი დაყენება ძალიან ძნელია; თუმცა სწორი და გონივრული მოვლით მისგან განუმეორებელ ღვინოებს მივიღებთ, განსაკუთრებული გემოთი და არომატით. 

ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქაურ სოვინიონ ბლანზე ღირს გაჩერება. ცხადია, იგი არც ლუარას ღვინოს ჰგავს და არც ბორდოს სოვინიონს. მას ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ჩამოუყალიბდა ის განსაკუთრებული რეპუტაცია და ხასიათი, რითაც ნებისმიერი ღვინის მოყვარული გამოარჩევს  – მომწვანო-ჩალისფერი ხალასი ღვინო, ძალზე ეფექტური სურნელებით, სადაც მანგო, გრეიპფრუტი, ნესვი, ანანასი, ლაიმი, მოცხარის ფოთლები და ეკზოტიკური მცენარეების არომატები იკითხება. 

ახალი ზელანდიის ღვინის წარმოება უაღრესად სწრაფი ტემპით ვითარდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კაპიტალის დახმარებით. ვენახების ფართობი იზრდება, ვაზის მოვლის ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო სრულყოფილი ხდება და ეს, რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე აისახება. ისინი მხოლოდ მაღალ ხარისხზე აკეთებენ აქცენტს და მსოფლიო ბაზარზე ღვინო ასეთი ლოზუნგით შეაქვთ – გასინჯეთ ახალი ზელანდია – ჩვენი ღვინოების ფერსა და გემოში ჩვენი უნიკალური ბუნება აისახება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ამ პროდუქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება – ეკოლოგიურობა. „ჩვენ სუფთა მწვანე ქვეყანა ვართ. არავითარი ატომური ენერგია” – ამ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ ახალზელანდიურ ღვინოებთან დაკავშირებით. 

კომენტარები