დიდი პრემიერა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

დიდი პრემიერის წინ, რამდენიმე დღით ადრე, ტაბულა ჯანაშიას სახ. ისტორიის მუზეუმის „კულისებში” აღმოჩნდა. მის ფოტოობიექტივში ექსკლუზიურად მოხვდა განახლებული ვიტრინები – ახალი ექსპოზიციით. 

წერტილოვანი განათების ეფექტის საშუალებით, გეგონება, რომ ექსპონატები ვიტრინებში, ყოველგვარი სამაგრების გარეშე, ჰაერში ლივლივებენ. ეს ინოვაციური მასალის – Plas Glass-ის დამსახურებაა, რომელიც განათებას არ ფანტავს და შუქის ობიექტზე კონცენტრირებას ახდენს. მასალა, ისევე როგორც განათება, ექსპონატებისთვის უსაფრთხოა და ვიტრინებში კლიმატ-კონტროლი მაქსიმალურადაა დაცული. ერთად თავმოყრილი ექსპონატების არქაულობა, საბჭოთა არქიტექტურის კვალი და 21-ე საუკუნის საგამოფენო ინოვაციები ახალ სამუზეუმო სივრცეს, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. საბჭოთა ეპოქის სუნთქვა, შეიძლება, ისეთ უმნიშვნელო ყოფით დეტალებზე შეამჩნიოთ, როგორიც ახლად ჩამონტაჟებული ლიფტი ან ინვალიდთა ეტლის პანდუსებია. ან თუნდაც გიდი, განახლებულ ექსპოზიციაზე მის მაგივრობას, უკვე უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკსპლიკაცია ასრულებს. ვიზიტორი თავისუფალია და გიდზე დამოკიდებული აღარ არის. ის ექსპონატების შესახებ ინფორმაციას ადგილზე, მარტივად იღებს. თუმცა ეს ეროვნული მუზეუმის მასშტაბური და სისტემური ცვლილებების ყველაზე მცირე დეტალებია.
 
სხვათა შორის, დღეს ყველა იხსენებს საბჭოთა პერიოდში – 70-იან წლებში – აქ წარმოდგენილ, ამავე არქეოლოგიური საგანძურის გამოფენას. მაშინ იმ ლეგენდარული ექსპოზიციის ავტორები, ცნობილი მეცნიერი და არქეოლოგი – ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი და ასევე ლეგენდარული მხატვარი – ავთო ვარაზი იყვნენ. ვარაზის მიერ აბსტრაქტულად მოხატული უხეში ტილოს ფონზე, ხის მასიურ, დიდმინებიან ვიტრინებში განლაგებული უნიკალური ექსპონატები, ყოველგვარი საბჭოთა სტანდარტიდან გაქცევა იყო. 
 
„მაშინ ყველაფერი სტანდარტული გახლდათ. ფაბრიკები, ერთნაირად მორუხო, სადაც მოყავისფრო ტირაჟირებულ ტილოს ქსოვილს უშვებდნენ. ვარაზმა კი ექსპოზიციისთვის ტილო სპეციალურად მოხატა. მახსოვს, როგორ აზავებდა ფერებს მოლბერტზე და როგორ სვამდა ტილოზე ფონისთვის. ბატონმა ლალიმ კი სრულიად არასტანდარტული ექსპოზიცია შექმნა. მაგ: მუზეუმში შეგეძლოთ გენახათ პირდაპირ გათხრებიდან მოჭრილი მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდის შემცველი ნაგებობის ფრაგმენტი კერიითა და თიხის ჭურჭლით. ეს არა მულაჟი, არამედ ორიგინალი იყო. ასეთი სიურპრიზები გამოფენაზე უხვად იყო. და ალბათ ამიტომაც, ამ გამოფენას უამრავი დამთვალიერებელი ჰყავდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან თუ აღმოსავლეთ ევროპიდან”, – იხსენებს მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი ერეკლე ქორიძე.
 
„გასული საუკუნის 70-იანების შემდეგ, ეს ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის პირველი საეტაპო ექსპოზიციაა. ამჯერად სტანდარტების ნგრევის ნაცვლად, უფრო მეტად აქტუალური 21-ე საუკუნის საგამოფენო სტანდარტებთან ადაპტირება და ახალი სამუზეუმო სისტემის შექმნაა, და ეს საკმაოდ რთული პროცესი, ჩვენ უკვე დავიწყეთ”, – ამბობს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.  
 
ასე რომ, ხუთწლიანი ხარაჩოების შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიდ პრემიერას გვთავაზობს. თავად საგანძურზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, უძველესი ოქრომჭედლობის უნიკალური კოლექცია, მარტივი ეკსპლიკაციების დახმარებით, თავად შეგიძლიათ იხილოთ. ზაფხული მოდის და სამუზეუმო სეზონი დგება. რუსთაველის პროსპექტიდან, უკვე პირდაპირ ჯანაშიას მუზეუმისა და ეროვნული გალერეის საგამოფენო თუ ღია სივრცეებში შეგიძლიათ მოხვდეთ.
 
უახლოესი გეგმები კი ასეთია: 26 მაისს არქეოლოგიური საგანძურის საგამოფენო დარბაზი გაიხსნება, რასაც 28 მაისს ჯანაშიას მუზეუმში მე-19 საუკუნის ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა მოჰყვება. 29 მაისს ეროვნული გალერეა (ცისფერი გალერეა) გაიხსნება. სექტემბრისთვის დაგეგმილია ჯანაშიას მუზეუმის ბუნების ისტორიის საგამოფენო დარბაზის გახსნა, დეკემბერში კი უკვე  შუა საუკუნეების ამსახველი საგამოფენო დარბაზი ამოქმედდება. ხოლო 25 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის საზაფხულო-საველე სკოლაში გეპატიჟებათ.

კომენტარები