თეირანმა მერკელის თვითმფრინავს ირანზე გადაფრენა აუკრძალა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თვითმფრინავი ინდოეთში დაგეგმილზე ორი საათით გვიან ჩაფრინდა იმის გამო, რომ ირანის ხელისუფლებამ მერკელის თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის ნებართვა დროებით შეუჩერა. უცხოური მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი იძულებული გახდა თურქეთის თავზე ორი საათის განმავლობაში წრეზე ეფრინა. გერმანიის ოფიციალური პირების თქმით, ირანის ხელისუფლებამ მერკელის თვითმფრინავს ნებართვა მაშინ შეუჩერა, როცა ლაინერი უკვე მიუახლოვდა ირანის საზღვარს.

”მსგავსი არასდროს არაფერი გამოგვიცდია,” განაცხადა მერკელის სპიკერმა ”ეს ყველაფერი, სულ მცირე, უცნაურია,” დასძინა მან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაღებად ირანის ელჩი სამინისტროში დაიბარეს. ”გერმანიის კანცლერის დაყოვნება სრულიად მიუღებელია. ეს არის გერმანიის მიმართ პატივისცემის არქონის დემონსტრირება, რასაც ჩვენ არ მივიღებთ,” განაცხადა გერმანიის მთავარმა დიპლომატმა.

გასულ კვირას ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა თეირანთან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში ”პროგრესის არარსებობის” გამო. 

კომენტარები