საქართველოს მოსახლეობა ყველზე მეტად კვლავ ეკლესიას ენდობა

საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ ამერიკის შეერთებული შტატების  რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის  შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სააგენტოს მტკიცებით, მათ კვლევის შედგები რამდენიმე პარტიისგან მოიპოვეს. „პირველი“ იუწყება, რომ მათ ხელთ არსებული ყველა მონაცემი ერთმანეთს დაემთხვა.  

„პირველის“ მიერ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისგან დამოუკიდებლად  მოპოვებული IRI-ის კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მმართველი პარტიის – "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგმა 33%-მდე დაიწია. რეიტინგებში მეორე ადგილზე 10%-ით კვლავ "ქრისტიან-დემოკრატები" არიან.

"თავისუფალ დემოკრატებს", "ლეიბორისტებს", "ეროვნულ ფორუმს", რომლებიც შემდგომ პოზიციებზე არიან, დაახლოებით 2%-იანი რეიტინგი აქვთ, დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს კი - 1%-ზე  ნაკლები.

„პირველის“ ვერსიით, რესპონდენტთა 97% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს, ხოლო საქართველოს მთავარ მეგობრად გამოკითხულთა 70 %-ს  ამერიკის შეერთებული შტატები მიაჩნია.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი  ნდობით ისევ სარგებლობს ეკლესია, პოლიცია და არმია. შესაბამისია რეიტინგებიც -  93% ენდობა ეკლესიას, 87%  - პოლიციას, 85%  - არმიას.

სოციოლოგიური კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით  IPM ცენტრმა IRI-ის  დაკვეთით აპრილ-მაისში ჩაატარა.  გამოიკითხა სულ 1500 რესპონდენტი. 

კომენტარები