ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა. სერჟანტი ივანიაძე პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მისი ცხედარი უკვე გადმოასვენეს საქართველოში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლავროსი ივანიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა, 2007-2008 წლებში ის სამშვიდობო მისიით ერაყშიც იმყოფებოდა.

სერჟანტი ივანიაძე მერვე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. 14 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში 5 მარტს დაჭრილი ქართველი კაპრალი, ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა. კაპრალი ვერსკიანი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა და ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო, მკურნალობას გერმანიაში,  სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.

5 მარტს მომხდარ აფეთქებას ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული 32-ე ბატალიონის კაპრალი, გიორგი ავალიანი ემსხვერპლა. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს. 

კომენტარები